"პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ!" - კვირის პალიტრა

"პოლარიზაცია უნდა დავასრულოთ!"

"პროცესი უნდა დაიძრას და ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. თუმცა იმავეს "ოცნებისგან" არ ველი. რადგან არ შეიძლება მოლაპარაკებას მართავდე, შედეგზე იყო ორიენტირებული და მძევლებს იტოვებდე"

"პარტნიორები ახალ დოკუმენტს წერენ, ბატონი დანიელსონი მალე ისევ თბილისში იქნება, მე უკვე მოჯადოებული წრის გახსნის მოლოდინში ვარ. მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ველი: შეიძლება უახლოეს დღეებში დასახელდეს მესამე რაუნდის დაწყების თარიღი, შეიძლება დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი ან დაინიშნოს პირდაპირ მოლაპარაკება", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. რა აძლევს ასეთი მოლოდინის საფუძველს, გიორგი ვაშაძე გვესაუბრება. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც მმართველი გუნდი კონსტრუქციულ ოპოზიციონერად მიიჩნევს და გაბედული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს...

- წარმოდგენა არა მაქვს, რას გულისხმობდა არჩილ თალაკვაძე, როდესაც ჩემს კონსტრუქციულობაზე საუბრობდა. არც ის ვიცი, რა ნაბიჯის გადადგმას ელის ჩემგან. ჩვენ ყველგან საჯაროდ ვამბობთ, რომ ძალიან გვინდა შეთანხმება. გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას "ქართულმა ოცნებამ" და არ იყოს ხისტი და დესტრუქციული. კრიზისი აქამდე სწორედ მათი ხისტი პოლიტიკის შედეგად მივიდა.

შეთანხმება და კომპრომისი არ ნიშნავს, რომ მე წავაგე და სხვამ მოიგო. პირიქით, სწორედაც კომპრომისებზეა აგებული ნამდვილი პოლიტიკა. დასავლელი პარტნიორები ზეწოლას ახდენენ "ქართულ ოცნებაზეც" და ჩვენზეც, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი საზოგადოების განწყობაა. ხალხს სურს პოლიტიკოსები შევთანხმდეთ.

დღევანდელი ვითარება დიდხანს ვერ იქნება ჰაერში ჩამოკიდებული. სანამ ნორმალური კომპრომისული შეთანხმების დროა, მანამდე უნდა მოხდეს, მერე შეიძლება გვიანი იყოს. არ გვინდა აშლილობები, არეულობები, უნდა შედგეს შეთანხმება და საგზაო რუკა, როგორ გამოვალთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ერთ დღეში ვერ გამოვალთ - ჯერ იქნება შეთანხმება, შემდეგ მისი იმპლემენტაცია და ა.შ.

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მოჯადოებული წრე გაიხსნება? - ფასილიტატორებთან და არა მარტო მათთან გამართული საუბრები. ძალიან ბევრს ვესაუბრე როგორც ბრიუსელში, ისე ვაშინგტონში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოს საკითხი ძალიან აქტუალურია. დახურულ კარს მიღმა ზეწოლაც არის, რჩევაც და პოზიციების გაცვლაც. ყოველივე ეს გაცილებით ღიად და პირდაპირ ხდება, ვიდრე საჯარო სივრცეში. იმდენი ხანია ამ ელჩებსა და ფასილიტატორ-მოდერატორებთან გვაქვს ურთიერთობა, რომ ნახევარი სიტყვით უკვე ვიცით, ვინ რას და როგორ ფიქრობს. რამდენიც ჩვენ მივდივართ არგუმენტებით, იმდენი უკუარგუმენტები გვხვდება.

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რა კომპრომისზე უნდა წავიდეს ოპონენტი, თუმცა ძალიან უჭირთ იმის დაკონკრეტება, თავად რას დათმობენ. თქვენ რა ტიპის კომპრომისისთვის ხართ მზად? - ჩვენ ძალიან თანამიმდევრულები ვართ - კომპრომისი უნდა შედგეს შარლ მიშელის დოკუმენტზე; მესამე რაუნდი უნდა გაგრძელდეს იმ ხუთივე პრინციპულ საკითხზე, რომელთაც ოპოზიციური სპექტრი აყენებს. პროცესი უნდა დაიძრას და ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ საამისოდ მზად ვართ, თუმცა იმავეს "ქართული ოცნებისგან" არ ველი. რატომ? იმიტომ, რომ არ შეიძლება მოლაპარაკებას მართავდე, შედეგზე იყო ორიენტირებული და მძევლებს იტოვებდე.

- როგორ ფიქრობთ, 13 აპრილს ნიკა მელიას გაათავისუფლებენ? - არა მგონია, შეთანხმების გარეშე რამე ნაბიჯი გადადგას "ქართულმა ოცნებამ". მძევლებით საუბარი მათი სტრატეგიაა.

- როგორი შეიძლება იყოს დოკუმენტი, რომელზეც ახლა, თქვენი თქმით, დასავლელი პარტნიორები მუშაობენ? - შემიძლია გითხრათ, რომ 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება დოკუმენტი. მე გეტყვით მის პრინციპებს და არა შინაარსს. პრინციპებია: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების შესახებ ჩანაწერი, როგორ მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად იქნება რიგგარეშე არჩევნები, არამედ ნიშნავს, რომ ხალხი გადაწყვეტს უნდა ჩატარდეს თუ არა. ჩემთვის ყველაზე სწორი ასეთი ვერსია პლებისციტია.

- ხელისუფლების ლიდერებს არა აქვთ იმედი, რომ შეთანხმება ყველა ოპოზიციურ პარტიას სურს. რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოთ და პარლამენტში შეხვიდეთ?

- გამორიცხულია. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იყოს. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება "სტრატეგია აღმაშენებელს" არ გვიჭირს, მაგრამ ჩვენ გვსურს ამ დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს. თუმცა თუ დავინახავ, რომ ხელისუფლება კომპრომისებზე მოდის და ოპოზიცია არ თმობს, არ გამიჭირდება, რომ დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად მოვაწერო.

სხვა გამოსავალი არ არის, უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია. ხომ ნახეთ, 9 აპრილს რა მოხდა? წესით, ამ დღეს ერთიანი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ გათითოკაცებისა და ურთიერთსიძულვილის დემონსტრირება. ეს უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიღუპებით.

ხათუნა ბახტურიძე