"ორშაბათს პარლამენტში მისვლას ვაპირებთ, უბრალოდ გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ" - კვირის პალიტრა

"ორშაბათს პარლამენტში მისვლას ვაპირებთ, უბრალოდ გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ"

პარტია "გირჩის" წევრები ორშაბათს პარლამენტში მივლენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში "უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ".

რაც შეეხება იარაღის ტარების პრივილეგიის გამოყენებას, მეგრელიშვილის თქმით, "ამასაც ნელ-ნელა გაარკვევენ".

"უბრალოდ მისვლას ვაპირებთ, გაცნობის დაწყებას. უბრალოდ გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ",- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, "გირჩი" პარლამენტში გარკვეული მოთხოვნების სანაცლოდ შესვლას აპირებს. ამასთან, პარტიის განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. "თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს; იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს);პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას", - აცხადებენ გირჩში.

"ინტერპრესნიუსი"