"ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს"

"ქართული ოცნება" მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.

"ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრიცნიპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" ამ ტესტს უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას.

"გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო გონიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. "ქართული ოცნება" ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრქუქციულ ნაწილსაც გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია "ქართული ოცნების" მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში", - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ "თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევში ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით".

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იყო გარკვეული ცილისწამება და მცდელობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" გუნდზე ყოფილიყო.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს მედიატორ კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ისე, როგორც ის არის წარმოდგენილი.

"ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, "ქართული ოცნება" ამ პირობებს შეასრულებს და ეს იყო ჩვენს მიერ დიალოგის ბოლო რაუნდშიც.

ჩვენ ვთქვით, რომ პრინციპულად მზად ვართ, მოვაწეროთ შეთანხმებას ხელი, თუ ოპოზიცია ხელს აწერს ამ დოკუმენტს. მას შემდეგ იყო გარკვეული ინსინუაციები, რომ თითქოს "ქართული ოცნება" არ აწერდა ხელს და არ ეთანხმებოდა ამ დოკუმენტს, იყო ასევე მცდელობა, რომ ბრალდება სწორედ ჩვენსკენ ყოფილიყო, რომ თითქოს ჩავშალეთ ეს შეთანხმება. დღეს ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ კონსულტაციების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს საკმარისი ხანი ველოდით, ასევე დამატებითი დრო გამოვყავით იმისთვის, რომ ელჩებთან ერთად კონსულტაციები ყოფილიყო, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელი მოვაწეროთ ბატონი დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ისე, როგორც ის არის", - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"