"თუ ვინმე ანტიგმირი იყო "ევროპულ საქართველოში", რომელიც ამომრჩეველს აფრთხობდა, ეს გიგა ბოკერია იყო. ამ პარტიის პერსპექტივა არასერიოზულად მეჩვენება" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმე ანტიგმირი იყო "ევროპულ საქართველოში", რომელიც ამომრჩეველს აფრთხობდა, ეს გიგა ბოკერია იყო. ამ პარტიის პერსპექტივა არასერიოზულად მეჩვენება"

"კარგად მესმის გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის საქციელი"

10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პარტია "ევროპული საქართველო" რამდენიმე ლიდერმა დატოვა, მათ შორის, დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმა. პარტიის დატოვების შესახებ არაფერს ამბობს სერგი კაპანაძე, თუმცა მან უკვე დატოვა პოლიტიკური საბჭო. ცოტა უფრო ადრე "ევროპული საქართველო" ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ დატოვეს.

როგორც  ცნობილია, 10 აპრილს "ევროპულმა საქართველოს" ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით გიგა ბოკერია აირჩია. ის ყოფილი თანაგუნდელების მიერ პარტიის დატოვებას შეცდომად მიიჩნევს.

"სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენთან ერთად არ არიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, არაერთი ლიდერი, ვისთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს რთული გზა გავიარეთ. მე ეს მიმაჩნია მათი მხრიდან სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად, ამას არ დავმალავ. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, განსაკუთრებით ასეთ დროს, რთულ ვითარებაში, მხოლოდ ამ პარტიისთვის კი არა, მთელი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ მოსაზრებას, მათ გადაწყვეტილებას..." - აღნიშნა ბოკერიამ.

რა ხდება "ევროპულ საქართველოში", რატომ ტოვებენ ლიდერები პარტიას? - ამის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ:

გია ხუხაშვილი:

- მე თუ მკითხავთ, არაფერი უცნაური არ ხდება ამ პარტიაში, კარგად მესმის გიგი უგულავასა და ბაქრაძის საქციელი. მათ ჰქონდათ პოლიტიკური პროექტი, გარკვეული სტრატეგიით წარდგნენ არჩევნებზე. მოლოდინი ვერ გაამართლეს, მათ შორის, თავიანთი პარტიული აქტივის, აიღეს ამაზე პასუხისმგებლობა და გავიდნენ პარტიული მმართველობიდან. ეს ძალიან ნორმალურია. ვიღაცამ არ აიღო ეს პასუხისმგებლობა, გიგა ბოკერიას გარდა, იქ აღარც კი დარჩა ვინმე. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ელექტორალურ მოცემულობაზე, მე მგონია, რომ პრობლემები ამ მიმართულებით გაათკეცდებოდა. თუ ვინმე ანტიგმირი იყო ამ პარტიაში, რომელიც ამომრჩეველს აფრთხობდა, ეს გიგა ბოკერია იყო. საერთოდ სტერილური დარჩა "ევროპული საქართველო", შესაბამისად, ამ პარტიის პერსპექტივა ძალიან არასერიოზულად მეჩვენება.

ამირან სალუქვაძე: - ჩემი აზრით, "ევროპული საქართველოს" ლიდერების ცვლილების მიზეზი იგივეა, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო. გრიგოლ ვაშაძეც და დავით ბაქრაძეც ჩაანაცვლეს უფრო ხისტი და არაკონსტრუქციული პირებით. რაც შეეხება თავად პარტიებს და "განახლებას", თუ ეს მართლა ადარდებდა ვინმეს, "ევროპული საქართველო" უფრო მეტად საჭიროებდა განახლებას, ვიდრე "ნაციონალები", რადგან წინა მოწვევის პარლამენტში "ნაციონალების" მთელი ბომონდი და საზოგადოებისთვის მიუღებელი პირები "ევროპულ საქართველოში" გადმოლაგდნენ. დღეს ძველები ჩაანაცვლეს ძველებმა. რა შეიცვალა?! - არაფერი. უბრალოდ, პოლიტიკოსობანას თამაში გრძელდება. დავით ბაქრაძეს წლების განმავლობაში ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსად გვისაღებდნენ და წავიდა. წასასვლელი ნამდვილად იყო, უგულავასთან და თარგამაძესთან ერთად, მაგრამ ყველა უნდა გაეყოლებინათ თან. წასულების განცხადებებიდან ჩანს, რომ ვერაფერი გაიგეს, რატომ უნდა წასულიყვნენ. ვერც დარჩენილებმა გაიგეს, რატომ უნდა წასულიყვნენ ესენი და რატომ უნდა დარჩენილიყვნენ, ვინც დარჩა. ერთმა თავისი თავი წამოაყენა პარტიულ თანამდებობაზე. უგულავას განცხადებას არც განვიხილავ. შეიტყაპუნა სხვა ექსჩინოვნიკებთან ერთად ბიუჯეტის მილიონები... ერთ ფრაზას მაინც გამოვყოფ, - წარსულის უარყოფის დრო არააო. თუ მასეა, რატომ მიდიხართ? ანუ, რჩებით წარსულ პოზიციებზე და არაფერს ინანიებთ?! ბაქრაძე თან ამბობს, არჩევნები გაყალბდაო, თან იქვე ამბობს, ჩვენმა პარტიამ წინა შედეგებზე გაცილებით ნაკლები აჩვენაო. ახლა აიღეს 3,7%. გაცილებით მეტი რომელ არჩევნებზე აიღეს? ასეა, წამოსცდებათ ხოლმე სიმართლე. ახალი იდენტობა უნდა შევიძინოთო და ოპოზიციის ლიდერად "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე აღიარა. მსგავსი აბსურდი გაგიგიათ სადმე? თუ ლიდერი სხვაა, რაღად გინდათ ორი პარტია? მოკლედ, შემდეგ არჩევნებზე კიდევ უფრო ნაკლებს ხმებს აიღებთ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)