"უნდა დასრულდეს ხელისუფლების რევოლუციებით ცვლილებები" - კვირის პალიტრა

"უნდა დასრულდეს ხელისუფლების რევოლუციებით ცვლილებები"

"ყოველ 5 და 10 წელიწადში ქონების ხელახალი გადანაწილება  აშენებულს ანგრევს"

როდესაც ოპოზიციის ნაწილი პროცესების რევოლუციურ განვითარებას აანონსებს, ნაწილი კი პირობას დებს, დემოკრატიული არჩევნებით შევცვლით ხელისუფლებასო, საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი, ვინც პროცესებს გარედან აკვირდებიან. დამოუკიდებელ ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს პროცესების სავარაუდო განვითარების შესახებ ვკითხეთ:

- საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ოპოზიცია კი არა, საქართველოს ეკონომიკაა. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ხალხმა ეს გააპროტესტა, მაგრამ ვერაფერი მიიღო. საზოგადოება ეძებს საყრდენებს და დროს, როდესაც გამოხატავს პროტესტს და ამას მისი მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება. ხალხს არა აქვს სამსახური, ცხოვრების ნორმალური პირობები, იმ მინიმუმის გამომუშავების საშუალებაც კი, რომელიც ცხოვრების შედარებით ნორმალურ პირობებს შეუქმნის. საზოგადოების ამ ფუნდამენტური პრობლემის მოგვარებისაკენ გადადგმული ხელისუფლების ნაბიჯები არ ჩანს. პოლიტიკური სპექტრი ხალხს მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე ესაუბრება და არა იმ პრობლემებზე, რაც ხალხისათვის არის სასიცოცხლო.

საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა  დაუშვა და დაკარგა ის უზარმაზარი ნდობა, რომელიც 2003-2004 წლებში ჰქონდა. მაშინ საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო მთელ  ქართველ საზოგადოებასთან ეთანამშრომლა, მართლაც ძირეული რეფორმები გაეტარებინა და არ მიემართა ასაკობრივი სეგრეგაციისთვის. ხელისუფლების მხარდამჭერები, ძირითადად, სახელმწიფო სექტორშივე მომუშავე პირები არიან, მაგრამ იქაც ისეთი რეორგანიზაციები მიდის, შეიძლება უკითხავად მოისროლონ ადამიანი. საზოგადოების უმეტეს ნაწილს არასტაბილურობისა და უგარანტიობის განცდა აქვს. სწორედ ეს შეიძლება დაუჯდეს ძალიან ძვირად ხელისუფლებას.

- ბიზნესის მდგომარეობაზე რას იტყვით?

- ბიზნესს არეალი შეზღუდული აქვს და მოქმედების ეშინია. შევიწროებულ ბიზნესს კი დიდი გაქანება ვერაფრით ვერ ექნება. ბიზნესის განვითარებას უმკაცრესი კანონები და მათი დაცვა სჭირდება. მეწარმე კანონდარღვევის გამო უნდა დაისაჯოს და არა პოლიტიკური შეხედულებებისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი რეალობა, როდესაც ადამიანი არჩევნებზე საკუთარ ნებას გამოხატავს და ხელისუფლებაში მოსული ძალა არ დაიწყებს იმის ქექვას, ვინ უჭერდა მას მხარს და ვინ არა. სანამ ასეთ რეალობას არ შევქმნით, მანამ არ ვიქნებით სახელმწიფო. ჩვენ არც ვართ სახელმწიფო, მაგრამ სახელმწიფოს  მოდელს ვიყენებთ კლანური, პარტიული და გნებავთ, ჯგუფური ინტერესების გასატარებლად. Aასეთ დროს ბიზნესი ყოველთვის დაუცველი იქნება.

არჩილ გეგენავა ახალგაზრდა კაცია. ხელისუფლება რომ შეიცვლება, რას იზამს? ხომ მოუწევს ან ბიზნესი დათმოს, ან სადღაც წავიდეს.

როდესაც ბიზნესი ხელისუფლების ხელშია მოქცეული, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ თავიდან იწყება გადანაწილება და ახალი ბიზნესჯგუფები ჩნდება. საქართველოში, ფაქტობრივად, ვერ ნახავთ დამოუკიდებლად განვითარებულ ბიზნესს. ყველა ბიზნესი, რაც მუშაობს, ხელისუფლებასთან არის ასოცირებული.

თუ ქვეყანაში არ არის მემკვიდრეობითობა, თუ მოქალაქეებს არ შეუძლიათ საკუთარი შრომით შექმნან სიმდიდრე და მერე მშვიდად გადასცენ ის თავიანთ მემკვიდრეებს, თუ ეშინიათ ხელისუფლებაში ერთი პოლიტიკური ჯგუფის მეორით ჩანაცვლებისა, მუდამ გვექნება ქონების გადანაწილების საშიშროება. ყოველ 5 და 10 წელიწადში ქონების ხელახალი გადანაწილება კი აშენებულს ანგრევს.

- სად არის გამოსავალი?

- ქვეყანა რომ განვითარდეს, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ნიჭისა და უნარის თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. ასეთ გარემოში მოქცეული ადამიანი რას მოიმოქმედებს, რას მოიგონებს, ამას ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ გადაწყვეტს თავის კაბინეტში.

უნდა დასრულდეს ხელისუფლების რევოლუციებით ცვლილებები. როდესაც ახალი ძალა ძალადობით მოდის, ყოველთვის ჩნდება შურისძიების სურვილი. სანამ ეს არ მოიშლება, სანამ ქართველი საზოგადოება და პოლიტიკური ლიდერები არ შეთანხმდებიან პოლიტიკური თამაშის წესებზე, მანამ არ დასრულდება ეს რევოლუციური ციკლი.

- ხელისუფლება ხშირად ამბობს, ძალაუფლების დათმობა საქართველოს ორიენტაციის შეცვლის საფუძველი გახდებაო.

- საქართველოს ორიენტაცია უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში გადახედვას არ ექვემდებარება. საქართველოს დასავლური კურსი აქვს არჩეული და ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოს ორიენტაციას შეაცვლევინებს.

- ორი პოლიტიკური ძალა რევოლუციას აანონსებს. რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ განცხადებებს?

- მოვლენათა განვითარება დამოკიდებულია არა იმაზე, რას ამბობს ეს ორი ძალა, არამედ იმაზე, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება. თუ ის დაანახებს საზოგადოებას, რომ მისი ძალისხმევა რეალურად მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობისა და იმ პრობლემების აღმოფხვრისაკენ, რაც ხალხს აწუხებს, რევოლუცია არ მოხდება.