"გახარიას პრემიერობიდან გადადგომის განცხადებიდან, ალბათ, 3 წუთში უკვე ვიცოდი, რომ ის აუცილებლად შექმნიდა პარტიას"
"გახარიას პრემიერობიდან გადადგომის განცხადებიდან, ალბათ, 3 წუთში უკვე ვიცოდი, რომ ის აუცილებლად შექმნიდა პარტიას"
"ხელისუფლებას დიდი პრობლემა აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობაში"

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი და მისი პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერა გადაწყვიტა, რაც მმართველმა პარტიამ უკვე მეორე დღეს- 17 აპრილს შეასრულა. დოკუმენტს ხელს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე აწერენ.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მმართველმა ძალამ მაინცდამაინც ახლა და უკავშირდება თუ არა ეს ირაკლი
კობახიძის სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:


- დანიელსონის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკების ჩაშლის მერე გაბრაზებულ გულზე საჯაროდ იმგვარად შევაფასე ეს პროცესი, რაც არ მახასიათებს. კერძოდ, "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში მთელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შეზღუდული პოლიტიკური უნარ-ჩვევების მქონეებად მოვიხსენიე და დღემდე ამ
აზრზე ვარ.

ვფიქრობ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერავინ, მათ შორის ვერც "ქართული ოცნების" ლიდერები, ვერ არჩევენ პოლიტიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას ერთმანეთისგან. ჭადრაკის პარტიას თუ შევადარებთ, ჩვენს პოლიტიკოსებს ორი სვლის ზედიზედ გათვლაც არ შეუძლიათ.

პროცესების ლოგიკა თავიდანვე ცხადყოფდა, რომ "ქართულ ოცნებას" მოუწევდა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა. დანიელსონის ვიზიტის დროსვე რომ მოეწერათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა მათთვისაც და პოლიტიკური პროცესისთვისაც, მაგრამ ეს არ გააკეთეს, რისი მიზეზიც ისევ და ისევ მათი პოლიტიკური ახლომხედველობაა. სტრატეგიულად არასწორად გათვალეს საკუთარი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ამერიკაში კობახიძის ვიზიტმაც ითამაშა როლი ამ ბოლო გადაწყვეტილების მიღებაში. დიდი ალბათობით, იყო იმგვარი მოლაპარაკება, რასაც ეს შედეგი მოჰყვა. ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. თუ ისევ გაჯიუტდნენ და დაიჟინეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ვფიქრობ, საბოლოოდ დაკარგავენ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას. ახლა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც მთელი ზეწოლა მათზე იქნება.

- უკვე მოვისმინეთ პირველი განცხადებებიც, მაგალითად, ესტონელმა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა გამოაქვეყნა საგანგებო მიმართვა, რომლითაც ოპოზიციას მოუწოდებს მმართველი პარტიის მაგალითს მიჰბაძოს.
- დიახ და ამ აზრის მხოლოდ ის არ არის. ვიმეორებ, თუ ოპოზიცია არ წავა დათმობაზე, ის დაკარგავს დასავლეთის თანადგომას. უცხოელი მოკავშირეები ოპოზიციის ქცევაში ბევრ რამეს უკვე ეჭვით უყურებენ. "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარემ ნიკა მელიას საქციელი პროვოკაციადაც კი შეაფასა.
პოლიტიკური თვალსაზრისით მელიას გათავისუფლება შეიძლება სწორიც იყოს, მაგრამ არ არსებობს მისი გათავისუფლების ერთმნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი. "ქართული ოცნება" აცხადებს, არ ვერევი სასამართლოს გადაწყვეტილებებშიო და ვერავინ შეედავება. სხვა საქმეა, რეალურად რა ხდება. ისე კი დიდი პრობლემა რომ არის სასამართლო სისტემაში, ეს დანიელსონის დოკუმენტშიც აისახა.

თუ მოხდება 20 ივნისის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულთა ამნისტია, ეს კიდევ ცალკე თემაა. ის, რაც მელიამ გააკეთა, სამაჯურის მოხსნას ვგულისხმობ, რიგით მოქალაქეს რომ გაეკეთებინა, არ აგებინებდნენ პასუხს?- რა თქმა უნდა, აგებინებდნენ, ამიტომ ამ თემაზე დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა და მეტი არაფერი. ჩვენი პარტნიორები, მერწმუნეთ, ქართველ პოლიტიკოსებზე უკეთესად ხედავენ იმას, რაც ჩვენთან ხდება.

ჩემი აზრით, პოლიტიკური კრიზისი სხვაგვარად უნდა მოგვარდეს. ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოჩნდეს ახალი შუალედური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" განზე გასწევს.

- ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ დანიელსონის მომზადებულ დოკუმენტზე ხელის მოწერას. მათ მთავარ მოთხოვნებად ისევ პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნებია. როგორ ფიქრობთ, მოუწევთ დათმობაზე წასვლა?
- სიმართლე გითხრათ, იმედი არა მაქვს. ისინი ისევ გააგრძელებენ კედელზე შუბლით შესკდომას, რაც ისევ მათთვის დასრულდება ცუდად. სიმართლე გითხრათ, მაკვირვებს მათი ქცევა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, რომელიც ახლა უკრაინაშია, თავის დროზე საკმაოდ მოქნილი პოლიტიკოსი იყო. ახლა რა დაემართა, არ ვიცი.

- მოგეხსენებათ, ოპოზიცია აქციებს აანონსებს და ამისთვის რეგიონებში დაიწყეს კიდეც გასვლა.
- როცა შეზღუდულ პოლიტიკურ უნარ-ჩვევებზე ვლაპარაკობდი, ამის დასტურია ისიც, რომ ოპოზიციამ 15 მაისის აქცია მანამ დააანონსა, ვიდრე დანიელსონი მეორედ ჩამოვიდოდა. არანაკლები შეცდომა დაუშვა "ქართულმა ოცნებამაც" იმის ლაპარაკით, ისეთი სუსტები არიან, ხალხის მობილიზაციისთვის ორი თვე სჭირდებათო. არადა, მათთვის პოლიტიკურად ყველაზე მოგებიანი იქნებოდა ეთქვათ, რადგან ოპოზიცია აქციას დანიელსონის ჩამოსვლამდე ააანონსებს, ესე იგი შეთანხმებაზე წამსვლელები არ არიანო. ეს ხომ პოლიტიკური კულტურის ელემენტარული დეტალებია. თუმცა არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ამის დამნახავი კაცი არ გამოჩნდა, რაც გასაოცარია. რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან ერთად პატარა პარტიები თავის "პარტიზანებს, ანუ აქტიურ მხარდამჭერებს გაჰყვანენ ქუჩაში, ალბათ, რეგიონიდან რეგიონშიც ატარებენ, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ გვერდით არ დაუდგება. ხომ ნახეთ, ბოლო კვლევებში გამოკითხულთა 70% ეუბნება ოპოზიციურ პარტიებს, შედით პარლამენტშიო.

ქვეყანაში მასშტაბური აქციების გამართვისა და არეულობისთვის არავითარი რესურსი არ არსებობს. გაცილებით უფრო სახიფათოა ისეთი აქციები, რაც "ნამოხვანჰესი"ს" გამო იმართება. ეს აქციები არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. სხვა საქმეა, ვისგან და რა ტექნოლოგიებით არის მართული. მაგრამ ამ აქციებზე გასული მოქალაქეების დიდი უმრავლესობა გულწრფელია.

- "ნამოხვანჰესის" თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით, მანამდე მინდა გავიხსენო თქვენი განცხადება მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენის შესახებ. მოგეხსენებათ, უკვე გაცხადებულია საჯაროდ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიას ქმნის. საპარლამენტო უმრავლესობიდან წავიდა 6 დეპუტატი, რომლებმაც განაცხადეს, რომ გიორგი გახარიას გუნდში არიან. როგორ ფიქრობთ, ამ ახალ ძალას ექნება მესამე ცენტრად გადაქცევის პერსპექტივა?
- გახარიას პრემიერობიდან გადადგომის განცხადებიდან, ალბათ, 3 წუთში უკვე ვიცოდი, რომ ის აუცილებლად შექმნიდა პარტიას. გახარიას საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური იმიჯი აქვს, არ არის ანგაჟირებული და ძალიან საინტერესოდ აანალიზებს მოვლენებს.

ის "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიებში კი მონაწილეობდა, მაგრამ პარტიის იდეოლოგი არასდროს ყოფილა. გახარია ტექნოკრატია და ზუსტად ამგვარი ტიპის მთავრობა სჭირდება საქართველოს. მხოლოდ ტექნოკრატიულმა გუნდმა შეიძლება მოახერხოს საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდაცია და ამომრჩევლის იმ ნაწილის გააქტიურება, რომელიც დღესდღეობით ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი და არჩევნებზე აღარ დადის. ამ ხალხის გულის მოგება გახარიას შეუძლია, რომელმაც, ჩემი აზრით, ერთი ჭკვიანური რამ გააკეთა- საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც მოახერხა, მაჟორიტარებად თავისი ხალხი გაიყვანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა სწორედ გახარიას ფენომენმა შეიძლება გააჩინოს.

- რას გულისხმობთ?
- ჩემი აზრით, გახარიას გუნდი თავის ძალას გამოცდის თვითმმართველობის არჩევნებზე და ურიგო შედეგსაც არ მიიღებს. ამის მერე, ვფიქრობ, იმ საპარლამენტო გუნდით, რაც ნელ-ნელა იკვეთება, ის საკანონმდებლო ორგანოში ისე იმუშავებს, რომ დაშლის უმრავლესობას, რაც ავტომატურად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს ჩატარების აუცილებლობას. თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ უფრო მეტად მომაგრება გადაწყვიტოს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აქციოს წარმატების სამიზნედ. ვნახოთ, მას პოლიტიკური მანევრისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. ძალიან კარგია, რომ ის ჯერჯერობით გაჩუმებულია, ბექა ლილუაშვილსაც თუ გააჩუმებს, კიდევ უკეთესი იქნება.

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ გახარიას ახალი პარტია შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს, ამაზე დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი... ერთადერთი შესაძლებელია გახარიას მობილიზებულ თანხებში იყოს ივანიშვილის ფინანსების წილიც, თუმცა, ჩემი აზრით, ივანიშვილისგან არც მასშტაბური დაფინანსება იქნება და არც პოლიტიკური მხარდაჭერა.

მე იმასაც ვუშვებ, რომ გახარია დამოუკიდებლად მოქმედებდეს. გაგახსენებთ, პრემიერობისას ის იყო ერთადერთი ამ თანამდებობაზე, რომელიც პირდაპირ არ იყო მიბმული ივანიშვილზე, არ იყო მისი ყურმოჭრილი მონა. ის ხშირად ატარებდა იმ პოლიტიკას, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა. რა თქმა უნდა, კომპრომისზეც მიდიოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. მაგალითად, პანდემიის მართვისას მისი სწორი პოლიტიკა იმაში გამოჩნდა, რომ ის უსმენდა ეპიდემიოლოგებსა და ინფექციონისტებს.

საუბედუროდ, ახლა ნაკლებად უსმენენ მათ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ გახარიას პრემიერმინისტრობაც, მისი სიხისტეც და სირბილეც, როდესაც საჭირო იყო, მან შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის მძიმეც, მაგრამ უშეცდომობა და სრულიად სუფთა კაცი პოლიტიკაში არ არსებობს. ვფიქრობ, მას მოუწევს ალიანსებზე წასვლა კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებთან თუ ძალებთან, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს თუ არა. ამას მისგან პოლიტიკური პრაგმატიზმი მოითხოვს. მას აქვს ქვეყნის მმართველისთვის აუცილებელი თვისებები. მიმაჩნია, რომ გახარია გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი.

- ბევრი მითქმა-მოთქმაა "ქართულ ოცნებაში" არსებულ ვითარებაზე. ამბობენ, რომ პარტიაში დაბნეულობაა. ამასთან, კვლავ გაურკვეველია კახა კალაძის პოლიტიკური პერსპექტივაც.
- მოგეხსენებათ, საქართველოში ამომრჩეველი ხმას უფრო პარტიის ლიდერს აძლევს და არა იდეოლოგიას, შესაბამისად, ლამის მითოსურ ვითარებას ვიღებთ შედეგად. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი ხმას აძლევს უპირველესად მიშას, რომელიც უკრაინაშია და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ვერ მონაწილეობს. თავის მხრივ, "ოცნების" მხარდამჭერები ჯერ კიდევ ხმას აძლევენ ბიძინა ივანიშვილს, არადა, აშკარაა, რომ მას აღარ აინტერესებს "ქართული ოცნება"- კაცმა პირდაპირ თქვა, რომ ამ პარტიამ თავისი რესურსი ამოწურა და უნდა მოვიდეს სხვა, ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მას ჩაანაცვლებს.

დღეს "ქართულ ოცნებაში" არის რამდენიმე ლიდერი და ერთფეროვანი მასა, რომლის წევრებიც სიამოვნებით გაიქცევიან სხვა პარტიაში, სადაც პერსპექტივას დაინახავენ. ამ ხალხს ძალაუფლების გარდა, ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. მაგალითად, თუ დაინახეს, რომ გიორგი გახარია იგებს არჩევნებს, სიამოვნებით მიეკედლებიან, ფულსაც მისცემენ და სხვა დახმარებასაც შესთავაზებენ.

ამ სისტემაში ლიდერობას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, ამიტომაც, რაც პოლიტიკას ჩამოსცილდა ბიძინა ივანიშვილი, "ქართულ ოცნებაში" შიდა ბრძოლა მიდის. პარტიაში არის 3-4 კაცი, რომელთა შორის პაექრობა მიდის. მათ შორის არის კალაძეც... მე როგორც ვიცი, მას მართლაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, შესაბამისად, მისი ამ ბრძოლაში მონაწილეობის სიმძაფრე თუ საზოგადოდ პოლიტიკურ პროცესში აქტიურობა, დამოკიდებული იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე...

- დასასრულ, მინდა "ნამოხვანჰესის" შესახებაც მოვისმინო თქვენი მოსაზრება. რას ფიქრობთ ამ ჰესთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ფრაგმენტზე, რომელმაც ჩვენი საზოგადოება შეაშფოთა.
- ხელშეკრულებაზე სალაპარაკოდ ამ დოკუმენტის სრულად წაკითხვა მჭირდება, 450-ივე გვერდის. რაც გამოქვეყნდა, ფრაგმენტია, რომლის მიხედვითაც ვერაფერს ვიტყვი.

მოგეხსენებათ, მე ვმონაწილეობდი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, როგორც მასპინძელი ქვეყნის, ასევე ძირითადი ხელშეკრულების მომზადებაში, ვიცი, როგორ დგება ამგვარი ხელშეკრულებები და სად არის წყალქვეშა ლოდები ჩადებული. ის, რაც გამოქვეყნებულია, იმის მიხედვით პროფესიული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.

- ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ნამოხვანჰესის" საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, რომელსაც ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას გადასცემენ. არის ეჭვიც, რომ ბოლო წლებში ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გარკვეული ძალების მართული კამპანიის ნაწილია.
- თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ საბჭოს მუშაობაში ჩავერთო. რაც შეეხება მართულ კამპანიას, გეტყვით, რაც ვიცი და რასაც პირადად შევესწარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებისას. იმჟამად სხვადასხვა დონეზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით გაერთიანებულ სამეფოსთან და ამ პროცესში მოხდა თითქოს ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის იდენტიფიცირება, რომლებსაც ბრიტანეთთან კავშირი არ ჰქონდათ, არაპირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებოდნენ და პროექტის საწინააღმდეგო კამპანიისთვის 20 მილიონ დოლარს იღებდნენ.

ვფიქრობ, დღესაც იგივე ხდება. თანაც დარწმუნებული ვარ, დაფინანსება ბევრად გაზრდილია და მისი დიდი ნაწილი ნებისმიერი ძლიერი პროექტის ჩასაშლელად მიდის.

რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში არ განხორციელდეს მძლავრი ენერგოპროექტები და ჩვენი ქვეყანა რუსეთის ენერგომონად დარჩეს. ამ კამპანიისას თამაშობენ რიგითი მოქალაქეების ნერვებზე იმის ლაპარაკით, რომ კაშხალი მიწისძვრას ვერ გაუძლებს, რომ ყველაფერი წაილეკება და ა.შ. არადა, მიწისძვრების დროს ყველაზე მაღალი მედეგობა სწორედ კაშხლის ნაგებობებს აქვთ, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ყველა რისკი გათვლილი და დაზღვეული. ნებისმიერი ამგვარი პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შესწავლა, ასევე გეოლოგიური და სხვა დასკვნების გაცნობა.
ხელაღებით ბრძოლა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ დიდი შეცდომაა.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენს ხელისუფლებააქვს დიდი პრობლემა საზოგადოებასთან ურთიერთობაში. არავინ უხსნის მოქალაქეებს, რა ხდება. არავითარი სტრატეგია საამისოდ მთავრობას არა აქვს. ასევე ვერ ვხედავთ, რომ ზომებს იღებდნენ უცხო ქვეყნიდან მართული კამპანიების საწინააღმდეგოდ, რაც ასევე დიდი შეცდომაა.
ენგურელი
21 აპრილი 2021 11:18
ამ კაცს რატომ არ სთხოვენ პასუხს ნამახვანჰესი რომ გააჩუქა პირადად გახარიას ხელმოწერით იქნა მისი ''დაკანონება''თურქებისთვის.რატომ ამაზე ხმას არ იღებენ ხეობის დამცველები. საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ რა თანხა მიიღეს ატკატით რა ლევად.
გრიგო
19 აპრილი 2021 12:49
ეს კაცი ნამდვილი სოკრატეა მეოცე საუკუნეში დაბადებული. დაუჯერეთ
otari
19 აპრილი 2021 12:11
ყველაფერში ვეთანხმები, გარდა ერთისა - როდის იყო სააკაშვილი ცოტა ნორმალურ ჭკუაზე?????????

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები