"მმართველი გუნდი დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად მზად იყო და ახლაც მზად ვართ!" - კვირის პალიტრა

"მმართველი გუნდი დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად მზად იყო და ახლაც მზად ვართ!"

"ვადამდელი არჩევნები არ არის გამოსავალი, იმიტომ, რომ შედეგი იგივე იქნება"

საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელებმა და ქართული დელეგაციის წევრებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერალდ კონოლიმ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური ვითარება კვლავ ღრმა შეშფოთების მიზეზია. მან დაადასტურა ასამბლეის მუდმივი მზადყოფნა "ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე მხარი დაუჭიროს საქართველოს. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ჯერალდ კონოლიმ წინდაუხედავი და უპასუხისმგებლო ქმედებები უწოდა, დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა. რას აპირებენ პოლიტიკური აქტორები კრიზისის დასასრულებლად და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გვესაუბრება:

- ვიზიარებთ როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს და მადლიერებას გამოვხატავთ მედიაციის ასეთი მაღალი დონის გამო. რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, სრულად გვაქვს გათავისებული და ეს კარგად იციან დასავლელმა პარტნიორებმაც.

ჩვენ მზად ვიყავით ხელი მოგვეწერა დანიელსონის დოკუმენტისთვის, მხოლოდ მცირეოდენი კორექტივების შეტანა გვსურდა სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შესახებ. ოპოზიციამ უარი თქვა დოკუმენტზე ხელის მოწერაზე იმ მიზეზით, რომ მასში არ იყო საუბარი ვადამდელ არჩევნებზე. შესაბამისად, დღის წესრიგში აღარ დადგა ჩვენ მიერ ინიცირებული საკითხები.

მმართველი გუნდი დანიელსონის დოკუმენტის განსახილველად და მასზე ხელის მოსაწერად მზად იყო და ახლაც მზად ვართ.

- ოპოზიციონერი ლიდერებიც ამბობენ, რომ მზად არიან დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდის, სხვა შედეგს ვიღებთ. დასავლელმა პარტნიორებმა მიგვანიშნეს, რომ ოპოზიციაზე ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ფიქრობს თუ არა ხელისუფლება სტრატეგიაზე, რაც კრიზისის დასრულებაში დაეხმარება? - მესმის, რომ საზოგადოებაში გარკვეული ეჭვებია. თუმცა ოპოზიციონერი ლიდერები აღიარებენ, რომ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, ვინაიდან მასში ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ იყო. დღეს ამბობენ, თანახმა ვართო. ტყუილია, არ არიან თანახმა. მათთვის მიუღებელი იყო მედიატორის დოკუმენტი, არც განიხილეს. ჩვენ კი სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას წარმოვადგენთ და მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მზად ვართ კომპრომისებისთვის და მოცემულ დოკუმენტში არსებულ ხუთივე პუნქტზე ხელის მოწერისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი რეკომენდაციები სასამართლო და საარჩევნო რეფორმის შესახებ გათვალისწინებული არ იქნება.

ოპოზიცია ამბობს, სამ პუნქტზე შევთანხმდითო. იმ სამ პუნქტზე ისედაც შეთანხმებული ვიყავით, მთავარი სირთულე ის იყო, რომ ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდნენ, ეს საკითხი კი საერთოდ არ იყო დოკუმენტში.

- კომპრომისისთვის თქვენი მზაობა რაში გამოიხატება, როდესაც ოპოზიციის ორ მთავარ მოთხოვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს, არც განიხილავთ? - ვადამდელი არჩევნები ვერ იქნება კომპრომისის საგანი. რატომ? პასუხი მარტივია. ვადამდელი არჩევნების ჩატარებას კონკრეტული მიზეზი ან სამთავრობო კრიზისი სჭირდება. ის, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, თუნდაც სამ ან ოთხ პოლიტიკურ ჯგუფს, არ მოსწონს არჩევნების შედეგები, ვერ გახდება ახალი არჩევნების საფუძველი. იმიტომ კი არა, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს ამის გაკეთება, ეს საშიში პრეცედენტი გახდება ქვეყნისთვის.

თუ ერთხელ მაინც დავუშვებთ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დავნიშნავთ ვადამდელ არჩევნებს, რა გარანტია გვექნება, რომ ახალი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სხვა პოლიტიკური ჯგუფიც არ იტყვის, ახლა მე არ ვარ კმაყოფილი და მაშინ თუ დანიშნეთ, ახლაც დანიშნეთო? ამით ნებისმიერ პოლიტიკურ მოთამაშეს საშუალებას ვაძლევთ დაუსაბუთებლად მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები.

- ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ მართალია ქვეყანაში კლასიკური სამთავრობო კრიზისი არ არის, მაგრამ მმართველი პოლიტიკური პარტია ვერ ახერხებს იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. - დიახ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისია და ამაში ბრალი მიუძღვის ოპოზიციას, რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წლის 31 ოქტომბრის ღამეს, როდესაც არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რადიკალური სცენარით წასვლა გადაწყვიტა.

- ეს გასაგებია, მაგრამ ხალხს უნდა და უცხოელი პარტნიორებიც მოითხოვენ, რომ დასრულდეს შიდაპოლიტიკური კინკლაობა და ხელისუფლებამ მთელი რესურსი გამოწვევებთან გამკლავებას მოახმაროს. - ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებთან გამკლავება როგორც ჩვენი ხალხის, ასევე დასავლელი პარტნიორების სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა და ამას ვაკეთებთ კიდეც ყოველდღიურად: ვებრძვით პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, საგარეო გამოწვევებს და პარალელურად გვიწევს უაზრო პოლიტიკურ კინკლაობაში მონაწილეობა.

საუკეთესო გამოსავალია ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა. ამით დასრულდება პოლიტიკური კრიზისი და ერთად დავიწყებთ ბრძოლას პანდემიისა თუ სხვა გამოწვევის წინააღმდეგ.

იქ გვაკრიტიკონ, მიგვითითონ, სადაც ვმუშაობთ არასწორად. ვადამდელი არჩევნები არ არის გამოსავალი, იმიტომ, რომ შედეგი იგივე იქნება. ეს ოპოზიციას ისევ არ მოეწონება, ისევ არ შემოვა პარლამენტში და პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება.

- ფიქრობთ თუ არა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება შეიძლება წინგადადგმული ნაბიჯი იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების საქმეში? პირადად თქვენ რას ელოდებით 13 აპრილისგან? - არ ვიცი, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა მელიას საკნის გასაღები ხელში უჭირავს. გასაგებია, რომ მისი გათავისუფლება კრიზისს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც სასწორის მეორე პინაზე კანონი დევს? ადამიანი, რომელიც უხეშად არღვევს კანონს, ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. მელიას სამაჯური რომ არ მოეხსნა და გადაეგდო, ან მერე გირაო გადაეხადა, ახლა ციხეში ხომ არ იჯდებოდა?!

- აღიარებთ, რომ ნიკა მელიამ მმართველი გუნდი გამოიწვია და ანკესზე წამოაგო? - ნიკა მელიამ მმართველი გუნდი ნამდვილად გამოიწვია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ანკესზე წამოაგო. უბრალოდ, ორი არჩევნის, ცუდის და უარესის წინაშე დაგვაყენა. ცუდი იყო მელიას დაპატიმრება, თუმცა უარესი იქნებოდა, რომ მისი გამოწვევა სამართლებრივი ზემოქმედების გარეშე დაეტოვებინა. საქართველოში 50 კაცი ატარებს ელექტრონულ სამაჯურს. რა პასუხი უნდა გაგვეცა თუნდაც მათთვის? სამართლებრივი სისტემის ჩამომხობა იყო მათი გათვლა. ჩვენ გავაკეთეთ ცუდი არჩევანი, სხვა გამოსავალი არ გვქონდა.

- რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, რომ მუშაობთ ქვეყნის გარედან მომავალი საფრთხეების ასარიდებლად. სულ ახლახან საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას 4 ქართველი დაიღუპა. მანამდე დათა ვალიშვილის დატირების საშუალება არ მიეცა ოჯახს, კიდევ უფრო ადრე რუსმა სამხედროებმა ზაზა გახელაძე მძიმედ დაჭრეს და დააკავეს ჩვენივე კონტროლირებად ტერიტორიაზე და ახლა მას 12 წელი აქვს მისჯილი. ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება თუ მოჰყვება და რას აკეთებს სახელმწიფო ზაზა გახელაძისთვის? - სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ ძალიან შეზღუდული გვაქვს ბრძოლისა და ზეწოლის ბერკეტები. ჩვენს ხელში ერთადერთი იარაღია, სიმართლე და საერთაშორისო მხარდაჭერა.

ტრაგედიაა, რომ 4 კაცი დაიღუპა საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას. ეს იმის შედეგია, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ ყველა გადმოსასვლელი ჩაკეტა, ან საერთოდ არ უშვებს ენგურს გამოღმა ან დამცირების, შეურაცხყოფისა და ფულის გამოძალვის სანაცვლოდ უშვებს. ჩვენი პასუხი ამაზე იქნება საერთაშორისო საზოგადოებრიობის მუდმივი ზეწოლა. ჩვენ უკვე მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ. ახლა ჰააგაში ვიბრძვით, რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე, სულ ეს არის.

რაც შეეხება ზაზა გახელაძეს - მისი დაპატიმრება და 12-წლიანი სასჯელი იყო პასუხი ჩვენ მიერ სტრასბურგში მოგებულ სასამართლოზე. პატიმრობის ამხელა ვადა მანამდე უკანონოდ დაკავებული არც ერთი ქართველისთვის არ მიუსჯიათ. მისი გათავისუფლების საქმეში ჩართული გვყავს ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს მისიები. ამ საკითხს მუდმივად ვსვამთ ჟენევის ფორმატზეც. არ მოვეშვებით, ყველგან და ყოველთვის შევახსენებთ ოკუპანტებს, რომ ზაზა გახელაძე უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული. იმედია, ჩვენი ძალისხმევა ნაყოფს მალე გამოიღებს.

- ასეთივე იმედი თუ გაქვთ, რომ შიდაპოლიტიკური კრიზისი დასრულდება და საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებში მაინც იქნებით ერთიანი?

- არა მგონია, მთელ ოპოზიციურ სპექტრს სურდეს შეთანხმება, მაგრამ იმედია, ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილთან შეთანხმებას მივაღწევთ.

ხათუნა ბახტურიძე