აპირებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელის მოწერას? - რა განაცხადეს შეხვედრის შემდეგ? - კვირის პალიტრა

აპირებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელის მოწერას? - რა განაცხადეს შეხვედრის შემდეგ?

19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთგვარი პრელუდია 15 მაისის აქციისთვის, რომ მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

"დღევანდელი შეკრება იყო უფრო 19 აპრილისთვის, 19 აპრილს, 15:00 საათზე დავგეგმეთ რიყეზე შეკრება, ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ,"- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მან კრისტიან დანიელსონის მედიაციის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტიც შეაფასა, რომელსაც მმართველმა პარტიამ ხელი გუშინ მოაწერა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს აკლია ორი მთავარი საკითხი- ეს არის პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ ის არ არის სრულფასოვანი.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე მმართველი პარტიის ხელმოწერა ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე არ ცვლის.

"დღევანდელი შეხვედის მთავარი საკითხი იყო 15 მაისის აქციისთვის მზადება და ის მთავარი სამუშაო რაც უნდა გაწიონ პარტიებმა. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობვა აქვს, რადგან როგორც ჩანს, პროტესტია ის ერთადერთი გზა, რომელსაც ოპოზიცია მიმართავს საბოლოო შეთანხმებისთვის.

რაც შეეხება დოკუმენტს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დანიელსონის დოკუმენტი ჩარჩო დოკუმენტია, სადაც ძალიან ბევრი საკითხია დასაზუსტებელი. მათ შორის, მთავარი საკითხები, რაც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პოლიტპატიმრებს და ახალ არჩევნებზე მსჯელობას, ასევე, ბევრი სხვა საკითხი, რაც ზოგადად, შეიძლება შეთანხმებულად გვეჩვენება - საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების და სასამართლოს საკითხი, იქაც ბევრი დეტალებია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება გაგრძელდეს მუშაობა ამ საკითხებზე და ჩვენი პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს მედიატორებს. ბუნებრივია, ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს, რა იქნება გზა საბოლოო შეთანხმებისთვის. ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ გაათავისუფლებენ ნიკა მელიას და გიორგი რურუას, დათმობს თუ არა ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს, წერეთელმა ასე პასუხობს - "არა".

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სანამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეში ზის და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება.

"როცა ლაპარაკობენ, საარჩევნო საკითხებზე შეთანხმებულები ვართო, თამარ ჟვანიას უშვებენ? თუ ისევ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს არჩევნები და ყველაფერი ისევ ისე უნდა დარჩეს, როგორც არის?! პირველ რიგში, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და ვილაპარაკოთ ვადამდელ არჩევნებზე. ოპოზიციამ თავიდანვე თქვა, რომ ამ დოკუმენტის სამ პუნქტს ეთანხმებოდა. დღესაც იგივეს ამბობს. სამი პუნქტი, რომელიც ეხებოდა არჩევნების საკითხს, საარჩევნო კოდექსს ეთანხმებოდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმოებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლაც. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან რეფერენდუმის მიბმას, ამას ოპოზიცია არც მაშინ ეთანხმებოდა და არც დღეს ეთანხმება. ეს არის ჩემი არგუმენტი. ჩვენმა დასავლელმა პარტიორებმა ძალიან კარგად იციან ოპოზიციის დამოკიდებულება, არაფერი ახალი ოპოზიციას არ შემოუთავაზებია, დღის წესრიგი არ შეუცვლია და დასავლელმა პარტნიორებმა ეს იციან ძალიან კარგად. სანამ ნიკა მელია ციხეში ზის და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება. შეთანხმება ყველა საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია მიიღწეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დევნა დასრულდება, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებიან და ვადამდელ არჩევნებზე მოვილაპარაკებთ. გინდ ჩემი მეგობარი იყოს, გინდ პარტნიორი და გინდ მტერი იყოს, ვისი ამოცანაც არის მოიხსნას ზედმეტი თავის ტკივილი და საქართველოს პარლამენტში როგორმე "შეეტენოს" ოპოზიცია, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ნადვილად ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად. ნაწილი საქართველოსი, ვისაც უნდა იბალახებს ამ ბოსტანში და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება. მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანაც არის ეს, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში. ჩემი წილი ქვეყანაც არის, აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო, ამიტომ არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა. გინდ მტერმა მომიწონოს და გინდ მოყვარემ. გინდ მტერმა გამაკრიტიკოს და გინდ მოყვარემ. ხომ გვაქვს საკუთარი აზრი? როდემდე შეიძლება სხვის აზრზე იცხოვრო?- განაცხადა ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით