"ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით ან ვერა" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას - კვირის პალიტრა

"ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით ან ვერა" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

მიუღებელია, დღეს როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიცები, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

ზურაბიშვილის შეფასებით, უმთავრესი გამოწვევაა მთავარი მიზნების ბოლომდე მიყვანა - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია.

"ეს არის გამოწვევა, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან. ყველამ, თეორიულად მაინც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემაზე ჩვენს შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს. 1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ - საქართველოს დამოუკიდებლობის და სახლემწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ. ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით. ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

"მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები. ამ საკითხებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებელობას ქვეყნის მიმართ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, ეს სიტყვა დავასრულო და არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა; მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტისთვის მიუღებელია ისიც, როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები, სოციალურ ქსელების მეშვეობით, ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ვხდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით ან ვერა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია.

"ამ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება, მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა - ყველასი, ვისაც რამე შეუძლია, თუნდაც ვაქცინების მოპოვების კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების, ან პარტიის გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით. ასეთი მიდგომის მაგალითი გვაჩვენა ისრაელმა, ამ პატარა ქვეყანამ, რომელმაც მთლიანობაში კარგად გაიაზრა, რომ სოლიდარობა და ერთიანობა განაპირობებს ეკონომიკის გადარჩენასა და თითოეული ოჯახის ხვალინდელ კეთილდღეობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.