„ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან - იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები..." - კვირის პალიტრა

„ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან - იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები..."

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის. პრეზიდენტი წარადგენს მოხსენებას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული ღონისძიებაა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, დეპუტატების გარდა, ესწრებიან დიპლომატები და მთავრობის წევრები, პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლები არ იქნება.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვის დასრულების შემდეგ რიგგარეშე სხდომა დაიხურება.

პარლამენტის სხდომაზე, პრეზიდენტის მოწოდებით, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მდინარე ენგურში დაღუპულთა ხსოვნას.

"არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია", - როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით - "ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით".

"დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს დღე ავირჩიე წლიური მოხსენებისთვის, რამეთუ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა! პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა ის, რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა! მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები და ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას - ქვეყანა გამოცახდებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო გამარჯვება - 70-წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა (დღესაც ვიმკით ამის ზოგ შედეგს) დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები. მესამე იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა - 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე (შეგნებულად არ ვამბობ "ძლიერ") და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო. 9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ (და ამას ხაზ გასმა სჭირდება) ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჩვენს მიერ განვლილი 30 წელი იყო რთული წლები - კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის - მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარების და საკუთარ - ეროვნულ და ევროპულ - გზაზე დაბრუნების! არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა.

"ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია, იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს: ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან, პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს! სწორედ ამიტომ არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება! ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით - როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია. დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და ვიტყოდი, ვაჟკაცობა"

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული "დეტალები". ოპოზიციას კი - იმისათვის, რომ გათავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით.

"ამ უმწვავესი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია არსებული პოლიტიკური დაპირისპირება, პოლარიზაცია და ამ გაყინული მდგომარეობიდან ვერ, თუ არგამოსვლა. ჩვენი უცხოელი პარტნიორები, როგორც ჩანს, ჩვენზე უკეთ ხვდებიან, რამდენად საჭირო და გარდაუვალია ამ კრიზის დაძლევა. მართალი გითხრათ, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს - 9 აპრილს - შევძლებდით კიდევ ერთი აგურის დადებას ჩვენი მომავლისთვის. შევძლებდით საერთო ინტერესების დანახვას და ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორეხარისხოვანის გამიჯვნას, პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არაღრევას და იმის დანახვას, სად და რაზე გადის ჩვენი ჭეშმარიტი ეროვნული და ევროპული გზა! იმედი მქონდა, რომ დღეს ეს დარბაზი იქნებოდა მთლიანი. თუ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა და ეს ასეა, ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც მოგვეცა. არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა, ევროპისთვის და რაოდენ უკვე დაახლოვებული ვართ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, ქვეყანამ ევროკავშირისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო და ასეთი "ჟესტი საქართველოს არ ახსოვს".

"ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და ვფიქრობ, საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასეთ, არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის პერიოდს. მინდა აქ საჯაროდ და მთელი საზოგადოების სახელით, რომელიც პოლიტიკურ ელიტაზე უკეთ აცნობიერებს თუ რამდენად ამ ქვეყანას სჭირდება თავისი მეგობრების გვერდში დგომა, მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფაცილიტატორებს და ვარწმუნო ისინი, იმაში რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ჩაივლის. ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ , არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, ვიტყოდი, ვაჟკაცობა. ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული "დეტალები". და იმედი მაქვს რომ ეს მოხდება. ოპოზიციას კი - იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პარლამენტში იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალური პოლიტიკური მოღვაწეობა სურს.

"ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან - იმით იმხნევებს თავს, რომ არ "დათმო" პრინციპები... თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. ასეთი პრაგმატული და დაბალანესბული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს. და დღეს 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა - შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის! არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"