"დასავლეთი უკვე აფასებს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და იქ ცარიელი სკამები იქნება, ეს რუსეთისთვისაა სასარგებლო" - კვირის პალიტრა

"დასავლეთი უკვე აფასებს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და იქ ცარიელი სკამები იქნება, ეს რუსეთისთვისაა სასარგებლო"

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხზე არ იმსჯელებენ, თუმცა, მისი შეფასებით, შესაძლოა, აღნიშნულ საკითხზე გარკვეული მინიშნებები გაჟღერდეს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოსალოდნელია, რომ დიპლომატების განცხადებები გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის.

"ამ ეტაპზე ნამდვილად არ ველოდები, რომ დასავლეთი ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს და სანქციების თემას რეალურად აამუშავებს. თუმცა, ზოგად ნაწილში შესაძლოა, ამაზეც იყოს მინიშნება და გარკვეული მოთხოვნებიც. თუ ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდა და უფრო რადიკალური ხასიათი არ მიიღო, არ მგონია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რეალურად დადგეს. თუმცა, ჩემი აზრით, დიპლომატების განცხადებები უფრო მკვეთრი იქნება, ვიდრე კრისტიან დანიელსონის",-განაცხადა ძაბირაძემ.

მისი განმარტებით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკვე ისმის შეფასებები, რომ როგორც ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი, ასევე პოლიტპატიმრების არგათავისუფლება, რუსეთისთვის არის სასარგებლო.

"დასავლეთი უკვე აფასებს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და იქ ცარიელი სკამები იქნება, ეს რუსეთისთვისაა სასარგებლო. ასევე აფასებენ იმასაც, რომ თუ "ქართული ოცნება" პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, ესეც რუსული ნარატივია. დასავლეთს ოპოზიციაზე პირდაპირი ზემოქმედება არ შეუძლია. რაც შეეხება ხელისუფლებას, ერთადერთი ბერკეტი აქვს დასავლეთს, ეს არის ეკონომიკური სანქციები, მაგრამ ეს უკიდურეს შემთხვევაში იქნება. ჩათვალეთ, რომ თუ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ეკონომიკური დახმარების შეწყვეტის თაობაზე, ეს არ ნიშნავს მარტო ეკონომიკური დახმარების შეწყვეტას, არამედ იმას, რომ დასავლეთმა საერთოდ დაივიწყა საქართველო", -განაცხადა ძაბირაძემ.

ის მოელის, რომ 19 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იქნება მოწოდებული კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული გეგმა.

"დარწმუნებული ვარ, მათ მიერ გაკეთებული განცხადება არ იქნება ძალიან შორს იმ გეგმასთან, რაც კრისტიან დანიელსონის მიერ იყო შემუშავებული და ქართველი პოლიტიკოსებისთვის მიწოდებული, როგორც დასავლელი პარტნიორების საერთო პოზიცია. ვფიქრობ, ამჯერად უკვე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იქნება მოწოდებული ეს გეგმა ქართველი პოლიტიკური ელიტისთვის. რამდენად მიიღებს ქართული პოლიტიკური ელიტა ამ შემოთავაზვბას, ამის თქმა გამიჭირდება",-განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა ეძებოს.

"გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პატიმრები და დაიწყოს შემოთავაზებული გეგმის შესრულება, მიუხედავად იმისა, ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა",-განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეო კონფერენცია გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ინფორმაციას მიაწვდის ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აქვე საუბარია, რომ როგორც მოსალოდნელია, განსახილველ საკითხებს შორის იქნება ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში, ასევე ერთობლივი და მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), იგივე ირანის ბირთვული შეთანხმება.

"ინტერპრესნიუსი"