"მარტო მე მოვაწერ ხელს, ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია დავიყოლიოთ მთელი ოპოზიცია" - კვირის პალიტრა

"მარტო მე მოვაწერ ხელს, ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია დავიყოლიოთ მთელი ოპოზიცია"

შერიგების ძალიან კარგი შანსია, მნიშვნელოვანია დავიყოლიოთ მთელი ოპოზიცია, რომ ეს იყოს შერიგების წერტილი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მმართველი გუნდის ხელმოწერა შეაფასა.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოში მისვლისას იმ პირებს შეხვდებიან, ვისი ნახვის საშუალებაც ექნებათ.

"ვისთანაც გვექნება საშუალება ჩვენ ყველას შევხვდებით, მაგიტომაც შევდივართ მაგ შენობაში, იქ არის ხალხი, ვისთანაც შეხვედრა საჭიროა. ახალი საფუძველიც გაჩნდა დისკუსიისთვის, "ქართული ოცნების" თქმით, რეალურ ნაბიჯს დგამს, თუ დოკუმენტს ხელს აწერ და ამის აღსრულებას იწესებ, ეს რეალური ნაბიჯია. ვფიქრობ, შერიგების ძალიან კარგი შანსია, მარტო მე მოვაწერ ხელს, ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია დავიყოლიოთ მთელი ოპოზიცია, რომ ეს იყოს შერიგების წერტილი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის",-აცხადებს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას თქმით, პარტიაში გაეცნობიან, თუ რაზე მოაწერეს ხელი მმართველ გუნდში, კერძოდ, როგორ გაიგეს დანიელსონის დოკუმენტის შინაარსი.

"გვაინტერესებს, ზუსტად გავარკვიოთ "ქართულმა ოცნებამ" როგორ გაიგო დანიელსონის დოკუმენტის შინაარსი. იქ ბევრი სხვადასხვა შინაარსი იყო, ბევრ დოკუმენტზე იყო მსჯელობა. გვინდა გადამოწმება რაზე მოაწერა ხელი "ქართულმა ოცნებამ" და რაზეა თანახმა.

შემდეგ გვაინტერესებს ოპოზიციის აზრი. ჩვენ გამოქვეყნებული გვქონდა "გირჩის" გზა, ცხადია ბოიკოტის რეჟიმში ორშაბათს ისედაც ვაპირებდით პარლამენტში მისვლას, ხალხის გაცნობას, მაგრამ წამოგვეწია ეს თემაც", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, "ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

"ინტერპრესნიუსი"