"დასავლეთში ხედავენ, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში ჩართულია გარეშე ძალა"
"დასავლეთში ხედავენ, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში ჩართულია გარეშე ძალა"
"მარტო კრიზისის ჩაცხრობაზეც არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყნის გადარჩენაზე. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ იმ უმძიმესი სცენარის გათამაშება, რაც უკვე გამოვიარეთ და რასაც ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად ტრაგიკული ფინალი ჰქონდა"

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ვერა და ვერ დალაგდა. მეექვსე თვეა ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ვითარების განმუხტვა და შეთანხმება ვერც მას შემდეგ მოხერხდა, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოსარიგებლად საქმეში ევროპული საბჭო ჩაერთო. ორრაუნდიანი მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდგომ ჩვენი დასავლელი
პარტნიორების კრიტიკული შეფასებები არ წყდება. ისინი როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას მოუწოდებენ ქვეყნის ინტერესები დააყენონ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და შემხვედრი ნაბიჯები გადადგან პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. ჯერჯერობით ეს მოწოდებები რჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა... პოლიტიკური ელიტის სიჯიუტე ბადებს ეჭვს, რომ პოლიტიკური ძალების გარდა ამ პროცესში ხომ არ
მონაწილეობენ გარე ძალებიც, რომლებიც ამ ვითარების წახალისებით ცდილობენ საქართველოს დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებას. ამ საკითხით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.


- სამწუხაროდ, ეს ნახევარწლიანი პოლიტიკური სტაგნაცია გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ არა მარტო კონკრეტული პოლიტიკური ძალების დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე, არამედ გარე ძალებიც აქტიურად მუშაობენ ქვეყნის დასასუსტებლად და განვითარების პროცესის, რომელიც პანდემიის გამო ისედაც შეფერხებულია, გასაჩერებლად.

ანალოგიური ვითარება საქართველოს უახლოეს ისტორიაში უკვე გვქონდა, რაც ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვეყანამ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და, როგორც იქნა, მოიპოვა დამოუკიდებლობა, ყველაფერი გაკეთდა ქვეყნის გარედან იმისთვის, რომ აქაური პოლიტიკური ძალები იმდენად დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, საქართველოს დამოუკიდებლობის ავანგარდის შემქმნელი ქვეყნის როლი ვერ შეესრულებინა. როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით. სამწუხაროდ, დღესაც დაახლოებით იმგვარი სურათია, როგორიც მაშინ იყო. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დაპირისპირებული მხარეების რიგებში ჯერჯერობით შეიარაღებული პირები არ ჩანან. თუ ასე გაგრძელდა, ვერ ვიქნებით დაზღვეული ასეთი პირების გამოჩენისგან. მერე ცეცხლის ასანთებად შეიძლება პატარა პროვოკაციაც საკმარისი აღმოჩნდეს.

ჩვენ ვიქეცით ერად, რომელიც შეცდომებით ვერაფერს სწავლობს. ნეტავ ვცდებოდე და ეს ვითარება სულ უფრო მეტად არ დაემსგავსოს 90-იანი წლების დასაწყისის მდგომარეობას. მაშინაც შეიძლებოდა კომპრომისის გამონახვა, მაგრამ ეს მხარეებმა არ მოინდომეს და ეს დაპირისპირებაც ხელშეწყობილი იყო გარე ძალებისგან.

რა, როგორ და საიდან იმართებოდა, უკვე მეტ-ნაკლებად ვიცით. დღესაც იგივე რომ ხდება, რაზეც გაცილებით დიდი ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ, მეტყველებს სწორედ მათი აქტიურობა. მათგან უკვე ლამის განწირულ მოწოდებებს ვისმენთ, რათა როგორმე ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს. კიდევ ერთხელ ვამბობ - იმიტომ კი არ არის დასავლეთის ამხელა ჩართულობა, რომ მაინცდამაინც ჩვენი დიდი სიყვარული აქვთ, არა, დასავლეთს სურს სამხრეთკავკასიურ პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად დაბრუნება, რაც ყარაბაღის მოვლენების შემდგომ ძალიან შეიზღუდა, და დასაბრუნებლად საქართველო მათთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ამიტომაც ამ ქვეყნის რღვევას ისინი ვერაფრით ვერ შეურიგდებიან. რასაკვირველია, ისინი ხედავენ, რომ დღეს საქართველოში შექმნილ ვითარებაში ჩართულია გარეშე ძალა და შესაძლებელია არა ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნიდანაც. ამის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ტორპედირებაა. ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის გულწრფელ პოზიციას მარჯვედ იყენებენ, ახმარენ მას ანგაჟირებული, მოსყიდული ე.წ. მესამე სექტორის წარმომადგენლებს და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მიაქვთ უდიდესი იერიში.

უკვე ისეთი ვითარებაა, საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ ყველაფერზე, მათ შორის მცირე ჰესების საწინააღმდეგოდაც. უკვე ასე სვამენ საკითხს - სჭირდება თუ არა ჰესები საქართველოს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მიზანმიმართული მტრობა.
დღეს ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს დემონტაჟის პროცესს და არა მარტო პოლიტიკურად.

საქართველო არ არის ბელგია, რომელმაც თითქმის ერთწლიან პოლიტიკურ კრიზისს გაუძლო, როდესაც პრემიერ-მინისტრის არჩევას ვერაფრით ახერხებდნენ. ბელგია ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბაზისზე დგას, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ასეთი ქვეყანა. 30 წლის სახელმწიფო ასეთ რყევებსა და დარტყმებს დიდხანს ვერ გაუძლებს. ადრე ვამბობდი, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაიგეს, რამხელა ზიანს აყენებენ ჩვენს სახელმწიფოს-მეთქი, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ მათ ამის გაგება არ სურთ. არ სურთ იმიტომ, რომ სხვა რამით არის დაკავებული მათი გონება. განსაკუთრებით იმ ოპოზიციურ ძალებს ვგულისხმობ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გაგრძელებად იქცნენ და რომლებსაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში იმ შედეგის გამეორების შანსიც კი არა აქვთ, რაც გასული წლის არჩევნებზე მიიღეს. გასაოცარია, ეს ძალები რატომ მოქმედებენ სააკაშვილის კარნახით და თავიანთი თავის საზიანოდ? ვუყურებთ, როგორ იქცევა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და როგორ იზრდება ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური ელიტის მიმართ უნდობლობა. საზოგადოების ამ კრიტიკული დამოკიდებულების გამოძახილი მგონია ის აქციაც, რომელიც 9 აპრილს ევროპის მოედანზე გაიმართა. ეს აქცია არ ყოფილა ვინმეს მხარდასაჭერი, ჩემი აღქმით, ის უფრო მთელი პოლიტიკური ელიტის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.

- თუმცა ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ეს "ქართული ოცნების" წახალისებული შეკრება გახლდათ. ამის თაობაზე განაცხადება მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა, მან აქცია პირდაპირ მმართველ ძალას დაუკავშირა...
- მე რაც ვნახე, იქ სულ სხვადასხვა პოზიციის ხალხი იყო შეკრებილი, ისინი, ვისაც შექმნილი ვითარებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აერთიანებთ. მეტიც, მე იქ დავინახე მთელ პოლიტიკურ ელიტაზე ნაწყენი ხალხი. რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი, ეს ნაკლებად საინტერესოა. ის თავისი პოზიციის გამყარებას ცდილობს, თუმცა აქაც შეცდომას უშვებს. იმის ნაცვლად, ქვეყნის გარეთ მყოფმა ლიდერმა მოუწოდოს საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, შეურაცხყოფს იმ ადამიანებს, ვისი კეთილგანწყობის მოპოვებასაც წესით უნდა ცდილობდეს. როგორც უკვე ვთქვი, იქ სულ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანები იყვნენ, მაგალითად, ვნახე ხალხი "ნამოხვან ჰესის" საწინააღმდეგო პლაკატებით, ასევე რადიკალური ოპოზიციის მოწინააღმდეგეები და ხალხი, ვინც "ქართული ოცნების" მოქმედებებით უკმაყოფილოა...

- საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტას შორის გაჩენილ ნაპრალზე მეტყველებს ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევების შედეგებიც, რომლებშიც ჩანს, რომ პერმანენტულად იზრდება პოლიტიკური ძალებისადმი უნდობლობა. სხვათა შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ჩაშლილი მოლაპარაკების შემედგ თქვა, რომ ქვეყანაში ძლიერია სამოქალაქო სექტორი და მედია, ამიტომაც იმედია, მათი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება გამოსავლის პოვნაო. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია საზოგადოებრივი ინიციატივები მართლაც იქცეს პოლიტიკური ძალების "მოკარნახედ"?
- დანიელსონის განცხადება მე ცოტა სხვაგვარად გავიგე. ვფიქრობ, ის უფრო ე.წ. მესამე სექტორს გულისხმობდა და არა მთელ საზოგადოებას, ამიტომაც მის აზრს ვერ გავიზიარებ. მიმაჩნია, რომ მესამე სექტორმა ამ კრიზისის დროს თავი ვერაფრით გამოიჩინა. მან არათუ კრიზისის განმუხტვისკენ უბიძგა პოლიტიკურ ძალებს, ხშირად ერთ-ერთ მხარედაც გვევლინებოდა, რაც პოლიტიკური კრიზისის ამოწურვას ვერაფრით ვერ უწყობდა ხელს. ჩვენ გვჭირდება ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობა, ისეთი ტიპის აქტივობა, რომელიც კრიზისულ ვითარებაში "გამნაღმველის" როლს შეასრულებს. რასაკვირველია, აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა, რათა კრიზისი ჩაცხრეს. მარტო კრიზისის ჩაცხრობაზეც არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყნის გადარჩენაზე. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ იმ უმძიმესი სცენარის გათამაშება, რაც უკვე გამოვიარეთ და რასაც ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად ტრაგიკული ფინალი ჰქონდა.

- ოპოზიცია 15 მაისის საპროტესტო აქციისთვის ემზადება, შექმნეს სპეციალური შტაბიც და იწყებენ რეგიონებში გასვლას. რას ელით ამ აქციისგან ან ხედავთ თუ არა კიდევ შეთანხმების შესაძლებლობას?
- სამწუხაროდ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების რესურსს ვერ ვხედავ. გახსოვთ, ალბათ, დანიელსონის მისიასაც სკეპტიკურად ვუყურებდი და ჩემი ნეგატიური მოლოდინი გამართლდა.

ჩვენს პოლიტიკოსებს არაფრის გაგონება არ სურთ, მათზე არგუმენტები არ მოქმედებს, არც დასავლური პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლების შეფასებები და მიმართვებია მათთვის საკმარისი.

დღეს ეს მათთვის აღარაფერს ნიშნავს. იმავდროულად, ხალხს ექცევიან როგორც ბრბოს, ჰგონიათ, აბსოლუტურად სულელ ადამიანებთან აქვთ საქმე. დასავლეთის ნებისმიერ გზავნილს ჩვენი პოლიტიკოსები თავისებურად თარგმნიან და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. თუ მათ აკრიტიკებენ, ამას არც ახსენებენ, თუ მოწინააღმდეგეს აფასებენ უარყოფითად, მაშინ ამის ტირაჟირებას ახდენენ. სხვათა შორის, ეს უკვე ჩვენმა პარტნიორებმაც კარგად დაინახეს.

- ბარემ აქვე გავიხსენებ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელმაც პირდაპირ თქვა, პარტიებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის განსაკუთრებული ყურადღება შეუძლიათ არა საქართველოს, არამედ თავიანთი პარტიების სასარგებლოდ გამოიყენონო.
- მეტი რაღა თქვან, როგორ შეგვაგნებინონ, რომ ამგვარი საქციელით ქვეყანას ვაზიანებთ. ასეთი ღია ტექსტებით არც მახსოვს ვინმესთან ელაპარაკათ ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს.

ამის პარალელურად, ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც უკვე გითხარით, ქართველ ხალხს სულელად თვლიან. რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ ხალხმა არაფერი იცის და ვერაფერს ხვდება. არადა, ასე არ არის. ხალხი ყველაფერს ხვდება. ამიტომაც არის ასეთი მასშტაბური იმედგაცრუება პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ. სოციოლოგიური კვლევების შედეგებს მაინც შეხედონ. სულ ტყუილად ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ კვლევების შედეგები არარეალურია, არ ვიცი, შეიძლება არის მათში უზუსტობებიც, მაგრამ ტენდენცია თვალნათელია - ქვეყანაში დღითი დღე ნაკლებად ენდობიან პოლიტიკურ ძალებს. დასავლეთმა არაერთხელ შეგვახსენა და ჩვენც კარგად ვიცით, რომ დღეს მსოფლიოს წინაშე უამრავი პრობლემა და გამოწვევაა. თუ ამხელა ყურადღებას გვაქცევს ევროპა, იმიტომ, რომ ვჭირდებით, მაგრამ თუ ასე გავაგრძელეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა უკვე აღარც დასავლეთს დასჭირდება. ობიექტურად რომ ვთქვათ, დღეს ხელისუფლება ბევრად ამორფულია, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია.

ხელისუფლებამ არ მისცა თავს რადიკალური ჯგუფების შექმნის უფლება, რაც გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ამიტომ მეშინია სამოქალაქო დაპირისპირების. ეს არის ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული, განსაკუთრებით ახალგაზრდული ჯგუფები. როდესაც ვეუბნებოდით საზოგადოებას, არსებობს სპეციალური სასწავლებლები, სადაც ამ ტიპის ახალგაზრდების გაწვრთნა ხდება-მეთქი, ამას ყურადღებას არავინ გვაქცევდა.

დღეს სხვადასხვა დასახელების ახალგაზრდულ ჯგუფებში, რომლებიც მრავლად შვა "ნაციონალურმა მოძრაობამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, გაერთიანებული არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანაზე ჰყავთ დაგეშილი, მათთვის მთავარი დესტრუქციაა. ამგვარი გზით აპირებს რადიკალური ოპოზიცია მიზნის მიღწევას - ნებისმიერი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, არავინ ფიქრობს.

- გასულ კვირას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საანგარიშო მოხსენებით წარდგა პარლამენტის წინაშე. ბევრისთვის მოულოდნელად ის ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო.
- ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის ეს გამოსვლა იყო იმ განწყობების ილუსტრირება, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაშია. უბრალოდ, მან როგორც გამოცდილმა დიპლომატმა მარტივად აუღო ალღო ვითარებას და თავს კრიტიკული განცხადებების გაკეთების უფლება მისცა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო დიპლომატიურად კრიტიკული. სხვათა შორის, ეს გამოსვლა იყო ძალიან სწორი გზავნილი ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით მინიშნება იმაზე, რომ ხელისუფლება ძალიან ჩაკეტილია და დროა გახსნას კარი საზოგადოებასთან საურთიერთოდ. ტელეეთერებში გამოსვლა და ლაპარაკი, რაღაცის ახსნა, საკმარისი არ არის. საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია პირადი ურთიერთობა. სანამ კრიზისი არ შეიქმნება, ვერ ვხედავთ ხალხთან გასულ მინისტრებს თუ მათ მოადგილეებს. ხელისუფლება მხოლოდ ოპოზიციასთან ომით არის დაკავებული, ხალხთან ურთიერთობა კი მეორეხარისხოვან საქმედ აქციეს, რაც არასწორია.

- ქვეყანაში არეულობის პარალელურად, უკიდურესად იძაბება ვითარება რეგიონში. უკრაინა, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი კონფლიქტის პირასაა.
- რუსეთს რომ ამ კონფლიქტის გაჩაღება სურს, ცხადია, მაგრამ მსოფლიოში არიან სხვა ძალებიც, რომლებსაც იგივე უნდათ. ეს ჩანს უკრაინის ხელისუფლების ერთგვარ წახალისებაში. ამ ძალებს შექმნილ ვითარებაში აქვთ თავისი ვიწროპოლიტიკური ინტერესები. მაგალითად, ამ გაგანია დაპირისპირების დროს რატომ წავიდა ზელენსკი ყატარში. რა შუაში იყო ეს ქვეყანა შექმნილ ვითარებასთან? საქმე ის არის, რომ ყატარი არაბულ სამყაროში თურქეთის ყველაზე დიდი მოკავშირეა, თურქეთი კი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა. თურქეთის ხელისუფლება არ ურიგდება ყირიმის დაკარგვას და თავს დებს ყირიმელი თათრების მთავარ დამცველად. სურს შეინარჩუნოს გავლენა ყირიმზე, რაც რუსეთის მიერ მისი ოკუპაციის დროს უფრო გაუჭირდება. ახლა ცდილობს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულზე და ამიტომაც მხარს უჭერს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას - აწვდის იარაღს, დრონებს და სხვა ტექნოლოგიებს იარაღის საწარმოებლად. თუ რუსეთი აშკარად ჩაერთვება კიევისა და სეპარატისტების დაპირისპირებაში, მაშინ აშშ-შიც არიან პირები, რომლებსაც ხელი გაეხსნებათ სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებისთვის.

რა თქმა უნდა, ამერიკა სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ არ ჩაერთვება. ამის გარდა არსებობს უამრავი სხვა ბერკეტი, რომლებითაც დასავლეთს მოქმედება შეუძლია. მოკლედ, იქნება ერთგვარი ძალების მოსინჯვა და რაც შეიძლება მეტი დივიდენდის მიღების მცდელობა არაერთი მხრიდან.

- რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს საქართველოზე?
- თუ ყოველივე ეს მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდა, ჩვენზეც დიდ გავლენას მოახდენს. დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების დროს დიდი დარტყმის საფრთხე ყოველთვის დასავლეთის მოკავშირეებს ემუქრება. სამხრეთი კავკასია და საქართველო ამ მხრივ გამორჩეული არიან. რუსეთისა და ჩვენი სამხედრო დაპირისპირება, დიდი ალბათობით, არ იქნება, მაგრამ ველი სეპარატისტულ რეგიონებში ოკუპანტების გააქტიურებას, რუსული სპეცსამსახურების უფრო მეტად ამოქმედებას და ა.შ.

ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, რუსეთი სამხედრო-პოლიტიკურად სამხრეთ კავკასიაში სერიოზულად დაბრუნდა, თუმცა მას აქვს პრობლემები ცალკე დასავლეთთან და ცალკე თურქეთთან. განსაკუთრებით თურქეთთან, მაგრამ ეს ცხადად არ ჩანს. ერდოღანი მოქნილი პოლიტიკოსია და ერთი მხრივ, ცდილობს იმეგობროს რუსეთთან, მეორე მხრივ კი შეავიწროოს. ჩვენ ამ დაპირისპირების ცენტრში ვართ, თუმცა ამისთვის არ გვცალია - შიდაპოლიტიკური კრიზისით ვართ დაკავებული.

- დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების კიდევ ერთი თემა შავი ზღვის აუზი და მისი უსაფრთხოებაა. მოგეხსენებათ, მიდის ლაპარაკი თურქეთის მიერ მონტრეს კონვენციის გადახედვაზე, რის შემთხვევაშიც არაშავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო ხომალდებს განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ შავ ზღვაში გაჩერება, რაც კრემლს ძალიან აშფოთებს. როგორ ფიქრობთ, ნატო და აშშ წავლენ ვითარების ასეთ გამწვავებაზე?
- დიახ, ვფიქრობ, წავლენ. შავი ზღვა ნატოსთვის სამხედრო-პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია. მონტრეს კონვენციის პირობების შეცვლა იქნება თურქეთის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი დასავლეთის სასარგებლოდ. ერდოღანი ერთდროულად რამდენიმე თამაშს თამაშობს - ერთი მხრივ, ცდილობს დასავლეთი ახლო აღმოსავლეთის თემებში შეზღუდოს, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობაში თავის პარტნიორად აქციოს.

მონტრეს კონვენციის შეცვლა მარტივი არ იქნება, ხელმომწერი არაერთი ქვეყანაა, მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ აშშ-ის მე-6 ფლოტს შეეძლება საერთოდ "დასახლდეს" შავ ზღვაში. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ფუნქცია. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: იცვლება მონტრეს ხელშეკრულება, შავ ზღვაში შემოდის ამერიკული ფლოტი, საქართველოში კი ისევ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე ვდაობთ. ეს ხომ სასაცილო ვითარება იქნება! ამ გლობალური ცვლილებების ეპოქაში მეათეხარისხოვან საკითხებზე მსჯელობით ვართ დაკავებული, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.
ე.შ.
12 აპრილი 2021 19:02
ბატონი მამუკა ჭკვიანი ადამიანია და ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს. ბავშვიც კი ხედავს ვინ არის "გარეშე ძალა''---დასავლეთის იმპერიალისტური ძალები!!! ამ ჭიდილში (რუსეთი/დასავლეთი) იჭყლიტება საქართველო!!! ჩვენი საშველი არ იქნება თუ რუსეთს არ დაველაპარაკებით!!!
მახო
12 აპრილი 2021 12:42
მამუკა არეშიძეს პატივს ვცემ მაგრამ დაოუკიდებელ ქვეყანაში ასეთი რამ არ უნდა მოხდეს,თქვენ გგონიათ გერმანია დამოუკიდებელია, ტრამპმა როგორ უბრძანა მერკელს გადასახადის გაზრდა დაავალა ნატოში,ეს არის დასავლური დამოუკიდებლობა.თუ არ დაბლოკავთ კარგს იზამთ.
aburjga
12 აპრილი 2021 11:42
ჩართულია გარეშე ძალა და ეს ძალა არის დასავლეთი, დასავლეთელი პირსისხლიანი იმპერიალისტები!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები