"რუსულ სპეცსამსახურებს­ საქმის გარეშე ვტოვებთ!"
"რუსულ სპეცსამსახურებს­ საქმის გარეშე ვტოვებთ!"
"ოპოზიციას უხარია, დასავლელი პარტნიორები სანქციების დაწესებით რომ იმუქრებიან..."

"ან საქართველო­ პოლიტიკურ კრიზისს ევროკავშირის რჩევების თანახმად გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის, რადგან პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ვერ ახერხებენ კრიზისის გადაჭრას...", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა. გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთ­ობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე:

- ტრაგედიაა, როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატი გეუბნება, დროა პოლიტიკურმა კლასმა ერთხელ მაინც პირადი­ ინტერესი გვერდზე გადადოსო. როდესაც მათ ასეთი რამის თქმა უწევთ, ეს ნიშნავს,­ რომ სინამდვილეში­ უფრო მძიმე სურათია.­ ჩვენმა
პოლიტიკურმა კლასმა კიდევ ერთხელ­ აჩვენა, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი არ შესწევს. ერთი მხარე მაინც რომ ყოფილიყო ადეკვატური, ასეთი­ ვითარება არ გვექნებოდა. მათი არაადეკვატურობა და უპასუხისმგებლობა მძიმედ აისახება ქვეყნის სტაბილურობის ხარისხზე, ეკონომიკაზე, ქვეყნის პოზიციებზე რეგიონში, იმიჯზე პარტნიორების თვალში.

- დასავლელი პარტნიორებიც მიგვანიშნებენ, რომ დღევანდელი ვითარება ხელს
აძლევს მხოლოდ რუსეთს, თუმცა ქართველი პოლიტიკოსები არაფერს აკეთებენ ამ რეალობის შესაცვლელად, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ადანაშაულებენ რუსული საქმის კეთებაში, რუსეთის აგენტობაში.
- შეთქმულების თეორიები, ერთმანეთის რუსეთის აგენტობაში დადანაშაულება უნდა დასრულდეს. უკვე სიტყვა "აგენტსაც" დაეკარგა სიმწვავე. როდესაც ასეთ საქმ­ეში­ ამხელ ვინმეს, უნდა დაასაბუთო და პასუხიც აგებინო. სიტყვის მასალად ასეთი­ ბრალდებების სროლა დაუშვებელია.

აგენტობაში ერთმანეთის უარგუმენტოდ დადანაშაულება, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ფაქტობრივად, რუსულ სპეცსამსახურებს­ საქმის გარეშე ვტოვებთ, თავად ვაკეთებთ­ მათ საქმეს. რატომ ვერ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ვცხოვრობთ ურთულეს რეგიონში, სადაც რუსული სამხედრო ძალის გაძლიერება ჩვენთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს?! მეტად როგორღა უნდა მიგვანიშნონ დასავლელმა პარტნიორებმა, რომ არაპარტნიორულად ვიქცევით.

წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, როდესაც თქვა, ამხელა ევროპარლამენტიდან მხოლოდ 7 კაცის პოზიცია არ არის მნიშვნელოვანიო. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ევროპარლამენტში ყველას თავისი საქმე აქვს, ყველა საქართველოს საკითხზე კი არ მუშაობს, იმ შვიდი პარლამენტარის აზრს იზიარებენ სხვა ევროპარლამენტარები.

გახსოვთ, ადამ კიზინგერმა და კიდევ სამმა სენატორმა რომ გაგვაკრიტიკეს, ხელისუფლებამ გული როგორ დაიმშვიდა? 4 კაცი გვაკრიტიკებს ამხელა კონგრესშიო. ახლა ამ გზავნილების ადრესატი მხოლოდ ხელისუფლება არ არის, ოპოზიციაც გაკრიტიკებულია, მაგრამ არც ერთ მხარეს არ არა აქვს დათმობის უნარი.

ეროვნულ პოლიტიკაში წითელ ხაზებზე ლაპარაკობენ! გასაგებია, რომ 90-იანი წლები არ არის და ქუჩაში იარაღი არ ყრია, მაგრამ რომ მისცე საშუალება, არც ამაზე იტყვიან უარს. ოპოზიციას უხარია, დასავლელი პარტნიორები სანქციების დაწესებით რომ იმუქრებიან. ის კი არა აქვს გააზრებული, ხელისუფლებაში თუ მოვა, მას მოუწევს ყველა პრობლემის გამოსწორება... ნახევარ წელზე მეტია პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, ამას ემატება პანდემია, რეგიონში მომხდარი ომი და შეცვლილი საერთაშორისო კლიმატი.

ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს?! ხელისუფლებაც არ ჩამორჩა "ჭკვიანური" გადაწყვეტილების მიღებაში და 9 აპრილს ოპოზიციის საწინააღმდეგო ღონისძიება ჩაატარა. ვინმე თუ ფიქრობს, ეს ბაკქანალია როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე? მე რომ ინვესტორი ვიყო, არათუ ფულს არ ჩავდებდი, უკვე ჩადებული კაპიტალის გატანაზეც ვიფიქრებდი.

ამათმა გაუაზრებელმა მოქმედებებმა შეიძლება ქვეყანა მოსკოვის წინაშე ერთი-ერთზე დატოვოს! მერე რას აპირებენ?! გაუგებარია, როგორ შეიძლება პირველი ეკონომიკური პარტნიორი იყოს ქვეყანა, რომელიც ოკუპაციას განაგრძობს, ქართველებს ძაღლებით დასდევს, კლავს და აწამებს. იქნებ ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა?!

- ამ ეკონომიკურ პარტნიორობას "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ჩაეყარა საფუძველი.
- დიახ, მე არ ვგულისხმობ ცალკეულ პოლიტიკურ აქტორს, მთლიანი პოლიტიკური კლასის პოზიცია მაქვს მხედველობაში.

- 9 აპრილის აქცია ახსენეთ...
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ 9 აპრილი, რომელიც ეროვნული ერთობის დღე უნდა იყოს, ჩვენ ლამის პოლარიზების, დაპირისპირების დღედ ვაქციეთ. ეს ჩვენს დაბალ სამოქალაქო შეგნებაზე მეტყველებს. აქციებმა და კონტრაქციებმა კარგი არაფერი მოგვიტანა. ალბათ, გახსოვთ, კარდიოლოგმა გია აბესაძემ სამოქალაქო დაპირისპირების პროტესტის ნიშნად თავი რომ დაიწვა. პრობლემა ის არის, რომ იმ დროის ფანტომი დღესაც შავ ჩრდილად ადგას თავზე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ხომ შეიძლება პრეაპოკალიფსური მოცემულობიდან გამოვიდეს ქართული პოლიტიკური კლასი, გამოქვაბულის დროინდელი ადამიანებივით კლდეზე მამონტების ხატვას თავი დაანებოს და ცივილიზებულად დაილაპარაკოს.

- ანდრიუს კუბილიუსმა გვითხრა, რომ ასე ვერ გაგრძელდება - ან საქართველო პოლიტიკურ კრიზისს ევროკავშირის რჩევების თანახმად გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის. როგორი შეიძლება იყოს დანიელსონის­ ახალი დოკუმენტი და თუ მედიაცია ისევ უშედეგო აღმოჩნდება, რა ფასად დაგვიჯდება?
- ამის თქმა ძნელია. თავად დანიელსონის მუშაობაც ამოვარდნილია ჩარჩოდან. ევროკავშირის ასეთი ჩართულობა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ ყოფილა. საქმე ის არის, რომ ევროკავშირი გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს, რაც შეიძლება საქართველოში დესტაბილიზაციას მოჰყვეს არა მარტო ევროპის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციის შესაძლო გაძლიერებას როგორც უკრაინის, ასევე სამხრეთ კავკასიის მიმართულებით.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი უძირო ქვევრი არ არის. ჩვენი პარტნიორობა ორმხრივ ვალდებულებებს გულისხმობს. მხოლოდ ფურცელზე შესრულებული ვალდებულებები საკმარისი არ არის. თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთი ნამდვილად გადახედავს ჩვენთან პარტნიორობის საკითხს. შედეგად მოგვიწევს რამდენიმე წლით უკან დახევა. კონკრეტულ რევერსიებზე, თუნდაც უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, ჯერ არ ვილაპარაკებ, მაგრამ გამორიცხული არაფერია. რაც ყველაზე ცუდია, მომავალში ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, ორმაგი ძალისხმევა მოუწევს, რათა დასავლელი პარტნიორები რამეში დაარწმუნოს.

- გასაგებია, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იზრდება, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, თურქეთის ახალმა პოზიციამ, გადახედოს მონტრეის ხელშეკრულების ვალიდურობას, შესაძლოა საქართველოს წინაშე ახალი შესაძლებლობების კარი გახსნას.
- კი ბატონო, თურქეთის ხელისუფლება­ უკვე აქტიურად მსჯელობს, დარჩება თუ მონტრეის ხელშეკრულების წევრად. ეს მართლაც იქნება ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა. სულ ვამბობდი, რომ თურქულ-რუსული პარტნიორობა გამორიცხულია. ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთისთვის მძიმე კონკურენტები არიან. თურქეთი ახლა ცდილობს შავ ზღვაში რუსეთის გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოს.

მონტრეის დოქტრინის გაუქმება სწორედ იმას გულისხმობს, რომ შავი ზღვის ზონაში შემოვიდნენ თურქეთის მოკავშირეების, ამ შემთხვევაში ნატოს (უპირველესად აშშ-ის) სამხედრო-საზღვაო ძალები. ამ ხელშეკრულების მიხედვით იზღუდება არაშავიზღვისპირა ქვეყნების (უპირველესად აშშ-ის) სამხედრო გემების ყოფნა შავ ზღვაზე როგორც ტონაჟში, ისე დროში. 21 დღეზე მეტი დროით ვერ გაჩერდებიან.

თუ თურქეთი ამ ხელშეკრულებიდან გავა, ეს მოცემულობა შეიცვლება, რაც არსებითად დაასუსტებს რუსეთის პოზიციას შავი ზღვის არეალში. კრემლის მთელი ძალისხმევა, რაც მიმართული იყო ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის და მისი სამხედრო საზღვაო პოტენციალის გამოყენებისკენ, აზრს დაკარგავს.

- თურქეთის საგარეო პოლიტიკა მუდმივად იცვლება, შეიძლება ჯერ რუსეთისკენ გადაიხაროს, მერე დასავლეთისკენ. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორი გართულებული ურთიერთობა ჰქონდა თურქეთს ამერიკასთან. ახლა დასავლეთისკენ შებრუნება რამ განაპირობა?
- თურქეთის და ამერიკის გართულებული ურთიერთობა იმით იყო განპირობებული, რომ ტრამპს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა აღმოსავლეთში გასატარებელ პოლიტიკაზე. თურქეთი ცდილობს თავად ჩამოყალიბდეს ახლო აღმოსავლეთის წამყვან ძალად და ამაში გადაიკვეთა­ თურქულ-ამერიკული ინტერესები. სირიის ამბავი გავიხსენოთ. დასავლეთისგან თურქეთი ყოველთვის ითხოვდა მეტ ჩართულობას, განსაკუთრებით ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, რაც მან ვერ მიიღო. თურქეთი ასევე ცდილობს ახლო აღმოსავლეთში ლიდერის როლი ითამაშოს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, დაიძაბებოდა ურთიერთობა,­ მით უმეტეს, აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავს იერუსალიმში. ეს ყოველთვის იწვევდა არაბული სამყაროს გაღიზიანებას. თუმცა ახლა თურქეთს არ მოუწევს სოციალურ ობსტრ­უქციებზე გამოკიდება, რადგან თავად ისრაელშიც დაიწყო გარდატეხა არაბულ სამყაროსთან დამოკიდებულებაში.

კერძოდ, ისრაელი აფორმებს ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, საუდის არაბეთი კი გაგებით ეკიდება საამიროს ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ არაბული სამყაროსა და ისრაელის ურთიერთობა პოზიტიურად ვითარდება. შესაბამისად, თურქეთი, რომელიც ცდილობს ამ სამყაროს ლიდერი იყოს, არ დგას არჩევნის წინაშე. ამავე დროს აღმოჩნდა, რომ შავი ზღვის აუზში თურქეთისა და დასავლეთის ინტერესები თანხვედრაშია. თურქეთს ძალიან დიდი სანაპირო ზოლი აქვს შავ ზღვაზე, ასევე მნიშვნელოვანი პოზიციები ხმელთაშუა ზღვაშიც.

თურქეთს სჭირდება როგორც შავი ზღვის, ისე ხმელთაშუა ზღვის აუზში უსაფრთხოების საკითხში თანამშრომლობა პარტნიორებთან, უპირველესად ამერიკასთან. შესაბამისად, თურქეთისა და დასავლეთის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და თურქეთი ეცდება ურთიერთობის გაუმჯობესებას. თავის მხრივ, არც ამერიკას აწყობს თურქეთთან ურთიერთობის გაუარესება. შეიძლება ითქვას, მას ასეთი ფასეული პარტნიორი არც ჰყავს ახლო აღმოსავლეთში. თურქეთი არა მარტო ნატოს წევრი, მისი მეორე არმიაა. ამიტომ ამერიკის პარტნიორთა ორბიტაზე თურქეთის ყოფნა ვაშინგტონის სტრატეგიული ინტერესია.

- არსებითად შეიძლება შეცვალოს რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესაძლო ახალმა ესკალაციამ.
- რუსეთმა კავკასიაში გარკვეულწილად გაიმყარა პოზიცია და მეორე სტრატეგიულ მიმართულებაზე გადაინაცვლა. მოსკოვი მეთოდურად მოქმედებს, ამჯერად უკრაინის მიმართულებით ცდილობს ვითარების დაძაბვას, რათა მიიღოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი. შეიძლება ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდოს. ყარაბაღშიც ბევრი არ ელოდა ომის დაწყებას, მაგრამ დაიწყო.

ასეთი დიდი რაოდენობით სამხედრო ძალის გადაადგილება დასაშინებლად არ ხდება. ეს არის მობილიზაცია შეტევითი ოპერაციისთვის.

- რა უნდა გააკეთოს საქართველომ?
- უპირველესად უნდა დაასრულოს პოლიტიკური კრიზისი; მეორე - ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინკლუზიური უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის შემუშავებაში მმართველ პარტიასთან ერთად ოპოზიციაც უნდა ჩაერთოს.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა, რომ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა ყველა მათგანს ეკისრება, რომ არის საკითხები, რაზეც პოლიტიკური პარტიები ქვეყნის გარეთ ერთ ხმაში უნდა ლაპარაკობდნენ, თუნდაც ქვეყნის შიგნით ამის გამო ერთმანეთს ჭამდნენ. სახელმწიფო ინტერესი დაიცვან და მერე რაც უნდათ, ის უქნიათ!

არ შეიძლება საქართველო-უკრაინის ურთიერთობა იყოს იმ ნიშნულზე, როგორზეც დღეს არის და არ იყოს უფრო ინტენსიური. არ შეიძლება ახლა ვკამათობდეთ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე და არ მოხდეს გააზრება არსებული გამოწვევებისა, არ შეიძლება არ მიმდინარეობდეს მოლაპარაკება ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე. მმართველმა პარტიამ უნდა გაიაზროს, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს აკვნიდან კუბოს კარამდე, ოპოზიციამ კი უნდა გაიაზროს, რომ არ შეიძლება რამდენჯერაც მოუნდება, იმდენჯერ გადააყენოს ხელისუფლება!

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები