"ნიკა მელიას ციხის გარეთ ყოფნა ხელისუფლებას დამატებით პრობლემას ვერ შეუქმნის, ამიტომ გაუგებარია, რატომ არ ათავისუფლებს მას ხელისუფლება" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელიას ციხის გარეთ ყოფნა ხელისუფლებას დამატებით პრობლემას ვერ შეუქმნის, ამიტომ გაუგებარია, რატომ არ ათავისუფლებს მას ხელისუფლება"

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება ქვეყნის შიგნით დამატებით აღშფოთებას ან უარყოფით მუხტს არ გამოიწვევს. თუმცა, როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ იმისთვის გამოიყენოს, რომ მისთვის არასასურველ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღოს. როგორც ძაბირაძე განმარტავს, ამის საბაბი შესაძლოა გახდეს ის, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ დომინირებს, რასაც ოპოზიციური სპექტრი ერთ-ერთ მთავარ საკითხად ასახელებს.

"ნიკა მელიას არგათავისუფლება შესაძლოა ოპოზიციამ გამოიყენოს იმისთვის, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება არ მოინდომოს. მისთვის ეს მომგებიანი არ არის, რადგან რიგგარეშე არჩევნების თემა არ დომინირებს და დანიელსონის დოკუმენტში საერთოდ ნახსენები არ არის. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ოპოზიციამ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა გამოიყენოს იმისთვის, რომ მისთვის არასასურველ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღოს და გარკვეული პიარი გააგრძელოს დასავლელ პარტნიორებთან, მაგრამ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე არ იმოქმედებს. რომ მოქმედებდეს, გუშინ აქცია სასამართლოსთან კი არ დამთავრდებოდა, რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებდა",-განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება ხელისუფლებას დამატებით პრობლემას ვერ შეუქმნის.

"მელია იქნება ციხეში თუ ციხის გარეთ, რისი რესურსიც მას აქვს, ესაა, უფრო მეტის რესურსი არ აქვს, ანუ ნიკა მელიას გარეთ ყოფნა ხელისუფლებას დამატებით პრობლემას ვერ შეუქმნის. ამიტომ არის გაუგებარი, რატომ არ ათავისუფლებს ხელისუფლება ნიკა მელიას. გარეთ რომ იქნება რა? არც არაფერი. იყო გარეთ, მაგრამ აქციების აგორება რომ შეძლებოდა მას და ზოგადად, ასეთი განწყობა რომ იყოს ქვეყანაში, ეს ისედაც მოხდებოდა. ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული მიზანი იმისა, თუ რისთვის სჭირდება პატიმრობა. ჯინაზე ჰყავს ნიკა მელია პატიმრობაში?! რატომ იყენებს თავს უხერხულ მდგომარეობაში, ყველა შეხვედრაზე თავი იმართლოს და ამტკიცოს, რომ ის პოლიტპატიმარი კი არ არის, არამედ აღკვეთის ღონისძიება დაარღვია და ამიტომ შეეფარდა პატიმრობა. უბრალოდ, ლოგიკური არ არის. საუბარი იმაზე, რომ ეს სამართლებრივი საკითხია და ასე შემდეგ, ამ ქვეყანაში სამართალზე საუბარი მთავრდება მაშინ, როდესაც სასამართლოს რეფორმებზე 30 წელია ვსაუბრობთ. სამართალს და კანონს ვერ დაარღვევ, ამ ქვეყანაში ეს სამწუხაროდ, "არ მოსულა". 30 წელია, რომელი ხელისუფალიც არ უნდა იყოს, როცა მოუნდება, კანონს მაშინ არღვევს",- განაცხადა ძაბირაძემ.

მისი განმარტებით, დროა, ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების საკითხი დროულად გადაჭრას.

"ჩემია აზრით, დროა, "ქართულმა ოცნებამ" უფრო მასშტაბური გადაწყვეტილება მიიღოს და არა მარტო ხელი მოაწეროს დოკუმენტს, არამედ დაიწყოს დანიელსონის მიერ შემოთავაზებული გეგმის განხორციელება, ეს საჯაროდ, ხმამაღლა განაცხადოს და ამ პროცესს შეუდგეს. ამ შეთხვევაში, "ქართულ ოცნებას" დასავლეთიდან მხარდაჭერა ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანასაც მხარდაჭერა ექნება. თემები, რომელზეც საუბარია, მაგალითად, ფინანსური ტრანშების შემცირებაზე თუ შეწყვეტაზე, ალბათ, ავტომატურად მოიხსნება. რას გააკეთებს ხელისუფლება, ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, პატიმრების თემა უნდა გადაწყვიტოს",-განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გუშინ პატიმრობაში დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"