"ამ სამეფოს წარმომადგენლები არიან "გირჩის" პოლიტიკოსები" - კვირის პალიტრა

"ამ სამეფოს წარმომადგენლები არიან "გირჩის" პოლიტიკოსები"

"გირჩის" სამეფოს ვაკეთებთ, სადაც ჩვენი ფულადი ერთეული გვექნება, დავის განმხილველი გვეყოლება, რომელიც ჩვენ შორის კონფლიქტებს მოაგვარებს", - ამბობენ "გირჩის" ლიდერები. მათი თქმით, "გირჩის" სამეფო თავისუფალი ადამიანების სივრცეა, მას მეფეც ჰყავს - ჰერმან I საბო. ამ უცნაური იდეის შესახებ უფრო ვრცლად "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი გვესაუბრება:

- დიახ, არ ვხუმრობთ, რეალური ამბავია. ჩვენს ორგანიზაციას დავარქვით "გირჩის სამეფო", სადაც ვართ ადამიანები, რომლებიც ერთ საქმეს ვაკეთებთ. ამ ორგანიზაციას აქვს პარტია, რელიგიური ორგანიზაცია. შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის არასამთავრობო ორგანიზაციაც.

ამ სამეფოს წარმომადგენლები "გირჩის" პოლიტიკოსები არიან.

გადაწყვეტილებებს იღებენ არა საყოველთაოდ სამეფოს წევრები, არამედ იმისდა მიხედვით, ვის რა დამსახურება აქვს სამეფოს წინაშე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ფულადი ერთეული და სასამართლო. თუ ერთმანეთთან გაურკვევლობა შეგვექმნა, მურუსიძის სასამართლოში არ წავალთ, ჩვენი სასამართლო გაგვარიგებს. იმ პრობლემებს, რომელთაც ვერ ერევა საქართველო, გვინდა ჩვენს შიდა საზოგადოებაში დავტესტოთ მცირე მასშტაბით. თუ გამოგვივა, დიდ საზოგადოებასაც გავუზიარებთ.

ძალიან დავიღალეთ ამ ქაოსით, გვინდა ეს ყველაფერი დამთავრდეს. თუ შეთანხმდებიან, კი ბატონო, ჩვენც გაგვიხარდება და შევუერთდებით, თუ ვერ შეთანხმდებიან, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს.

- მთელი სამყარო დემოკრატიისკენ ისწრაფვის, რა დროს სამეფო და მეფეა? - ეს ხომ სიმბოლურია?! ჩვენი კონსტიტუციით კრიზისის დროს მმართველობას მეფე და მთავარი მღვდელმსახური იღებენ. მაგალითად, კრიზისში აღმოვჩნდით, როდესაც "ჯაფარა" წავიდა ჩვენგან. მაშინ სწორედ მეფემ და მთავარმა მღვდელმსახურმა დაგვაყენა ფეხზე. ეს ერთი და მეორე - ეს თანამდებობები სიმბოლურია. წარმოიდგინეთ საკონსტიტუციო მონარქია, დაახლოებით იგივე ხდება ჩვენთანაც.

- მეფეს რა პრინციპით აირჩევთ? - ჩვენ მეფე პირველივე დღიდან გვყავდა - ჰერმან საბო.

- ჩვენ კი გვეგონა ზურა ჯაფარიძე ხუმრობდა, როდესაც ამბობდა, რომ თქვენი მეფე ჰერმან საბოა. - დიახ, ეს ხუმრობის ნაწილი იყო, მაგრამ ჰერმან საბო "გირჩის" შექმნის პირველი დღიდან არის ჩვენი ჯგუფის ადმინი. თუ რამე შეუძლია გააკეთოს მეფეს, მთელი ხუთი წლის განმავლობაში ავტომატურად აკეთებდა ჰერმან საბო, ლევან ჯგერენაია კი ბიბლიური მსახურების მთავარი მღვდელმსახურია და ყველაზე კეთილ საქმეს აკეთებდა. დღეს რომ ჩვენ სამეფო გვაქვს, მათი დამსახურებაა.

- სამართლის აღსრულებას როგორ აპირებთ, ან თქვენი ფული სად უნდა გამოიყენოთ? - ჩვენი წესებით დამნაშავისთვის ყველაზე მძიმე სასჯელი "გირჩის" სამეფოდან განკვეთა იქნება. რაც შეეხება ფულის ერთეულს, ეს არის ქართული დოლარი, ანუ "ჯედი". ეს ვალუტა ორი წელია გვაქვს და მას ვიყენებდით პრაიმერის, საპარლამენტო არჩევნების დროს. ვაპირებთ ისე განვავითაროთ, რომ მთელი მსოფლიოდან იყოს შესაძლებელი ვაჭრობა. დაახლოებით ისეთი ვალუტის შექმნა გვინდა, როგორიც ბლოკჩეინ-სისტემაზე დაფუძნებული ვალუტაა.

ხათუნა ბახტურიძე