"ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ" - რაზე ისაუბრა "ლელო"-მ ელჩებთან - კვირის პალიტრა

"ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ" - რაზე ისაუბრა "ლელო"-მ ელჩებთან

"ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ, დიდი მცდელობაა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გადატვირთვა მოხდეს - ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან და ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არის საკმაოდ სერიოზული ძიება იმისა, რომ საკითხი ისე გადაწყდეს, რომ ის საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, მიღწეული იქნას.

"შეხვედრა გვქონდა ბატონ ჰარცელთან და ქალბატონ კელი დეგნანთან, ელჩებთან კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება ამ მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ "ლელოს" პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს ეთანხმება "ლელო", ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები, მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ, დიდი მცდელობაა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გადატვირთვა მოხდეს - ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომლებიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ იმ არანორმალურ სიტუაციას, რაც არის სასამართლოში, რაც არის საარჩევნო სისტემაში და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არის იმ ორი საკითხიდან ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც შევეხეთ, დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ არის საკმაოდ სერიოზული ძიება იმისა, რომ საკითხი ისე გადაწყდეს, რომ ის საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული იმიტომ, რომ სხვა კუთხით მე და ბადრი ჯაფარიძე სხვა თემა და მინართულება არ განგვიხილავს.

მმართველ გუნდთან ჩვენ შეხვედრა არ გვქონია. მე ვიცი, რომ ჩვენამდე იყო შეხვედრა", - განაცხადა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"