"გაპარული" მილიარდები - კვირის პალიტრა

"გაპარული" მილიარდები

"ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან 4 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსიარალეგალურად გავიდა!"

როგორც ამერიკული ორგანიზაცია "გლობალური ფინანსური ერთიანობა" იუწყება, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან 4 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი არალეგალურად გავიდა. ორგანიზაციის კვლევა განვითარებადი ქვეყნებიდან უკანონო ფინანსური ნაკადების გადინებას სწავლობდა. 4 მილიარდზე მეტი ისეთი მცირე მასშტაბისა და რესურსების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანი დანაკარგია.

არალეგალური ფულადი რესურსების გადინების მოცულობით საქართველო ქვეყნების რეიტინგში 74-სა და 87-ე ადგილებს შორის განთავსდა. დაახლოებით ასეთივე პოზიციაზე არიან სომხეთი და მოლდოვა, მცირედით "გვისწრებს" აზერბაიჯანი. "ჩრდილოვანი ფულის" გადინების რეიტინგში კი პირველი სამეული ჩინეთმა (2,1 ტრილიონი დოლარი), რუსეთმა (427 მილიარდი დოლარი) და მექსიკამ (416 მილიარდი დოლარი) გაინაწილეს.

ნოდარ ჯავახიშვილი (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): - ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელისუფლება ცდილობს, რაღაც გადადოს "შავი დღისთვის", ამიტომ შვეიცარიის ბანკებში თუ ოფშორულ ზონებში არალეგალურად დიდი ფული გაედინება. კარგად ვიცით, რომ უცხოური დახმარებების დიდ ნაწილს ხელისუფლება და მათთან დაახლოებული პირები ითვისებენ. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ მსოფლიოსგან დახმარების სახით 4,5 მილიარდი დოლარი მიიღო და რა სიკეთე ნახა ამით რიგითმა მოქალაქემ? ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკით ამ ფულით ყველა მნიშვნელოვანი დარგის აღორძინება შეიძლებოდა.

მავანთა გაუმაძღრობით საქართველოს ეკონომიკამ ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი დაკარგა. ათი წლის განმავლობაში ეს თანხა, სულ მცირე, ქვეყნის ბიუჯეტის 10%-ია. ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც არ არსებობს საზოგადოებრივი კონტროლი, ძალიან იოლია ფულის არალეგალურად გატანა. მით უფრო, როდესაც შენს ხელშია საბაჟო, აეროპორტი და ბიზნესის ყველა სექტორს აკონტროლებ. მაგალითად, ვინ შეამოწმებს, რა მიაქვს ვანო მერაბიშვილს თვითმფრინავით?

ქვეყნიდან ფულის უკანონოდ გატანის ბევრი გზა არსებობს. მაგალითად, შეიძLლება უსაქონლო ოპერაცია ჩაატარო. ამერიკული ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ექსპორტ-იმპორტი არ ემთხვევა რეალურ გადარიცხვებს. ფულის არალეგალურად გადინების დადგენა მაკროეკონომიკის დონეზეც შეიძლება და ამის დასადასტურებლად სულაც არ არის აუცილებელი ვინმეს უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები შეამოწმო. ეს ისევეა, როგორც ექიმს შეუძლია დაგისვათ დიაგნოზი სისხლის ანალიზის მიხედვით და ფონენდოსკოპი არ გამოიყენოს.

შევარდნაძის მმართველობისას, როდესაც ჩემი კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად (მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი), მავანთა ზეწოლით მაშინდელმა პრეზიდენტმა პარლამენტს მიაღებინა კანონი, რომლის თანახმადაც, თუ უცხოური ინვესტიცია 100 ათასი ლარის ან მეტი ოდენობით შემოვიდოდა საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოში, ხუთი წლის განმავლობაში მოგების გადასახადისგან თავისუფლდებოდა. მაშინვე ვთქვი, რომ ამით ბევრი ბოროტად ისარგებლებდა. ისე აგიხდათ ყველა სიკეთე. ქართული ფული გადიოდა ოფშორულ ზონებში, შემდეგ შემოჰქონდათ რომელიმე უცხოური კომპანიის სახელით და აბანდებდნენ ქართულ საწარმოებში. ხუთი წლის განმავლობაში არც ერთ ქართულ კომერციულ ბანკს მოგების გადასახადი არ გადაუხდია.

KvirisPalitra.Ge- როგორც ვიცი, ქვეყნიდან ფულის გადარიცხვა მკაცრად კონტროლდება...

- რატომაც არა. მართალია, საბანკო გადარიცხვები, ასე თუ ისე, კონტროლდება, 10 ათას დოლარზე მეტი თანხის მოცულობის გადარიცხვის შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო ფულის გამგზავნის, ადრესატისა და თანხის მიზნობრიობით ინტერესდება, მაგრამ მერწმუნეთ, საქართველოში ამასაც იოლად აუვლიან გვერდს. აი, ფულის გათეთრებისთვის კი  ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ყველა წამყვანი ნავთობკომპანია საქართველოში ნავთობს ეძებდა და ვერ პოულობდა.

რა თქმა უნდა, კარგად იცოდნენ, რომ აქ ნავთობის საბადოებს ვერ მიაგნებდნენ, მაგრამ ამით უზარმაზარი ფული კეთდებოდა. ფულის გათეთრების მრავალი შესაძლებლობა ახლაც არსებობს, მაგალითად, არარსებულ ორგანიზაციაში დაბანდება და ამით კაპიტალის ლეგალიზება. საქართველოდან ფულის არალეგალურად გატანის შესანიშნავი შესაძლებლობაა სამხედრო გარიგებებიც. ხშირად ეს საზოგადოებისგან დაფარულია, არავინ იცის, რა თანხა იხარჯება სინამდვილეში თავდაცვის სფეროში. შორს რომ არ წავიდეთ, რამდენი წელია ქართველი საზოგადოება კითხულობს, რა დაჯდა და რა ფულით აშენდა პრეზიდენტის სასახლე, მაგრამ არც ერთ ბიუჯეტში ეს თანხა დღემდე არ არის ასახული.

კორუფციული, უკანონო ფული ხელისუფლებამ აუცილებლად სადღაც უნდა გადადევნოს, შემდეგ კი უცხოური კომპანიის სახელით შემოიტანს და უცხოურ ინვესტიციას დაარქმევს, ნაწილს კი უცხოეთში დააბანდებს. არ გსმენიათ, რომ ქვეყნის მაღალჩინოსნებს სახლები აქვთ უცხოეთში და აგარაკები საუკეთესო კურორტებზე?

დღეს ქვეყანაში კორუფცია იმაზე მეტია, ვიდრე შევარდნაძის მმართველობისას იყო, ოღონდ სახელისუფლებო მმართველობის ყველა რგოლის ნაცვლად, ახლა მხოლოდ ზედა ეშელონებში არსებობს და არალეგალური შემოსავალიც მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის ჯიბეში ჩაედინება. ასეთი გზით მიღებული ფულის საუკეთესო თავშესაფარი კი ოფშორულ ზონაში მდებარე უცხოური ბანკებია.