"შეთანხმება არ "ტეხავს" - არავინ ჩამოგხსნით ეპოლეტებს" - კვირის პალიტრა

"შეთანხმება არ "ტეხავს" - არავინ ჩამოგხსნით ეპოლეტებს"

"პირველ რიგში, "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, შეთანხმება ცუდი არ არის, არავინ ჩამოგხსნით ეპოლეტებს, თუ შეთანხმება გაფორმდება ყველა იმ საკითხზე, რომელიც დოკუმენტში არის. შეთანხმება არ "ტეხავს", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმ ხუთივე პრინციპულ საკითხზე, რასაც ოპოზიციური სპექტრი აყენებს.

"ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ასე დიდხანს ვერ იქნება ჰაერში ჩამოკიდებული. განცხადება გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი პრინციპული მზაობა დამეფიქსირებინა შეთანხმებისთვის იმ ხუთივე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტშია. ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა დაიძრას და ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯერ მესამე რაუნდი ჩატარდეს. ამ დოკუმენტში {ახალი ტექსტი, რომელსაც ვაშაძის ინფორმაციით, მედიატორები ამზადებენ} უნდა იყოს ხუთივე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტა, მათ შორის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და რიგგარეშე არჩევნების თაობაზე უნდა იყოს კონკრეტული გზა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იყოს. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. მე უბრალოდ ვთქვი ის, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება "სტრატეგია აღმაშენებელს" არ გვიჭირდა და არც არასდროს გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს", - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ: გიორგი ვაშაძემ გუშინ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მომავალ კვირას მედიატორები მხარეებს შეთანხმების ახალ დოკუმენტს შესთავაზებენ. "შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად იქნება!", - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"