"პოლიტიკა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადავიდეს!" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადავიდეს!"

"არ შემიძლია არ ვთქვა, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები ძალიან განსხვავებულია. სწორად ჰქონდა აქცენტები დასმული. საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება, რაც მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, შეეცადა საზოგადოებისთვის დაენახებინა, რომ პრეზიდენტი ინსტიტუციურად ზეპარტიულია..."

პოლიტიკური პარტია "მოქალაქეების" ლიდერების აზრით, თუ ოპოზიციური სპექტრიდან ვინმეს უნდა "ქართულ ოცნებას" რაღაცაზე მაინც უკან დაახევინოს, ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას და იმ მანდატის აღსრულება დაიწყოს, რაც ხალხმა მიანიჭა. "პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორისთვის მიუღებელია. ამას გვითვლიან როგორც ბრიუსელიდან, ისე ვაშინგტონიდან. შესაბამისად, ეს პროცესი დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. პოლიტიკა ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადავიდეს... ხალხს სულ არ ადარდებს პოლიტიკოსების კინკლაობა, მთავარი საფიქრალი უმუშევრობა, სიღარიბე, ცუდი განათლება, ჩამოქცეული ჯანდაცვა და კოვიდპანდემიით გამოწვეული პრობლემებია. აი, ამაზე უნდა ვმსჯელობდეთ და არა პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე", - ამბობს პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი, "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი:

- ხელისუფლებასაც შეუძლია კრიზისის მოგვარება და ოპოზიციასაც, მაგრამ არც ერთს არ უნდა კომპრომისზე წასვლა და პარტიულ, პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესების დაყენება.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული დეტალები, ოპოზიციას კი იმისათვის, რომ გათავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. ამასთან, ისაუბრა პრეზიდენტის როლზე მედიაციის პროცესში. ძალიან მალე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პრეზიდენტმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგასო. ყოველივე ეს იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ შესაძლოა ზურაბიშვილი მართლაც მოგვევლინოს მედიატორის როლში?

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არა, ევროკავშირმა ვერ შეძლო ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგება. არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი ამას როგორ შეძლებს, მაგრამ მართლა უნდა დადგეს დრო და ქართველებმა სხვების დახმარების გარეშე შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი. პოლიტიკური კულტურა ის არის, რომ თავად შეგვეძლოს შიდა პრობლემების მოგვარება. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები ძალიან განსხვავებულია. სწორად ჰქონდა აქცენტები დასმული. საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება, რაც მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, შეეცადა საზოგადოებისთვის დაენახებინა, რომ პრეზიდენტი ინსტიტუციურად ზეპარტიულია. ჩემი აზრით, ეს სწორი გზაა ინსტიტუციების განვითარებისთვის. ეს ეხება არა მარტო პრეზიდენტის, არამედ სასამართლო ინსტიტუციასა და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს.

- როგორ ფიქრობთ, სასამართლო ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს? - ნიკა მელიას გათავისუფლება ნამდვილად ხელს შუწყობს კრიზისის დაძლევას. მისი დაჭერა შეცდომა იყო. უფრო სწორად,

"ქართულ ოცნებას" მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისას ცოტა მეტი წინდახედულობა რომ გამოეჩინა, კრიზისი არ გამწვავდებოდა. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობიდან გათავისუფლება ხელისუფლების კარგი სიგნალი იქნება მოლაპარაკების გაგრძელებისთვის.

სხვათა შორის, მე ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილის განცხადებებშიც ვხედავ იმის სიგნალს, რომ შეთანხმების მიღწევა სურთ. ამიტომ მგონია, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება და შედეგითაც დასრულდება. ეს ინდივიდუალური მოლაპარაკებით მოხერხდება თუ ისევ დასავლელი მედიატორები ჩაერთვებიან საქმეში, არ ვიცი, მაგრამ ნათელია, რომ შეთანხმება მალე შედგება. ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და ამან ხელი უნდა შეუწყოს მოლაპარაკების შედეგით დასრულებას. კრიზისის გაგრძელება ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე. ასევე ცუდად აისახება ჩვენ მიერ გაცხადებულ ევროატლანტიკურ კურსზე, საერთაშორისო არენაზე პოზიციონერობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამით დაზარალდებიან რიგითი მოქალაქეები, თორემ ჩვენთან ისეთი სისტემაა აწყობილი, პოლიტიკოსები ყველა შემთხვევაში კარგად იქნებიან.

- ჩვენ მოვისმინეთ თქვენი განცხადება "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ. რატომ ფიქრობთ, რომ ეს კანონპროექტი პრობლემას ვერ მოაგვარებს? - ეს კანონპროექტი ვერ პასუხობს მთავარ პრობლემას - სასამართლოს სანდოობას. ბოლო კვლევამაც დაადასტურა, რომ ჩვენს სასამართლოს არც მოქალაქეები ენდობიან და არც დასავლელი პარტნიორები. ამ უნდობლობას კონკრეტული მიზეზები აქვს, ასევე ჰყავს კონკრეტული ავტორები, ვინც სასამართლოს რეპუტაცია ასეთ დღეში ჩააგდო. თუ სასამართლოს შემადგენლობა არ შეიცვლება, ფრაგმენტულად გასაჩივრების წესისა და იუსტიციის საბჭოს ფუნქციების შეცვლა პრობლემას ვერ მოაგვარებს. ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო, იქნება ეს უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანა თუ რადიკალური ღონისძიებები.

- თქვენ ამბობთ, რომ "მოქალაქეებისა" და "ოცნების" თანამშრომლობის შედეგად ფუნდამენტურად შეცვლილი და გაუმჯობესებული საარჩევნო რეფორმის შედეგს ამომრჩეველი პირველივე არჩევნებზე იხილავს. იმ მემორანდუმში, რომელიც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გაფორმდა "მოქალაქეებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის, საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმასთან ერთად სასამართლო რეფორმაზე რატომ არ იყო საუბარი? - ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ცვლილებების იმ პაკეტით, რომელიც მაშინ ოპოზიციურ ერთობასთან იყო შეთანხმებული. მაშინ ოპოზიციის მოთხოვნები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმას არ ეხებოდა. ჩვენ ოპოზიციას მაშინაც ვეუბნებოდით, რომ ვადამდელი არჩევნების ნაცვლად სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმა მოგვეთხოვა, მაგრამ ვერ დავითანხმეთ და მივიღეთ კომპრომისული ვარიანტი პლებისციტის სახით. ეს ნამდვილად არ არის გამოსავალი. გამოსავალი მხოლოდ ინსტიტუციური რეფორმებია.

ხათუნა ბახტურიძე