"უკვე ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი გახარიას მიმართ გარკვეულ შეტევებს ახორციელებს, მას ორმხრივ ცეცხლში მოუწევს გავლა და..." - კვირის პალიტრა

"უკვე ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი გახარიას მიმართ გარკვეულ შეტევებს ახორციელებს, მას ორმხრივ ცეცხლში მოუწევს გავლა და..."

"მიშაზე არის ვერსია, რომ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალსო. გახარიაზე ამბობენ, ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალსო. გადავწყვიტოთ, ივანიშვილის წისქვილი გვირჩევნია თუ - პუტინის"

"ქართული ოცნება" ექვსმა დეპუტატმა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ საქმიანობას.

"თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ "ქართულ ოცნებას" და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები",- ეს განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა გააკეთა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერები ყოფილი პრემიერის - გიორგი გახარიას პოლიტიკურ განცხადებაზე, ითანამშრომლებს თუ არა დანარჩენი ოპოზიცია ახალ პოლიტიკურ ძალასთან, რა სტრატეგიას აირჩევს მასთან ურთიერთობაში ხელისუფლება და როგორი იქნება საზოგადოების განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ამის შესახებ საუბრობენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი - ხატია დეკანოიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

ხატია დეკანოიძე: - გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოცულია. სანამ ოპოზიციონერობაზე განაცხადებს პრეტენზიას, მანამდე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. პირველ რიგში, ივანიშვილის ხელისუფლების რეჟიმი უნდა შეაფასოს, უნდა თქვას, რას ფიქრობს იმ განვლილ წლებზე, როდესაც თვითონ იყო პრემიერი, მანამდე კი - შინაგან საქმეთა მინისტრი. ასევე, უნდა თქვას, ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს ადამიანების დარბევაზე, ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრაზე. თუ მას არ გაუცია ასეთი ბრძანება, მაშინ რატომ არაფერი თქვა?!

თუ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ისიც და მისი გუნდიც ადეკვატურ შეფასებას მიიღებენ საზოგადოების მხრიდან. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი პოლიტიკურ განზომილებაში მასზე ლაპარაკი. ახლა, ჩემთვის არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც "ქართული ოცნება" ახლახან დატოვეს, ოპოზიციას არ წარმოადგენენ.

არჩილ თალაკვაძე: - გიორგი გახარია არათანამიმდევრული იყო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს, გუნდთან ურთიერთობაში. არათანამიმდევრულია დღესაც, სამწუხაროდ, რომ მან პირადი ურთიერთობები არჩია იმ სახელმწიფოებრივ მიზნებს და პირობებს, რომელიც ერთად მივეცით საზოგადოებას და რასზეც პასუხისმგებლობა არჩევნების დროს ერთად გვქონდა აღებული. რა თქმა უნდა, დაველოდებით, ვნახავთ, რა ტიპის პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ბევრი კითხვა და ამაზე პასუხი იქნება გასაცემი.

ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც ის გამოწვევებია ქვეყანაში, რასზეც ისაუბრეს თავადაც, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია. სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და ლაპარაკობ იმ პრობლემებზე, რასზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშავო.

რამაზ საყვარელიძე:

- არის თუ არა გიორგი გახარია დამოუკიდებელი მოთამაშე?! რა გითხრათ, პოლიტიკაში არის კი ვინმე დამოუკიდებელი?! დანარჩენი გადავწყვიტოთ. მიშაზე არის ვერსია, რომ არ არის დამოუკიდებელი, პუტინის წისქვილზე ასხამს წყალსო. გახარიაზე ამბობენ, ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალსო. გადავწყვიტოთ, ივანიშვილის წისქვილი გვირჩევნია თუ - პუტინის.

- ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილი პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს და რა გამოდის, ყველა გზა პუტინთან მიდის? დაიბნა ამომრჩეველი.

- ამომრჩველი კი არა, მეც დავიბენი. ივანიშვილის მიერ პუტინის წისქვილზე წყლის დასხმა რით გამოიხატება?

- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ იგი არ აპროტესტებს რუსეთის განგრძობად ოკუპაციას და არ იბრძვის ამის წინააღმდეგ, ქვეყნის ეკონომიკას რუსეთზე დამოკიდებულს ხდის, გავრილოვი ჩამოიყვანა, პოზნერს უმასპინძლა და ა.შ. "ლელოს" ლიდერების აზრით, ანაკლიის პროექტის ჩაშლაც რუსული ინტერესით იყო განპირობებული.

- ის, რომ ივანიშვილი არ აგინებს პუტინს, არ ნიშნავს, რომ მის წისქვილზე ასხამს წყალს. გავრილოვისა და პოზნერის თბილისში ვიზიტი კი ოპოზიციის და რუსეთის ალიანსით იყო განპირობებული. ისიც საკითხავია, ანაკლია ივანიშვილმა ჩაშალა თუ - მამუკა ხაზარაძემ?!

- დღეს გახარიას გუნდის სახით პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ძალა გაჩნდა. ეს რას ნიშნავს, ის კონსტრუქციული ოპოზიცია იქმნება, რომელზეც ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისას ლაპარაკობდა?

- მე ვფიქრობ, რომ გახარია ქმნის მესამე ძალას.

- რა გაძლევთ ამის ფიქრის საბაბს? - ის, რომ ხალხში არის მესამე ძალის მოთხოვნა. გახარიას კი აქვს მესამე ძალის შექმნის შესაძლებლობა.

- იმისთვის, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბდეს, უნდა დაიჯეროს თუ არა ხალხმა, რომ ის დამოუკიდებელია? - ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი, ხალხმა დაიჯეროს, რომ გახარიას ბიძინა ივანიშვილთან კავშირი არ აქვს. დედამიწის ზურგზე ვერავინ და ვერაფერი დაამტკიცებს, ვის ვისთან აქვს კავშირი. ამიტომ, იმ საკითხის თავიდანვე ასე დაწყება, რომელიც გადაუწყვეტელია, არასწორად მიმაჩნია.

- თქვენი ვერსიით, გახარია "თავის ტკივილი" ოპოზიციისთვის გახდება  თუ - "ქართული ოცნებისთვის"? ვგულისხმობ "ქართული ოცნების" დღევანდელ ლიდერებს და არა - ივანიშვილს. - ერთისთვისაც და მეორისთვისაც. უკვე ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი გარკვეულ შეტევებს ახორციელებს. ისეთს არა, როგორსაც ოპოზიცია, მაგრამ მაინც... ასე რომ გახარიას, როგორც მესამე ძალას, ორმხრივ ცეცხლში მოუწევს გავლა.

"ლელოსაც" ჰქონდა მესამე ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივა, მაგრამ ორმხრივ ცეცხლს ვერ გაუძლო და ოპოზიციური ერთობისკენ გადაიხარა. ფაქტია, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბებას დიდი ნებისყოფა და ძალა სჭირდება. ვფიქრობ, გახარია ამას შეძლებს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)