"ყველა დიასპორას, რომელიც არ თანამშრომლობს სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან, ხელს ვუწვდით" - კვირის პალიტრა

"ყველა დიასპორას, რომელიც არ თანამშრომლობს სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან, ხელს ვუწვდით"

"2006 წლის აგვისტოში რუსეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა რომ ნდომოდა, ერთს ჩაახველებდა და სააკაშვილის მთავრობა ქვეყნიდან უკანმოუხედავად გაიქცეოდა"

"ბატონ ალექსანდრე ებრალიძეს დიდ პატივს ვცემ"

ოპოზიციის რუსეთიდან დაფინანსების თაობაზე ხელისუფლების ლაპარაკს უკვე მივეჩვიეთ (თუმც ამის დამადასტურებელი საბუთი რომ ჰქონდეს ხელისუფლებას, დასჯიდა კიდეც მათ), მაგრამ უცნაური ის იყო, რომ კახა კუკავაზე ოპოზიციონერმა კოლეგამ თქვა, ალექსანდრე ებრალიძე აფინანსებსო. რა ურთიერთობა აქვს ალექსანდრე ებრალიძესთან, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერ კახა კუკავას ვკითხეთ:

- ბატონ ალექსანდრე ებრალიძესთან ჩვენს პარტიას მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ამ პიროვნებას დიდ პატივს ვცემ. რადგან არსებობს კანონით დაწესებული ბარიერები საზღვარგარეთიდან შემოწირულობებზე, ამ ეტაპზე დაფინანსებას არ ვიღებთ, მაგრამ თუ შემოწირულობები იქნება, არც დავმალავთ რესპუბლიკური პარტიისაგან განსხვავებით. ძალიან მაინტერესებს, თუ გაიხსენებენ 2005-2006 წლებში ვინ აფინანსებდა რესპუბლიკურ პარტიას. ვინც აფინანსებდა, მე ვიცი და აჯობებს (და კანონის მოთხოვნაცაა) თავად გააკეთონ ამის დეკლარირება.

ჩვენი პარტია ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის ერთ ოთახშია განთავსებული. დაათვალიერეთ ჩვენი და მერე რესპუბლიკური პარტიის ოფისი და სავსებით ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდებათ, ვინ აფინანსებს რესპუბლიკურ პარტიას? არ უნდა დავემსგავსოთ გიგა ბოკერიასა და გივი თარგამაძეს, რომლებიც ფაქტებზე დაუყრდნობლად აკეთებენ ასეთ განცხადებებს. "პალიტრატვ"-ზე მოვისმინე ლევან ბერძენიშვილის განცხადება ებრალიძის მიერ ჩემს დაფინანსებაზე. მანამდე იგივე მოვისმინე "რეალტვ"-ზე, "რუსთავი 2"-სა და "პრაიმ-ტაიმისგან", მაინტერესებს, ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა ამ წყაროებზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება, სხვა წყაროსგან აქვს ინფორმაცია თუ "რეალტვ-"ია მისი ინფორმაციის ძირითადი წყარო? არა მგონია, მისი განცხადება პარტიული ხელმძღვანელობისაგან იყოს ნაკარნახები. ვფიქრობ, ეს მისი პირადი ინიციატივაა.

საქართველოს პოლიტიკური სპექტრი იცვლება და ეს პროცესი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასრულდება. ეროვნული მოძრაობის შემდგომ ერთხელ ასეთი ეტაპი იყო და ხომ ხედავთ, ერთ დროს გავლენიანი პარტიები ახლა რა ფორმით არსებობენ. არ არის გამორიცხული, დღეს არსებულმა პარტიებმა, რომლებიც თავს ლიდერად და ფლაგმანად მიიჩნევენ, უახლოეს ორ წელიწადში მარგინალიზაცია განიცადონ.

- ალექსანდრე ებრალიძეს ჩვენი საზოგადოება იცნობს როგორც ოდიოზურ ფიგურას. რამ გიბიძგათ მასთან ურთიერთობისკენ?

- ებრალიძეს ოდიოზურ ფიგურად განგებ წარმოაჩენენ, ისევე როგორც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილს. ერთადერთი დიასპორული ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს რუსეთში და არ არის საქართველოს შს სამინისტროს მიერ კონტროლირებადი, ებრალიძის ორგანიზაციაა. ბუნებრივია, მას უფრო ესხმიან თავს.

- მაგრამ, როგორც ამბობენ, ებრალიძეს აქვს კრიმინალური წარსული.

- ალექსანდრე ებრალიძე 30-35 წლის წინ არის გასამართლებული პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო და არა ქურდობაზე, ყაჩაღობაზე ან ძარცვაზე. ვინც ლაპარაკობს ებრალიძის კრიმინალურ წარსულზე, ეს ფაქტებით დაადასტუროს. უხერხულია საქართველოს ხელისუფლება ვინმეს კრიმინალურ წარსულზე ლაპარაკობდეს, მით უმეტეს "მაესტროზე" ნათია მიქიაშვილის გადაცემის გასვლის შემდეგ, როდესაც საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველოს მთავრობაში მინისტრების პოსტებზე მხედრიონელი მკვლელები არიან.

- და მაინც, რატომ გაგიჩნდათ ებრალიძესთან თანამშრომლობის სურვილი?

- ყველა დიასპორას, რომელიც არ თანამშრომლობს სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან, ხელს ვუწვდით. ყველა დიასპორული ორგანიზაცია უნდა გახდეს საქართველოს არაფორმალური საელჩო. დიასპორებს სტრატეგიული სტატუსი ექნებათ. პატარა ქვეყნებისთვის დიასპორა ბირთვული იარაღივითაა. შეიძლება აშშ-ს, საფრანგეთსა და რუსეთს ჰქონდეთ მსოფლიოში დიდი გავლენა სამხედრო პოტენციალის გამო, მაგრამ თუ ისრაელი, სომხეთი და ირლანდია საერთაშორისო ასპარეზზე ამ ქვეყნებს კონკურენციას უწევენ, ამის ძირითადი იარაღი დიასპორაა. ჩვენც გვინდა ქართული დიასპორა ქართული სახელმწიფოს სტრატეგიულ პარტნიორად ვაქციოთ.

- მაშ ვინ გაფინანსებთ?

- დამფუძნებლების შემოწირულობებია ჩვენი დაფინანსების წყარო. დიდი დანახარჯი არა გვაქვს, რადგან ზოგიერთივით აპარტამენტები და სასახლეები არ გაგვაჩნია.

- რატომ გაგიფუჭდათ ურთიერთობა ზვიად ძიძიგურსა და კობა დავითაშვილთან?

- ჩვენ საერთოდ აღარ გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ურთიერთობა გვაქვს. არასწორია ინფორმაცია, თითქოს ჯოხებით დავდევთ ერთმანეთს. მათ თავიანთი გზა აქვთ, მე - ჩემი. ჩემთვის მიუღებელია ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ნებისმიერი ფორმატით. ფაქტია, რომ მათ მოლაპარაკება აქვთ ხელისუფლებასთან, რაც თანამშრომლობას ნიშნავს. "რვიანმა" უარი განაცხადა საპროტესტო აქციების ტაქტიკაზე. ჩემი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა და არა საარჩევნო კოდექსისა.

- რადგან აქციების გამართვას ემხრობით, თქვენი სავარაუდო პარტნიორები "სახალხო კრება" და "ქართული პარტია" უნდა იყვნენ.

- ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ მხოლოდ სიტყვიერ ანონსებს, მაგრამ თუ დაიწყება აქციები, პოლიტიკური ვაჭრობის გარეშე დავუჭერთ ნებისმიერ აქციას მხარს, მიუხედავად იმისა, ვისი ორგანიზებული იქნება.

- წარმოგიდგენიათ, ნინო ბურჯანაძისა და "ქართული პარტიის" კოალიცია?

- ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოში დამპყრობელთან ბრძოლაში მოსისხლე მტრებიც ერთიანდებოდნენ. დღეს საქართველოს ყველაზე საშიში დამპყრობელი ჰყავს - სააკაშვილი და თუ "ქართულ პარტიასა" და ნინო ბურჯანაძეს მართლაც უნდათ მისი მოშორება, აქამდე თუნდაც სულ გამოეფატრათ ერთმანეთი, ახლა უნდა შერიგდნენ, რადგან სასწორის მეორე პინაზე ბევრად მეტი ინტერესი ძევს.

- რვა პარტიის მოლაპარაკება ნაყოფს გამოიღებს?

- ხელისუფლებას მხოლოდ მასობრივი აქციები შეცვლის, რასაც რვიანი გამორიცხავს. არ არის კარგი, როდესაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები აცხადებენ, ვიღაც რევოლუციასა და რუსეთის ჯარების შემოყვანას აპირებსო. არ არის აუცილებელი, ბოკერიასა და თორთლაძეს გაასწრონ ოპოზიციის ცილისწამებაში.

ხომ დავინახეთ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთს საქართველოს ხელისუფლების შეცვლა არ უნდოდა, თორემ ერთი ჩახველება დასჭირდებოდა და სააკაშვილის მთავრობა ქვეყნიდან უკანმოუხედავად გაიქცეოდა. რუსეთს ხელს აძლევს სააკაშვილის რეჟიმი, რადგან მის პრეზიდენტობაში საქართველო ვერასოდეს გახდება ნატოს წევრი. სააკაშვილია გარანტი, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებენ, რადგან არანორმალურ ავტორიტარ მმართველად მიაჩნიათ.

- ითქვა, რომ ალექსანდრე ებრალიძეს პრეზიდენტობა უნდა. გინდათ ის საქართველოს პრეზიდენტი იყოს?

- ალექსანდრე ებრალიძე არ არის საქართველოს მოქალაქე და უახლოეს წლებში კენჭს ვერ იყრის.