"ალბათ, ისე წავალ ამ ქვეყნიდან, ვერ გავიგებ სიმართლეს, თუ რატომ მოკლეს ზურაბ ჟვანია"
"ალბათ, ისე წავალ ამ ქვეყნიდან, ვერ გავიგებ სიმართლეს, თუ რატომ მოკლეს ზურაბ ჟვანია"
"იმ დროს ზურაბ ადეიშვილის გარეშე არაფერი ხდებოდა. სანამ დეპუტატი ვიყავი, მიშას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა... მახსოვს, შალვა რამიშვილი რომ დააკავეს, დავიცავი და გიგა ბოკერიამ თქვა, მხოლოდ ქურდული სამყაროს წარმომადგენელს შეუძლია ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ლაპარაკობსო. მიშამ უსაყვედურა ბოკერიას, ელენეს თავისი მისია აქვსო... ვფიქრობ, მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია. მას მერე მასთან არც დავდიოდი..."

ელენე თევდორაძე, სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებში - პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის
კომიტეტს თავმჯდომარეობდა. 2008 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს პარლამენტარიზმის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. 9 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა შეწყალების კომისიას, შემდგომ კი წევრი იყო. 2013 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოულოდნელად სამსახურიდან გაათავისუფლა. მას მერე აღარ უმუშავია. ერთ დროს ძალიან აქტიური პოლიტიკოსი
ქალი ახლა ტელევიზიით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

- რაც პანდემია გამოცხადდა, ასაკის­ გამო სახლიდან თითქმის არ გავდივარ, თანაც უკვე მიჭირს სიარული. ხანდახან ეზოში ჩავდივარ და პროდუქტებს ვყიდულობ, მაღაზია ჩემი სახლის პირველ სართულზეა. როდესაც ვირუსის პირველმა ტალღამ გადაიარა და ლოკდაუნი მოიხსნა, ზაფხულში გარეთ მაინც გავდიოდი, ვიკეთებდი პირბადეს, ვჯდებოდი სამარშრუტო მიკროავტობუსში და ჩემს შვილთაშვილებთან დავდიოდი. რაც გამწვავდა ვითარება, ეს სიამოვნებაც მომაკლდა, ახლა სულ სახლში ვარ, მარტო ვცხოვრობ. შვილი, შვილიშვილები და ზოგჯერ შვილთაშვილები მაკითხავენ, მაგრამ არც ისე ხშირად, როგორც მესიამოვნებოდა. ბევრს ვკითხულობ ან ტელევიზორს ვუყურებ. საოჯახო საქმეს თავად ვაკეთებ. ყოველთვის ძალიან მობილიზებული, აქტიური ვიყავი. ბევრს ვმუშაობდი, ბევრ ხალხთან მქონდა ურთიერთობა და შინ რომ ჩავიკეტე, ძალიან დათრგუნვილი ვარ. მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს. ხშირად ვესაუბრებოდი სკოლის, ინსტიტუტის მეგობრებს.

სამწუხაროდ, პანდემიამ ბევრი მსხვერპლი მოიტანა, უახლოესი ადამიანები მეც დავკარგე. სულ ახლახან უახლოესი დაქალი "კოვიდით" დამეღუპა და ძალიან განვიცდი. სამწუხაროდ, მის დაკრძალვაზე ვერ მივედი, ჩემი შვილმა მიიტანა ჩემი სახელით ყვავილები.

ბედნიერი ვარ, რომ მყავს კარგი შვილი და რძალი, 3 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი, მაგრამ რადგან მათთან ყოველდღიურ ურთიერთობას მოწყვეტილი ვარ, ჩემი სიბერე არ არის ბედნიერი და ეს ჩემთვის მძიმედ ასატანია.

- სასუნთქი გზების პრობლემა გქონდათ, გამოგიკეთდათ მდგომარეობა?
- ჟანგბადის აპარატზე ვარ მიჯა­ჭვული. ეს ხელისუფლება არასოდეს შემიწუხებია, ერთხელ დავწერე განცხადება სასუნთქი აპარატის შესაძენად დასაფინანსებლად და მაშინაც უარი მივიღე. არადა, ფორმაში ეწერა, რომ აპარატი სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მერე მსოფლიოს ქართველ ქალთა და ებრაელთა ასოციაციამ მაჩუქა.

ასევე ვიღებ სხვადასხვა საშუალებას, რომ შედარებით ადვილად ვისუნთქო, მაგრამ უფრო მიმძიმდება მდგომარეობა - ორი-სამი ნაბიჯის გადადგმა და სუნთქვა ისე მიჭირს, ლამის გული მიმდის. "კოვიდის" საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ საშიშია, სუნთქვის პრობლემის გამო შესაძლებელია შოკი განმივითარდეს.

- ბრძანეთ, ძირითადად ტელევიზორს ვუყურებო, რას იტყვით დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე?
- ვცდილობ ნაკლებად ვუყურო საინფორმაციო გადაცემებს. ორ არხს ვუყურებ - "რუსთავი 2"-სა და "პალიტრის" ტელევიზიას, ყოველ ორშაბათს კი აუცილებლად ვყიდულობ ერთადერთ გაზეთს, "კვირის პალიტრას", სხვაგან ვერ ვხედავ მრავალფეროვნებას, ზუსტ ინფორმაციას ვერ ვიღებ. "პალიტრანიუსი" ძალიან მოკლედ და ლაკონიურად აწვდის ინფორმაციას მაყურებელს, არა აქვს თავისებურად მოტანილი ამბავი. "რუსთავი 2"-ც მომწონს, ყოველთვის აშუქებს ორივე მხარეს.

სახელისუფლებო არხებს რომ ვუყურებ, ყველაფერი კარგად არის, როდესაც ვუყურებ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიებს, მაშინ მგონია, რომ ცხოვრება დამთავრდა. ეს თრგუნავს საზოგადოებას. ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირება ყოველთვის მწვავე იყო, მაგრამ ასეთი­ არ მახსოვს. არადა, ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარეთ - თავდასხმა­ შევარდნაძეზე, "მხედრიონი", საშინელი სიტუაციები ციხეებში... უამრავი უსამართლობა ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაც კეთდებოდა, ახლა კი რატომ არის ასეთი დაპირისპირება? წესით, თითქოს ორივე მხარეს სიმართლე სჭირდება, ხომ შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს?

დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. მამამისი, გიორგი კობახიძე, კარგად მახსოვს. მას დიდ პატივს ვცემდი, ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერი იყო, ზურაბ ჟვანიას პირველი მოადგილე. როდესაც პარლამენტში კანონებს განვიხილავდით, ძალიან კრიტიკული იყო, მაგრამ არასოდეს ყოფილა ბოღმით სავსე ადამიანი, ამის გამო ვცემდი პატივს და ვიცი, მეც მცემდა პატივს. როცა მე გამოვდიოდი ტრიბუნაზე, როგორც სიმართლის მთქმელს თავს მესხმოდნენ "მოქალაქეთა კავშირის" წევრები და გია კობახიძე ყოველთვის მიცავდა. ეს მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ შეიძლება იყო კრიტიკული, მაგრამ საქმიანად, და არ გადახვიდე ლანძღვა-გინებაზე. მისი შვილი ჭკვიანი, ნიჭიერი და განათლებულია, მაგრამ ხასიათით არ ჰგავს მამას.

ამდენი გინება, ტელევიზიით რომ ისმის, ჩემთვის გაუგებარია. მართლა მეშინია იმ ახალგაზრდების, რომელთაც აქტივისტებს ეძახიან. შეიძლება პოზიცია გამოხატო, მაგრამ ხომ არ შეიძლება ასე იგინებოდე? ამ აქტივისტებში ვხედავ ყოფილ პროკურორებს, ყოფილ პოლიციელებს, რომლებთანაც ადრე დაპირისპირება მქონდა იმის გამო, რომ უსამართლოდ იქცეოდნენ, ახლა გამოდიან და თავიანთ კოლეგებთან, პოლიციასთან აქვთ დაპირისპირება.


- "ქართული ოცნების" მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?
- ბოლო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ხმა არც ერთი პარტიისთვის არ მიმიცია, რადგან ვერ გამოვნახე ისეთი, რომელსაც ხმას მივცემდი.

- როგორც იცით, ევროპას სურს ჩვენი­ პოლიტიკოსების მორიგება, მაგრამ ვერ ახერხებს, რას ეტყვით ქართველ პოლიტიკოსებს?
- თავს შევიკავებ რჩევების მიცემისგან. თუ ევროპელებს არ უსმენენ, არც ჩემს რჩევას მიიღებენ. ძალიან ვწუხვარ ჩემი შვილების, შვილთაშვილების მომავალზე, ევროპა და ამერიკა სულ საქართველოს გვერდით იყვნენ და ახლა მეშინია ჩვენი უგუნური პოლიტიკოსების გამო არ შეიცვალოს მათი დამოკიდებულება. შეთავაზება, რომ 20 ივნისის საქმეზე გამოცხადებულიყო ამნისტია, ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, ამით უნდა ისარგებლოს მეორე მხარემ. მე რომ ახლა აქტიურ პოლიტიკაში ვიყო და ძველებურად მქონდეს ციხეში შესვლის საშუალება, აუცილებლად გავესაბრებოდი ნიკა მელიას მისი აზრის გასაგებად.

შეიძლება რჩევებიც მიმეცა. ერთია, როცა ადამიანი რაღაცას ტელევიზიით აცხადებს, და მეორე, როცა პირისპირ ესაუბრები. ხშირად ყოფილა, პროკურატურას თავისი აზრი ჰქონდა, პატიმარს კი სულ სხვა. ამიტომაც სანამ არ შევხვდებოდი, დასკვნას არ გავაკეთებდი. პატიმარს შეხვედრის შემდეგ ვეუბნებოდი, რაში იყო მართალი და რაში ტყუოდა. თუ მართალი იყო, პროკურატურას ვუპირისპირდებოდი.

- მიხეილ სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულისთვის ბრალდებული არაერთი პატიმარი შეიწყალა. რა რეაქცია გქონდათ ამაზე?
- მაშინ შეგნებულად არ ვტოვებდი შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას, რადგან ვფიქრობდი, რომ ის პატიმრები, რომლებიც ნამდვილად შესაწყალებლები იყვნენ, უჩემოდ არ მოხვდებოდნენ პროკურატურის სიაში. იმ დროს ზურაბ ადეიშვილის გარეშე არაფერი ხდებოდა. სანამ დეპუტატი ვიყავი, მიშას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, არავის აძლევდა უფლებას ვინმეს გავეკრიტიკებინე. მახსოვს, შალვა რამიშვილი რომ დააკავეს, დავიცავი და გიგა ბოკერიამ თქვა, მხოლოდ ქურდული სამყაროს წარმომადგენელს შეუძლია ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ლაპარაკობსო. მიშამ უსაყვედურა ბოკერიას, ელენეს თავისი მისია აქვსო. მიშას აწყობდა მე იქ ვყოფილიყავი, ეს რაღაც იმიჯს აძლევდა. ვფიქრობ, მიშა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ აირია. მას მერე მასთან არც დავდიოდი.

სააკაშვილის დროს უფრო გამიჭირდა მუშაობა. ისევ შევდიოდი ციხეებში, ისევ ვხვდებოდი პატიმრებს, ვპირდებოდი, რომ დავეხმარებოდი, მაგრამ არასოდეს გამომდიოდა. როდესაც არა გაქვს საშუალება შენი შესაძლებლობების გამოყენების, დანაპირებს­ ვერ ასრულებ, რა აზრი აქვს ციხეში სიარულს და შევწყვიტე, მეუხერხულებოდა. ხედავ პატიმარი მართალია და ვერაფერს აკეთებ.

2008 წლიდან აღარ შევსულვარ ციხეში, მერე უკვე აღარც დეპუტატი ვიყავი, მხოლოდ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დავრჩი. მაშინაც მჭირდებოდა პატიმრებთან შეხვედრა, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ.

- რატომ წახვედით პოლიტიკიდან?
- როგორც დეპუტატი ჩემს უფლება-მოვალეობას ვეღარ ვასრულებდი და ჩავთვალე, რომ ჩემი ადგილი პოლიტიკაში აღარ იყო. ვეღარ ვხედავდი ჩემი შრომის შედეგს, ბევრი უსამართლობა ხდებოდა და პარლამენტში უშედეგოდ ყოფნა მიუღებელი იყო. ეს ვთქვი კიდეც საჯაროდ, ტელევიზიით.

ჩემი განცხადების შემდეგ პარლამენტის არჩევნები მოდიოდა და სიაში აღარ შემიყვანეს. ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის. დამიძახა მიშამ და მითხრა, ყველა დიდ ქალაქში წავაგეთ არჩევნები, ძალიან გთხოვთ, იქნებ ყველა ქალაქში ჩახვიდეთო. მართლაც წავედი და მიშამ ყველა ქალაქში მოიგო. კიდევ ორ ქალაქს ასახელებდნენ, კი ჩახვალთ, მაგრამ არჩევნებს მაინც წავაგებთო, მაგრამ ის ორი ქალაქიც მოიგეს. ეს ხდებოდა მას მერე, რაც სიაში არ ჩამსვეს.

მიშამ მითხრა, თუ გინდათ ელჩად გაგიშვებთო და გამეცინა, უარი ვუთხარი. მაშინ რომელ სამინისტროში გსურთ მუშაობაო, დავასახელე რეინტეგრაციის სამინისტრო, იქ უმცირესობების უფლებებზე ვიზრუნებ-მეთქი. წამოხტა, იქ მინისტრი უკვე მყავსო, მინისტრის პოსტი სულ არ მინდა-მეთქი და მოადგილედ იმ დღესვე დამნიშნა. წელიწად-ნახევარი ვიმუშავე, სანამ მინისტრად ეკა ტყეშელაშვილს დანიშნავდნენ, მან კი გამათავისუფლა, ჩემი კადრი მომყავსო. იმ საღამოსვე დამირეკა მიშამ და მითხრა, გტოვებთ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ და ხელფასსაც გინიშნავთო. მანამდე ისე ვიმუშავე შეწყალების კომისიაში, ხელფასი არ მქონია, უხელფასო შტატი იყო. ეს თანამდებობა ფასიანი იყო მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროსაც. მან მოულოდნელად გამათავისუფლა, ეს ტელევიზიით შევიტყვე.

- სააკაშვილი ისევ ცდილობს საქართველოში დაბრუნებას და პოლიტიკაში ჩართვას, რას ეტყოდით მას?
- თუ მიშას ნამდვილად უყვარს საქართველო, მას აქვს უამრავი საშუალება ეს გააკეთოს და არა იმ გზით, რომელსაც ახლა გვთავაზობს.

- თქვენ პარლამენტში ზურაბ ჟვანიას რეკომენდაციით მოხვდით...
- როცა "მოქალაქეთა კავშირის" სიას ადგენდა ზურაბ ჟვანია, მაშინ შემომთავაზა­ სიაში ჩაწერა, 95-ე ნომრად ჩამწერეს და მოულოდნელად აღმოვჩნდი პარლამენტში. ზურაბ ჟვანიას პოლიტიკოსების გამოზრდის არაჩვეულებრივი თვისება ჰქონდა. ვისშიც ლიდერობის პოტენციალს დაინახავდა, საპარლამენტო ცხოვრებისთვის ამზადებდა.

ზურაბ ჟვანია ჩემთვის პოლიტიკოსის სახეა, მის მერე ვერავინ დავინახე ასეთი. მიშა სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ბევრი სხვა ზურას ფრთის ქვეშ იყვნენ. ზურა რომ ყოფილიყო ცოცხალი, სულ სხვანაირი ვითარება იქნებოდა. ძალიან განვიცადე დედამისის გარდაცვალება. სამწუხაროდ, იმ პერიოდში სახლიდან გასვლა აკრძალული იყო პანდემიის გამო და ოჯახს ტელეფონით მივუსამძიმრე.

ალბათ, ისე წავალ ამ ქვეყნიდან, ვერ გავიგებ სიმართლეს, თუ რატომ მოკლეს ზურაბ ჟვანია. ძალიან მაღიზიანებს ერთი რამ - ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც მაშინ დეპუტატები ან სხვა უფრო მაღალ თანამდებობებზე იყვნენ, იმდენ ტყუილს ამბობენ, მინდა ვუთხრა, არ გრცხვენიათ, მე მრცხვენია თქვენ მაგივრად-მეთქი. მე არ მილაპარაკია არასოდეს შიდა სამზარეულოზე, არც ახლა ვიტყვი რამეს, მაგრამ როცა ტყუიან, უბედურებაა. მე ხომ ვიცი, მაშინ რა რეალობა იყო.

- შეწყალების კომისიის მუშაობაზეც გვესაუბრეთ.
- კომისია ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. საათობით ვისხედით და თითოეულ საქმეზე ვმსჯელობდით. იყო კამათი, შეთანხმება და ხელის აწევით ვიღებდით გადაწყვეტილებას. როცა ჩვენი სია პრეზიდენტთან მიდიოდა, იქიდან მეათედიც კი არ მოდიოდა და ციხიდან გამოდიოდნენ ისეთი პატიმრები, ვისაც ჩვენი კომისია უარს ეუბნებოდა საქმის განხილვაზე. ზოგჯერ როცა ვადარებდი სიებს, ეკლესიის მოწოდებული და შეწყალების კომისიის სიები აბსოლუტურად იდენტური იყო, მაგრამ მათ შეწყალებაზე ეკლესიასაც ეუბნებოდნენ უარს, იმათ იწყალებდნენ, ვინც სურდათ.

- თქვენი ცხოვრებიდან საინტერესო ამბებს ხომ არ გაიხსენებთ?
- სულ ახლახან გამახსენდა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სასამართლო პროცესი. ერთ დღეს სკოლაში მომადგნენ შავკოსტიუმიანი ახალგაზრდები, მივხვდი კა-გე-ბედან იყვნენ, მითხრეს, უნდა გამოგვყვეთო. პირველი აზრი, რამაც თავში გამიარა, რა ჩავიდინე ისეთი, ხომ არ მაპატიმრებენ-მეთქი. დავემშვიდობე თანამშრომლებს და მათ გავყევი. ისე მიმიყვანეს უზენაეს სასამართლოში, ხმა არ ამოუღიათ. იქ მისულს კი მითხრეს, სხდომა მიმდინარეობს და როგორც საზოგადოების წარმომადგენელი დაესწრებით პროცესსო. დარბაზში მხოლოდ მერაბისა და ზვიადის ნათესავები ისხდნენ. მერაბ კოსტავას პირადად ვიცნობდი. მისი დედა და დედაჩემი ახლო მეგობრები იყვნენ, ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ცემშიც ერთად ვისვენებდით. ჯერ ზვიადი გამოვიდა სიტყვით, მერე მერაბი. მერაბმა რომ დაამთავრა სიტყვა, დარბაზისკენ მობრუნდა და რომ დამინახა, მომესალმა, ელიკო გამარჯობაო. ამ დროს უცებ მოცვივდნენ კა-გე-ბეს თანამშრომლები და სასწრაფოდ გამიყვანეს დარბაზიდან.

- რისთვის ასამართლებდნენ მაშინ მათ?
- საქმე დაკავშირებული იყო თვითმფრინავის ბიჭების ამბავთან. ზვიადი უფრო დინჯად საუბრობდა, შედარებით ლმობიერად, ხოლო მერაბი ხელისუფლების მიმართ უფრო მკაცრი იყო.

- მერაბ კოსტავაზეც გვიამბეთ...
- მერაბი ჩაკეტილი ადამიანი იყო, მაგრამ თუ გენდობოდა, მაშინ ძალიან გულღია ბიჭი იყო. ბიჭს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ურთიერთობა მაშინ დამთავრდა, როდესაც ის პოლიტიკაში წავიდა. როცა მერაბი კონსერვატორიაში სწავლობდა, ხშირად მეპატიჟებოდა, რომ მომესმინა, რა არაჩვეულებრივად უკრავდა. ჩვენი ურთიერთობა ძალიან შორს იყო პოლიტიკისგან. მერაბს დიდ პატივს ვცემდი. უძლიერესი პიროვნება იყო... ეტყობა, იმ პროცესიდან იმიტომ გამომიყვანეს, მიხვდნენ, რომ ერთმანეთს ვიცნობდით. სასამართლოში შავი "ვოლგით" მიმიყვანეს, უკან კი ფეხით გამიშვეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე...

სააკაშვილის დროს ბევრი უსამართლობა ხდებოდა. ბევრი იხდიდა სასჯელს. 4 წელი მიუსაჯეს პატიმარს, რომლის საქმეში ეწერა, მამალი მოიპარაო, ერთი მამაკაცი კი 5 ქათმის ქურდობისთვის გაასამართლეს და 5 წელი მიუსაჯეს. ასეთი განაჩენი ბევრი იყო. იყო საქმეები, სადაც აშკარად ჩანდა, ბიზნესის წართმევის გამო რომ იყვნენ დაკავებული. ოსტატურად აკეთებდნენ - თუ პატიმარი აღიარებდა, საპროცესო გარიგების თანხას გადაიხდიდა და მორჩა. ზოგიერთი მიყვებოდა, ჩვენს შვილებს ციხეში ფსიქიკური პრობლემები დაეწყოთო. სასჯელის მისჯის შემდეგ ადამიანი ციხეში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ მაინც იზოლატორში ჰყავდათ. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან გამუდმებით ვაპროტესტებდი, მაგრამ პასუხი იყო, პროკურატურა ამბობს,­ ის ცუდი ბიჭიაო. ასე ირღვეოდა ადამიანების უფლება, იმიტომ, რომ პატიმარი თანამშრომლობაზე ამბობდა უარს. მათ რაღაც წამლებსაც უკეთებდნენ, მე კი ციხეში შესვლაზე უარს მეუბნებოდნენ.

შევარდნაძის დროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რომ ვიყავი, კვირაში სამ დღეს მოქალაქეების მიღების დღეები მქონდა, შაბათ-კვირას კი კოლონიებში დავდიოდი. მკვლელებთანაც მქონია შეხვედრები, მათაც და მათ მშობლებსაც სულ ვეუბნებოდი, არანაირი შეღავათი არ გეკუთვნით, მოვა დრო, აქედან გახვალთ, მაგრამ ის ვინც მოკალით, სამუდამოდ მიწაში იქნება-მეთქი.

ლაპარაკიც კი არ იყო მათ შეწყალებაზე. ეს ეხებოდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებულებსაც, მიშას დროს კი ბევრი ასეთი შეიწყალეს. ეს პრეზიდენტის პრეროგატივა იყო. არასოდეს დამავიწყდება ის პერიოდიც, როცა სიკვდილმისჯილები გვყავდა ციხეებში, მე მათაც ვხვდებოდი იმ საშინელ, ნესტიან საკნებში. ერთხელ ჩემი ყოფილი მოსწავლე ვნახე. ის აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ როცა მოინდომა ჩემთან შეხვედრა, უარი ვუთხარი, იმდენად ვიყავი აღშფოთებული. არადა, თითქოს სკოლაში ნორმალური ბიჭი იყო. მერე სიკვდილით დასჯა გაუქმდა და სიკვდილმისჯილებს სასჯელი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ალბათ, გამოვიდა კიდეც ციხიდან, მაგრამ მისი ბედით არ დავინტერესებულვარ, ისეთი მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი... ხშირად პატიმრები გვთხოვდნენ, თქვენთან აგვიყვანეთ შეხვედრაზე, ცოტა ხანს ჰაერს მაინც ჩავყლაპავთო. ერთხელ ამომიყვანეს სიკვდილმისჯილი მამაკაცი, რომელიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ძლივს ლაპარაკობდა. მითხრა, ქალბატონო ელენე, მე არ ჩამიდენია მკვლელობა, მშობლები არა მყავს და მხოლოდ ეს მინდა, თუ რამე მომივა,­ თქვენ ილოცოთ ჩემთვის, იმიტომ, რომ მე მართალი ვარო. მის გულწრფელობაში დავრწმუნდი და სპეციალურად მივედი პროკურატურაში ამ საქმეზე. საბოლოოდ ზემდგომ ინსტანციაში გაამართლეს, იმავე დღეს გახარებული მივვარდი ციხეში, მაგრამ მითხრეს, დღეს დილით გარდაიცვალაო. დღესაც, როცა ის პატიმარი მაგონდება, ცუდად ვხვდები. ისე გარდაიცვალა, ვერ გაიგო, მისი სიმართლე რომ დამტკიცდა. როცა ეკლესიაში შევდივარ, მას სანთელს აუცილებლად ვუნთებ.

- ძველ კოლეგებთან გაქვთ ურთიერთობა?
- არა, ძალიან ბევრი სხვა პარტიაშია.

მე არ ვცემ პატივს ისეთ პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია იქით წავიდეს, საითაც ქარი დაუბერავს. მე ზურაბ ჟვანიას გავყევი პოლიტიკაში და დღემდე მისი ერთგული ვარ.

- თქვენი გამონათქვამები სოციალურ ქსელშიც აიტვირთა, ხომ არ გაეცანით და რა რეაქცია გქონდათ?
- მეც მითხრეს, მაგრამ მე არა მაქვს კომპიუტერი, არც ნოუთბუკი, ამიტომ არ ვსარგებლობ სოციალური ქსელით. როცა პირველად შევედი პარლამენტში, მაშინ სხდომები "იმელის" შენობაში იმართებოდა. მახსოვს, შს მინისტრად კახა თარგამაძეს ამტკიცებდნენ და რუსულად დავიწყე საუბარი, ვუთხარი, რომ მხარს არ დავუჭერდი, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პირი, ვინც შევარდნაძის ტერაქტთან დაკავშირებით დააკავეს, უსამართლოდ იყო დაკავებული. მაშინ ზურაბ ჟვანიამ შემაწყვეტინა საუბარი და მითხრა, ჩვენთან სხდომებზე ქართულ ენაზე ლაპარაკობენო. არადა, ქართულად მიჭირდა ლაპარაკი, მაინც გავაგრძელე საუბარი და პრეზიდიუმიდან მკარნახობდნენ სიტყვებს. ასე გამოვედი მათი ნაკარნახევით მაშინ ქართულად. იმ პერიოდში ხშირად მიწვევდნენ ტელეეთერში. როცა გადაცემის შემდეგ შინ ვბრუნდებოდი, ჩემი შვილიშვილები მისწორებდნენ შეცდომებს, რომელთაც ლაპარაკისას ვუშვებდი, და ნელ-ნელა ვისწავლე უფრო ნორმალურად საუბარი.

ყველა მეუბნებოდა, ჩემი შეცდომებით მე უფრო ლიტერატურული ქართულით ვსაუბრობდი, ვიდრე ის ქართველები, რომლებსაც ქართული განათლება ჰქონდათ მიღებული და ტრიბუნასთან იდგნენ.

- ახლა გაიხსენეს აკაკი ელიავასთან შეხვედრის შემდეგ თქვენი გამოსვლა. თქვენ გახსოვთ ეს ტექსტი?
- ქუთაისის ამბოხება რომ მოხდა, როცა სამეგრელოდან ელიავა და მისი მომხრეები წამოვიდნენ, მე და მიშა სააკაშვილი წავედით სამეგრელოში - ამბოხებაში მონაწილე სამხედროები სენაკის ბაზაში იყვნენ. მათ მიშა უხსნიდა, რა დანაშაული ჩაიდინეს, მე კი სენაკის მოსახლეობასთან შესახვედრად წავედი. ჩემ მიმართ მოსახლეობა ყოველთვის ნორმალურად იყო განწყობილი, როცა მათ ვესაუბრებოდი, მიშაც მოვიდა და ხალხს დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ მუშაობდა ამერიკაში, რომ იყო არაჩვეულებრივი ადვოკატი, მაგრამ საქართველო იმდენად უყვარდა, ყველაფერი მიატოვა, დიდი ხელფასი, კარიერა და საქართველოში ჩამოვიდა. ერთი მოხუცი მიუბრუნდა და უთხრა, შვილო, ვინ გთხოვა მერე საქართველოში დაბრუნება, ჩვენ ხომ არ დაგვიძახიაო...

კაკო ელიავა ტყეში იმალებოდა. რადგან სენაკში ვიყავი, მის სახლში მივედი. ამ დროს კაკო ელიავაც მოვიდა ტყიდან. ვერ გავიგე, როგორ იმალებოდა, ჩვეულებრივ დადიოდა აქეთ-იქით. ძალიან გაჭირვებული ოჯახი ჰყავდა. მხოლოდ ქალიშვილი იყო სახლში და როცა კაკოს ვესაუბრებოდი, გოგონა პიანინოს უკრავდა - მოკლედ, მუსიკის ფონზე გვქონდა ძალიან სერიოზული საუბარი. მე მინდოდა ამეხსნა მისთვის, რომ შევარდნაძე არ იყო საქართველოს მტერი. ვუთხარი, ძალიან კეთილი თვალები გაქვთ და წარმოუდგენელია, ადამიანი, რომელსაც ასეთი თვალები აქვს, ბოროტი იყოს-მეთქი. მწვავე საუბარიც გვქონდა. არ გავიმეორებ იმას, ჩამოსულმა რაც ვთქვი პარლამენტის სესიაზე.

- იქნებ გაიხსენოთ ფრაზა, რომელსაც დღესაც ღიმილით იხსენებენ.
- მრცხვენია... მგონი, შს მინისტრი გამოვიდა პარლამენტში და გალანძღა კაკო ელიავა, მე კი ვუთხარი: მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, თავი დაანებოს კაკო ელიავას. მე შევხვდი მას, მე მას მივაწვე, ის მე მომაწვა, ერთმანეთს მივაწექით და ამ მიწოლ-მოწოლაში მოვნახეთ საერთო ენა და კარგ დასკვნამდე მივედით-მეთქი. მთელი დარბაზი სიცილით მოკვდა... უარესებიც მითქვამს, ვიღაც გამოვიდა და თქვა, დეპუტატებში ნარკომანები არიან და ჩავატაროთ ნარკოტესტზე გამოკვლევაო. მაშინ ვთქვი, ჩვენ სანამ მივიღებდით სადეპუტატო მანდატს, მანამდე ყველანი გამოკვლევებულები ვიყავით-მეთქი. ასეთიც იყოც: "ეგენი უთხრეს, უთხრეს და გაუთხრეს ტუნელი და სამი პატიმრები გაქცევაში მიიმყოფებიან"...

კაკო ელიავას ძალიან ვერაგულად მოექცა ხელისუფლება. რომ წამოვედი ელიავას ოჯახიდან, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ კაცში რაღაც გარდატეხა მოხდა. ის თავისუფლად მოდიოდა თბილისში. მას პოლიცია ქუთაისში შეხვდა, პოლიციიდან კი გამოუშვეს, მაგრამ ზესტაფონში ზურგში ესროლეს და მოკლეს. ეს რა უბედურება იყო.

- რა სურვილი გაქვთ?
- მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - არ გავხდე ისე ცუდად, რომ მოსავლელი ვიყო ან შვილის, ან შვილიშვილის. სიკვდილის არ მეშინია, მეშინია, სხვისი ტვირთი­ არ გავხდე.

ჯერჯერობით თავად ვუვლი თავს. თუ რამე ისეთია, რომელსაც ვერ ვუმკლავდები, მაშინ ვაწუხებ შვილს. არაჩვეულებრივი შვილი მყავს. მე ყოველთვის სხვისი მხარი ვიყავი და არ მინდა ჩემი მოვლის გამო სხვები დაიჩაგრონ.
ქართველი
02 მაისი 2021 17:17
ქალ ელენე, თქვენ ამბობთ, რომ გაინტერესებთ რატომ მოკლეს ზურა ანუ იცით ვინ მოკლა,მაგრამ გაინტერესებთ რატომ მოკლეს. გეტყვით საზოგადოების აზრს, ბატ. ზურა ძალინ ჭკვიანი და განათებული ადამიანი იყო მიშას მისი ეშინოდა, მასში ხედავდა ძლიერ კონკურენტს........... სხვა დანარჩენი სასამართლოს პრეროგატივაა.
ალექსანდრე
22 აპრილი 2021 19:38
რისთვის ? მთავარია ვინ მოკლა და ეს ყველამ ვიცით! იცის ფებეერმაც, მაგრამ ჩვენსავით დუმს! რატომ? ეგაც ვიცით, მაგრამ ვდუმვართ!
ნინო
21 აპრილი 2021 22:15
მე მქონდა პატივი და ბედნიერება შევხვედროდი და მეთანამშრომლა ქალბატონ ელენესთან. ის არის ეტალონი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი დეპუტატი და როგორ უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობას! წავიკითხე ინტერვიუ დიდი სიამოვნებით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არ ტყუის, რომელიც არასდროს უმტყუნებს თავის პრინციპეპს და ყოველთვის შეინარჩუნებს თავის პოზიციას.
ძალიან საწყენია, რომ სასუნთქ აპარატზე ზრუნვა თვითონ ავადმყოფს მოუწია, სირცხვილი!!!
მინდა მადლობა გადაუხადო მას, როგორც ადამიანს, პედაგოგს, დეპუტატს და მოქალაქეს ადამიანებზე გაწეული ღვაწლისათვის და ვუსურვო მას ჯანმრთელობა, სიკეთე და ბედნიერება თავის ოჯახთან ერთად!

რუბრიკის სხვა სიახლეები