"ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას არ დავუშვებთ" - კვირის პალიტრა

"ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას არ დავუშვებთ"

რუსულმა მედიამ რუსეთის მთავარი სანიტრის განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსეთის სანიტარიული სამსახური ქართული ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდების აღდგენის საკითხის განხილვას აპირებს.

როგორც გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, ამ საკითხზე მოლაპარაკებას გამართავს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერ კახა კუკავასა და "ნაციონალური გაერთიანების" კონგრესის" პრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკთან.

როგორც ონიშჩენკო აცხადებს, ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნა "ხარისხი და უსაფრთხოებაა". თუ ეს შესრულდება, ქართულ პროდუქციას რუსული ბაზრისკენ გზა გაეხსნება".

როგორ შეხვდნენ ხელისუფლებაში ოფიციალური მოსკოვისა და ქართული ოპოზიციის მოსალოდნელ თანამშრომლობას, ამის გასარკვევად უმრავლესობის წევრს გიორგი ასანიძეს დავუკავშირდით:

- ჩვენი ურთიერთობა თვითონ რუსეთმა შეიყვანა ჩიხში. თავის დროზე რუსეთის მთავარმა სანიტარმა განაცხადა, რომ ქართული ღვინო არ შეესაბამება სტანდარტებს და რუსული ბაზარი ჩაგვიკეტეს. მართალია, რუსეთის ბაზარი ძალიან დიდი იყო, მაგრამ უკვე გამოვნახეთ ალტერნატიული ბაზრები. კარგი იქნება, თუ რუსულ ბაზარზე შევა ქართული პროდუქცია, მაგრამ სახელმწიფოთა შორის შეთანხმებით და არა ოპოზიციასთან მოლაპარაკებით.  ზოგი ოპოზიციონერი ბევრს იღებს საკუთარ თავზე. მხოლოდ ლაპარაკობენ, ჩვენ კი საქმეს ვაკეთებთ. ტყუილია, თითქოს გლეხს მოსავალი ვერ გაუყიდია. ვისაც მოსავლის გაყიდვა უნდა, პრობლემები არ ექნება და ოპოზიცია ამ თემით მხოლოდ სპეკულირებს. სოფელში პრობლემა ის არის, რომ ხალხი მოდის იქიდან. თუ სოფლად არ დაბრუნდა ხალხი, ისე სოფელი ვერ განვითარდება.

- ოპოზიცია საპროტესტო მოძრაობის გააქტიურებას აპირებს. ეს ფუჭი ლაპარაკი იქნება?

- რევოლუციები და არეულობა უკან გადადგმული ნაბიჯია. ამის მოსურნეები წარმატებას ვერ მიაღწევენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფომ არ გადაუხვიოს განვითარების დასავლურ გზას. გამოცხადებულ რევოლუციებს შანსი არა აქვს. ის, რომ საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად არის განწყობილი, იმას არ ნიშნავს, რომ არეულობა და რევოლუცია უნდა.

- იქნებ სჯობდა, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტად ეზრუნა ხელისუფლებას.

- საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ვინც ვერ ხედავს, მისი პრობლემაა.

- ამას წინათ კუკავამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება შაჰ-აბასივით მოექცა სოფელს, გლეხებს ვენახის აჩეხაში ფული გადაუხადაო.

- არ მინდა იმ ოპონენტებზე ლაპარაკი, ვინც ოკუპანტსა და აგრესორთან თანამშრომლობს. მათი გაკეთებული არაფერი არ უნდა ქართველ საზოგადოებას. რუსეთმა ამდენი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას და ვერ გამიგია, პოლიტიკოსთა ნაწილი რატომ ეტმასნება ჩვენი ქვეყნის მტერს. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნება. როდესაც ეს მოხდება, ამის შემდეგ შეიძლება რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე ლაპარაკი.

- ხელისუფლებას კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციაც გაუნაწყენდა რვიანის ფორმატის ჩიხში შესვლის გამო.

- ვერ შევთანხმდებით ოპოზიციასთან იმ საკითხებზე, რაც საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება. პროცესი ჩიხში ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის გამო შევიდა. ხომ ხედავთ, რა განხეთქილებაა ოპოზიციაში, როგორ ლანძღავენ ერთმანეთს? ოპოზიციური რვიანიც არ არის შეთანხმებული ერთმანეთთან.

აქციების გამართვა ოპოზიციის უფლებაა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს უქმნის პრობლემას. აქციები კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს. თუ ვინმე მოინდომებს, რომ ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოს, ამას არ დავუშვებთ.