მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გლეხებო, გეხვეწებით, დათესეთ სიმინდი, დათესეთ, თორემ ცუდადაა ჩემი საქმე. სიზმარშიც ჰიბრიდულ სიმინდს ვხედავ. სიმინდი გახდა ჩემი ღამეული კოშმარი. ყოველღამ მესიზმრება, თითქოს ვდგავარ დიდ, ტრიალ მინდორზე, რომელიც ადრე რომელიღაც ჩინოვნიკის ძროხების საძოვრები იყო.

იქნება ასე, 200 ჰექტარი. ამ დროს მოფრინავს შვეულმფრენი, ჩემს თავს ზემოთ ჩერდება, კარი იღება და საქართველოს პრეზიდენტი დამცქერის, თან ყვირის: "არ გინდოდა ხომ სიმინდი?! არ გინდოდა, არა?!" - ამ დროს ხელებს წინ იშვერს და ზეციდან ჰიბრიდული სიმინდის თესლს მაყრის, მაყრის და მაყრის. სადაცაა სიმინდი დამფარავს, გაქცევას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვახერხებ. საითაც უნდა წავიდე, პრეზიდენტი ყველგან მომდევს. ბოლოს ვიღლები. ის კი ისევ მაყრის და მაყრის. არ ჩერდება... უცებ პრეზიდენტი დათა თუთაშხიად გადაიქცევა, მე კი ვითომ ის მღვდელი ვარ, მარცვლეულში რომ დამარხავენ. ამ დროს საიდანღაც ბაკურ კვეზერელი ჩნდება, რომელსაც გივი ბერიკაშვილის სახე აქვს. ისიც სიმინდში  ჩემს ჩახრჩობას ცდილობს, თან ყვირის:

"რატომ მექცევით ასე?! თქვენთვის ხომ სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია?! დათესეთ სიმინდი!" - და რატომღაც პრეზიდენტი მასაც ჩემთან ერთად მარხავს. შეშინებული უკანასკნელ ძალას ვიკრებ, ვცდილობ, გავიქცე, მაგრამ რაც მეტს ვმოძრაობ, სიმინდში მეტად ვეფლობი. თან კვეზერელი მებღაუჭება. ცდილობს, არ ჩამომრჩეს და მეც უკან მიმათრევს.

პრეზიდენტი კი ხარხარებს: "არ გინდოდა, არა, ამერიკული სიმინდი?!" სიმინდის მარცვლები უკვე თავსაც მიფარავს. როცა მგონია, უკვე ცოცხალი აღარ ვარ, ჩემთან ყოფილი ჩინოვნიკის ფერდებჩაცვენილი ძროხები მოდიან ბღავილით: "სიმინდი ვჭამოთ ახლა ჩვენ?!" - მათგანაც ვცდილობ გაქცევას. ისინი კი ისევ მომბღავიან, "აღარ ვართ ხომ საჭირო? მარტო სიმინდი გეყოფათ, თქვე უმადურებო?!" - და სწორედ ამ დროს მეღვიძება ოფლში გახვითქულს... და ასეა ყოველ ღამე.

გეხვეწებით, დათესეთ ეს ოხერი სიმინდი, ხალხი არა ხართ, თორემ დავიტანჯე! დათესეთ! სააკაშვილიც დაისვენებს, მეც და საცოდავი ბაკურ კვეზერელიც. აი, ძროხების ინტერესებს ვინ დაიცავს, არ ვიცი...

მარაზმმოქმედება

ამ ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე დღესასწაულებიც კი სამარცხვინო გახდა. მოახლოვდება თუ არა რომელიმე დღესასწაული, მაშინვე გაახსენდებათ ქველმოქმედება. ქველმოქმედება და გაჭირვებულები მარტო დღესასწაულებზე რომ ახსენდებათ, ეს ერთი პრობლემაა. თუმცა ამას რა უჭირს? მთავარი მარაზმი, ქველმოქმედება რომ გაახსენდებათ, მერე იწყება. დაირაზმებიან მსხვილი თუ წვრილი ჩინოვნიკები, ხელში რამდენიმე კანფეტს, პასქასა და კვერცხს დაიჭერენ, ამოარჩევენ რომელიმე გაჭირვებულ ოჯახს და მიადგებიან ტელეკამერების თანხლებით. ტელეკამერების რაოდენობა ყოველთვის აჭარბებს იმ კანფეტებს, რომელსაც გაჭირვებულებს ჩუქნიან. მერე ყველა ნაციონალური ტელევიზია ატრიალებს მთელი დღე, როგორ ჩაიდინა ქველმოქმედება მავანმა და მავანმა ჩინოვნიკმა;

როგორ მიულოცა აღდგომა ამა და ამ გაჭირვებულ ოჯახს. მსხვილი პლანით გვაჩვენებენ მავანი ჩინოვნიკის სახეს, რომელზეც დიდი თანაგრძნობა და კაცთმოყვარეობაა აღბეჭდილი, შემდეგ ტელეკამერა ქველმოქმედების ობიექტებზე გადადის. ისინი რატომღაც ყოველთვის თავდახრილები იღებენ ასეთ საჩუქრებს. მერე ტელევიზიები მათთან ჩაწერილ კომენტარებს გვასმენინებენ. ისინი მადლობას უხდიან ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის. ჩინოვნიკი აუცილებლად ამბობს, რომ გაჭირვებულების დახმარება მისი ვალია. ამ დროს არავინ ფიქრობს, იმ გაჭირვებულ ოჯახს, სახლში ტელეკამერებით რომ უცვივდებიან, აქვს თუ არა სურვილი თავისი გაჭირვება მთელ ქვეყანას გააგებინოს, ყველას აჩვენოს, რომ დასახმარებელია, მთელი სამყაროს დასანახად აიღოს მოწყალება, თან ეს ყველაფერი სამი წითელი კვერცხისა და ორი პასქის სანაცვლოდ.

თუმცა, ერთია ამ ოჯახების თავმოყვარეობა და მეორე იმ ადამიანების სიმდაბლე, რომლებიც ტელეკამერების თანხლებით ქველმოქმედებენ. მადლი ქენი, ქვაზე დადეო, ქართველ კაცს უთქვამს. ესენი კი მცირე მადლსაც ისე არ იზამენ, თუ ხელები უკანალზე არ დაიწყვეს და გაბრექილებმა ტელევიზიების მეშვეობით მთელ ქვეყანას არ ამცნეს: შემოგვხედეთ, რა კარგი ხელისუფლება ვართ, ქველმოქმედებასაც კი ვეწევითო. შევარცხვინე ასეთი ქველმოქმედება!

ეს ქველმოქმედება კი არა, მარაზმმოქმედებაა; მოყვასის სიყვარული კი არა, მოყვასის სიძულვილია, სხვისი გაჭირვებით პოლიტიკური ქულების დაწერა - საკუთარი თავის გაპიარება. ხელისუფლების გონიერება იქამდეც კი ვერ მიდის, რომ ასეთი საქციელი ხალხში გაღიზიანებას უფრო იწვევს და საბოლოოდ მისივე ანტირეკლამა გამოდის.

აქვე მინდა, ჩვენს ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც ვურჩიო: ნუ დაემსგავსებით "ნაციონალური მოძრაობის" მარაზმმომქმედებს!

ლოგიკური დასასრული

ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალში ჩავიდა და კოკოითის ცოტა ხნით თავი კაცად აგრძნობინა. შემდეგ კი დაიწყო დიპლომატიური გადაძახებ-გადმოძახება. ჯერ ლავროვმა საქართველოდან პროვოკაციების საფრთხე არ გამორიცხა და სეპარატისტებს დაჰპირდა, აუცილებლად დათანხმდება თბილისი ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერასო.

მერე სოხუმში ჩავიდა და იქ თქვა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს გარეშეც გავწევრდებითო. საქართველოდან პასუხმაც არ დააყოვნა: ჯერ ვაშაძემ თქვა, რუსეთს აუცილებლად მოუწევს საქართველოსთან თანაბარ დონეზე დალაპარაკებაო, მერე ლავროვი შანტაჟის მოწყობაში დაადანაშაულა. მას არც ქართველი დეპუტატები ჩამორჩნენ და ისეთი ბრექით ილაპარაკეს, იფიქრებდი, ომი მართლაც ჩვენ მოვიგეთო. აი, ხუთშაბათისთვის კი ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა - ევროპა შეშფოთდა.