"პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება ყველა დროის უგუნური გადაწყვეტილებების სამეულში მოხვდებოდა"
"პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება ყველა დროის უგუნური გადაწყვეტილებების სამეულში მოხვდებოდა"
"ოპოზიციამ დაიჟინა, "წიგნი ფიცისა" დაწერა "მთავარი არხის" ეთერში და მორჩა, უკან აღარ იხევენ... არც ხალხი გყავს, არც დასავლეთს უჯერებ და აჩემებული გაქვს რიგგარეშე არჩევნები და რით უნდა შეცვალო რამე?!"

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გვესაუბრება ყოფილი პარლამენტარი, რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით­ ზურაბიშვილი:



- საქმე ცუდად არის და უფრო უარესადაც იქნება. პოლიტიკური კრიზისი­ შექმნილია იმის გამო, რომ ხელისუფლებას­ პოლიტპატიმრების გათავისუფლება­ არ სურს. რეალურად ერთი ადამიანის მმართველობაა, დანარჩენები კი პასუხისმგებლობას არაფერზე იღებენ, ან
ცდილობენ მხოლოდ მისი ბრძანებები შეასრულონ. ეს არის ხელისუფლება, რომლის შეცვლა აუცილებელია... მეორე მხარეს არის ოპოზიცია, რომელმაც თეორიულად ხელისუფლება უნდა შეცვალოს, მაგრამ იქაც არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა. პრაქტიკულად, სუიციდური კამპანია აქვს. დღეს ოპოზიცია თვითგანადგურების პროცესშია, ჯიუტად აგრძელებს ბოიკოტს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. არადა, იცის, რომ ხელისუფლება არ
დათანხმდება. არც დასავლეთი სთხოვს­ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. პრაქტიკულად, დღეს პროცესები ქუჩაშია გადატანილი. 9 აპრილს ხელისუფლებამ კიდევ ახალი სიურპრიზი შემოგვთავაზა და "უცნობი" გააცოცხლა.

- ამ აქციის უკან ხელისუფლებას ხედავთ?
- ეჭვი არ მეპარება, ეს ხელისუფლების აქცია იყო, იმდენად უნიჭოდ იყო ყველაფერი დადგმული. რობერტ სტურუა ბოლო დროს სპექტაკლებს ვეღარ დგამს და რომ ეთქვათ, ამას მაინც დაუდგამდა, 41-ნომრიანი მაისურებით რომ არ ეტარებინათ ხალხი­ და "ოცნების" დროშები არ ეფრიალებინათ.­ ვფიქრობ, ეს არ იყო "უცნობის" იდეა. როგორც გახსოვთ, თავის დროზე ის თავის "კიდობანში" იჯდა და გადაცემები მიჰყავდა, დღეს უცებ მისი გააქტიურება ხელისუფლებიდან მოდის, ეს ღარიბაშვილის სტილია... მოკლედ, ხელისუფლების მხარეს გვაქვს ვაი, იქით კი - უი, და ვართ ასე მხიარულად. თუ ახალი მოთამაშე არ გამოჩნდა, არ არსებობს აქედან გამოსავალი.

- ასეთი გიორგი გახარია შეიძლება იყოს?
- შესაძლოა. ისეთი ვითარებაა, უკვე იმასაც კი აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, გახარია იქნება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოსული თუ აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ამ დაპირისპირების მოდელში ქვეყნის ნორმალური განვითარების სხვა პერსპექტივა არ არის.

- ფიქრობთ, რომ მის უკან ივანიშვილი დგას?
- ამას მისი კომენტარებით უნდა მივხვდეთ. შეუძლებელია ამის დამალვა, როდესაც ღიად ჩაებმება პოლიტიკაში. თეორიულად დასაშვებია, რომ ივანიშვილთან ჰქონოდა კონსულტაციები და მიღებული აქვს მისგან, ასე ვთქვათ, ლოცვა-კურთხევა. ისიც დასაშვებია, თვითონ ცდილობდეს რაღაცის გაკეთებას. თუ უნდოდა გახარია ივანიშვილს, იქ ეყოლებოდა. ასეთი რთული კომბინაციები, მგონი, არ დასჭირდებოდა. ეჭვი მეპარება ეს გათამაშებული იყოს, თუმცა დასაშვები ნამდვილად არის. მეორე მხრივ, არც იმას გამოვრიცხავ, თუ დაინახა, რაღაც ისე არ მიდის, ივანიშვილმა გახარიას გაკონტროლებაც მოინდომოს, რადგან მას არ უყვარს უკონტროლო პროცესები.

- გამოდის, გახარიამ სასურველი მომენტი იპოვა და საზოგადოება მხარს დაუჭერს?
- საზოგადოება ძალიან ჭრელი და მრავალრიცხოვანია. არის ხალხის ნაწილი, "უცნობის" აქციაზე რომ იყო, არის ლიბერალური, მემარცხენე ჯგუფებიც. ამიტომაც საჭიროა რაღაც ნიშის პოვნა.

გახარიამ არ უნდა დაუშვას საბედი­სწერო შეცდომა, რომელიც თავის დროზე ბევრმა დაუშვა, და ისე, რომ პარტიაც არ შექმნას, კენჭისყრა დააპიროს თუნდაც მერის არჩევნებში, თუმცა ამ ვითარებაშიც შეიძლება ბევრი ხმა აიღოს. საბოლოოდ, ეს მაინც არ იქნება მისთვის მომგებიანი - თუ გუნდი არა გყავს, გინდა მერი გახდი, გინდა პრემიერი, პერსპექტივა არა გაქვს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ის აჭრის სიტუაციას. ახლა ოპოზიციური პარტიები სუიციდის რეჟიმში არიან, ამის შემდეგ კი შეიძლება გადაეწყონ და ოპოზიციის ერთიანობა, რომელიც რეალურად თვითმკვლელობისთვის ერთიანობაა, შეიცვალოს.

ახლა ოპოზიციაში რი­გი დგას, რომელი "მოკვდება" ბოლოს. ეს არ უნდა მოხდეს, ოპოზი­ციაში არიან ისეთი ადა­მიანები, რომელთა პოტენციალი ქვეყანას გამოადგება.

- მაშინ რატომ ჯიუტობენ ასე?
- ბევრი ხვდება, რომ პირველ დღეებში გაკეთებული კატეგორიული განცხადებების მძევლები გახდნენ. რიგგარეშე არჩევნების კატეგორიული მოთხოვნა, ძირითადად,­ "ნაცმოძრაობას", "ლელოს" და "ევრო­პულ­­ საქართველოს" აქვს. უფრო მსუბუქი­ პოზიცია აქვს გიორგი­ ვაშაძეს,­ რესპუბლიკური პარტია საერ­თოდ არ არის ბოიკო­ტის მომ­ხრე, უბრალოდ, "ნაცმოძრაობასთან" ბლოკშია და ვერ არღვევს­ შეთანხმებას. იმდენჯერ თქვეს, არჩევნები გაყალბდაო, რომ ახლა დასავლეთს ლამის ეხვეწებიან, რიგგარეშე არჩევნებისმაგვარი მაინც ჩაწერეთ იმ შეთანხმებაშიო.

ხელისუფლებას ურჩევნია ყველა წავიდეს მარგინალიზებისკენ, ყველაფერი სააკაშვილს მიაწეროს და მერე თავი იმართლოს დასავლეთთან, ვეპატიჟები პარლამენტში და არ შემოდიანო. ხელისუფლებამ ნორმალური მდგომარეობა რომ აღიდგინოს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება დასჭირდება. აქ კი "ჭედავს"...

ქალბატონმა პრეზიდენტმა 9 აპრილს ერთი-ორი კრიტიკული სიტყვაც თქვა "ოცნებაზე", მაგრამ ის არ უთქვამს, რომ შეეძლო შეეწყალებინა გიორგი რურუა და ახლა ცოტა სხვა ვითარება იქნებოდა.

- ამ დათმობაზე ხელისუფლება რატომ არ მიდის? მოვისმინეთ, 20 ივნისის ამნისტიაზეც იყო საუბარი ჩანაწერში.
- ვითარებას შეარბილებდა, თუ ოპოზიცია დათანხმდებოდა შეთანხმებას, მაგრამ ამას არ გააკეთებენ­ "ნაცმოძრაობა", უფრო სწორად, სააკაშვილი, "ევროპული საქართველო" და "ლელო". ვაშაძეს რომ ეთქვა, მე ვაწერ ხელსო, მას დაატყდებოდა მთელი რისხვა. გარდა ამისა, ამომრჩეველიც ხომ დგას მათ უკან. ამდენ­ ხანს რომ ეუბნები, არჩევნები გაყალბდაო და ერთ დღეს გამოუცხადებ, ახლა შევდივართ პარლამენტშიო, არ არის ადვილი...

- გამოდის, საკუთარი სიტყვის მძევლები არიან?
- რასაკვირველია, ეს უგუნური გადაწყვეტილება ყველა დროის უგუნური­ გადაწყვეტილებების საპატიო სამეულში მოხვდებოდა, თუ პირველ ადგილზე ვერ გავიდოდა. ასე შეიზღუდო მანევრის სივრცე­ და გადაიყვანო ეს მორალურ-ზნეობრივ ჭრილში, წარმოუდგენელია. დაიჟინეს, "წიგნი ფიცისა" დაწერეს "მთავარი არხის" ეთერში და მორჩა, უკან აღარ იხევენ. ასეთ რაღაცაზე რომ მიდიხარ, 100 000 კაცი მაინც უნდა გედგას­ გვერდით, რომელიც ქუჩაში გამოვა და ზეწოლას მოახდენს ხელისუფლებაზე, მაგრამ ესეც არ არის. არც ხალხი გყავს, არც დასავლეთს უჯერებ და აჩემებული გაქვს რიგგარეშე არჩევნები და რით უნდა შეცვალო რამე? მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, რატომ უნდა დავთმო? ამას დასავლეთიც არ სთხოვს.

- დასავლეთი რას იზამს, გააგრძელებს მუშაობას მხარეებთან თუ თავს დაგვანებებს, ან სანქციებს აამოქმედებს?
- თავს არ დაგვანებებენ. ამერიკამ აღნიშნა, საქართველოს განვითარებისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს გაცემულიო, სინამდვილეში, ორი ამდენია სხვადასხვა გზით შემოსული. როგორ გგონიათ, ამერიკა 10 მილიარდს დახარჯავს და მერე ამას დათმობს? ასე არ ხდება, აქ ჩვენი ინტერესებიც არის. ქართველი საზოგადოებისთვის დასავლეთთან ინტეგრაცია უალტერნატივოა და ამას ყველა გამოკითხვა ადასტურებს. არც ევროპა აპირებს ჩვენთვის თავის დანებებას. სანქციები იქნება, დასჯით დაგვსჯიან.

თუ ჩვენსას არ მოვიშლით, ბელარუსის კატეგორიაში გადავალთ და ბურთი და მოედანი რუსეთს დარჩე­ბა. არ დაგვანებებენ თავს ევროპელები, თორემ ყველანაირად ვიმსახურებთ გვითხრას, მიხედეთ თქვენს თავსო, მაგრამ მას არ აწყობს რუსეთის გაძლიერება. ხომ ვიცით, რომ საქართველო მარტო რუსეთს ვერ მოერევა. რუსეთის ხელში­ ჩავარდნილი ქვეყანა მუდამ მაჩანჩალა იქნება.

- მაინც რა არის გამოსავალი?
- გახარია ან ვიღაც იქსი უნდა გამოჩნდეს, რათა ოპოზიციური ერთობა დაარღვიოს, ოპოზიციაში გადაჯგუფებები კი თავისთავად გამოიწვევს ხელისუფლების ქმედებების შეცვლას და დასავლეთის პოზიციის ცვლილებასაც. დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლების შეცვლა გამორიცხულია.

- მაისში დაანონსებულია აქცია, გაქვთ მოლოდინი, რომ ხალხმრავალი იქნება?
- საერთოდ არა მაქვს არანაირი მოლოდინი. იქნება ის, რაც ადრე იყო. შეიძლება 2-3 ათასით მეტი კაცი მივიდეს და ეს არაფერს შეცვლის. არც ვარ დარწმუნებული, რომ სერიოზული აქცია იქნება.

- თქვენი აზრით, ვინ მართავს დღეს ოპოზიციას, მიშა სააკაშვილი?
- ის ოპოზიციის რეალური ლიდერია... სააკაშვილს არ სურს კოალიციური ურთიერთობა. მომხრეა იყოს პოლარიზება და დაპირისპირება. ყველაზე მეტად მის ინტერესშია, რაც დღეს ხდება. ყველაზე მეტი მხარდამჭერიც ოპოზიციაში სააკაშვილს ჰყავს და, ბუნებრივია, ის აღიქმება წამყვანად, თუმცა არა მგონია, მის ინსტრუქციებზე დადიოდეს ყველა. უბრალოდ, თვითონ ჩაიყენეს თავი ასეთ მდგომარეობაში. ბოიკოტის გადაწყვეტილებით გამოვიდა, რომ სააკაშვილს მიჰყვნენ, არ უნდოდათ, მაგრამ ასე გამოუვიდათ. ერთადერთი "ევროპული საქართველო" ცდილობს თვითონ მოექცეს სათავეში ამ კამპანიას, მაგრამ არ გამოუვა ბოკერიას, ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ ექნება სააკაშვილზე მეტი ხმა.

- თქვით, გახარია წააგებს, თუ არ შექმნის­ ძლიერ გუნდსო. ამბობენ, რომ არც პრემიერობის დროს ჰყავდა თავისი გუნდი. მისი გამოჩენა "ოცნებაშიც" ხომ არ არევს სიტუაციას და მომხრეები პარლამენტში ხომ არ გამოუჩნდება?
- მისი მომხრეები შეიძლება გამოჩნდნენ. გააჩნია, რას იზამს და ვის დაიყენებს გვერდში. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მას აქვს რეიტინგი, მაგრამ ამის კაპი­ტალიზაციას როგორ მოხდენს, არ ვიცით. ამას მაშინ დავინახავთ, როცა გამოჩნდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები