"თუ ოპოზიცია ისევ გაჯიუტდება, წააგებს" - კვირის პალიტრა

"თუ ოპოზიცია ისევ გაჯიუტდება, წააგებს"

"გახარიას აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ არც ისეთი მასშტაბური, რომ მესამე ძალის პოტენციალის სრული აკუმულირება მოახდინოს"

"ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავია საქართველოდან", - ასე ეხმაურებიან ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერას. "არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" მხარს უჭერს ევროსაბჭოს დესპანის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. ეს არის არსებული ჩიხიდან გამოსვლისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიჰყვებიან", - წერს ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი "ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრებამდე გამოაქვეყნა წინადადება, რომელიც მან პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა. "მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე. პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს საპარლამენტო ფრაქციის შექმნას, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან. ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2,5%-იანი ბარიერი თბილისში, 3%-იანი - ყველგან თბილისს გარეთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი... ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით... მომავალი არჩევნები: პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა.

ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება. პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებსა და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას. ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე", - ეს არის ამონარიდი დოკუმენტიდან, რომელსაც მმართველმა გუნდმა ხელი უკვე მოაწერა. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ქმნის თუ არა არსებული დოკუმენტი კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას და რა იქნება, თუ ისევ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- დავიწყოთ იქიდან, რომ დოკუმენტი თავისთავად ხსნის ნიკა მელიას პრობლემას. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა "ამნისტიის შესახებ", რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და მოქალაქეების დაკავებას შეეხება. ამ ინიციატივით 20 ივნისის თემა მთლიანად დაიხურება. ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" სწორი გადაწყვეტილება მიიღო. არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტპატიმრების უპირობოდ გათავისუფლება და დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა მმართველ გუნდს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა. როგორც ჩანს, მხოლოდ ჩემმა რეკომენდაციებმა არ გაჭრა, ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონი "წაეხმარა" ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

ოპოზიცია მოაწერს თუ არა ხელს დანიელსონის დოკუმენტს, "ქართული ოცნება" ყველა შემთხვევაში მოგებულია, რადგან ამ გუნდმა მიიღო ჩვენი პარტნიორების შემოთავაზებული დოკუმენტი. თუ ოპოზიცია ისევ გაჯიუტდება, წააგებს. ტყუილად ნუ დააიმედებენ ოპოზიციონერი ლიდერები თავს, რომ "ქართულ ოცნებაზე" დასავლეთის ზეწოლა უფრო გაძლიერდება. რამდენიმე დღის წინ ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ "ქართული ოცნება" სწორად იქცევა, კომპრომისისთვის მზად არის და მას ოპოზიციამაც უნდა მიჰბაძოსო. ასევე შეგახსენებთ "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" ყოფილი დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებას - მან პირდაპირ თქვა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა "მოლიპულ დაღმართზე" სიარული იქნებაო. დასავლეთის აზრი ვადამდელი არჩევნების შესახებ ნათელია, თუმცა, თუ "არ გინდა ზღვაში ქვიშის დანახვა", სხვა საქმეა. "ქართული ოცნება" და დასავლელი პარტნიორები აღმოჩნდნენ ერთ მხარეს, ოპოზიცია კი მეორე მხარეს. ეს კარგია, რადგან დღის წესრიგიდან მოიხსნება ქვეყნისთვის სანქციების დაწესების საკითხი.

თუმცა არის ერთი დეტალი - 15 მაისი. ეს დღე უმნიშვნელოვანესი იქნება ოპოზიციისთვის. თუ ლიდერები გრანდიოზული აქციის გამართვას ვერ შეძლებენ, ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდებიან. თუ ხალხი არ გამოვიდა, ოპოზიცია, "ნაცმოძრაობის" გარდა, ფაქტობრივად, განულდება. ეს ცუდია, რადგან იმედი გვქონდა, რომ დაბალპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი პატარა პარტიებს ჯამურად მაინც მისცემდა მესამე ძალად ჩამოყალიბების საშუალებას.

- პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდა ახალი პოლიტიკური გუნდი, ექსპრემიერ გიორგი გახარიას მეთაურობით, რომელსაც ასევე აქვს პრეტენზია იყოს მესამე ძალა. - გახარიას აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ არც ისეთი მასშტაბური, რომ მესამე ძალის პოტენციალის სრული აკუმულირება მოახდინოს. ვგულისხმობ 15-20-პროცენტიან მხარდაჭერას მაინც. დღეს მისი რეიტინგი 3-დან 5%-მდე მერყეობს, ისიც სიახლის გამო.

თუ გახარიასთან იქნებიან გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე, მაშინ მართლაც ძლიერი ბაზა იქნება მესამე ძალად ჩამოსაყალიბებლად. ცალკე გახარიაზე რა მოგახსენოთ. ის, რომ ხუთი-ექვსი დეპუტატი მმართველი გუნდიდან გახარიასთან გადავიდა, ეს არც მოსახლეობისთვის არის რაიმეს მომცემი. მეტიც, არცთუ კარგი დასაწყისია პოლიტიკური პარტიისთვის.

ზოგადა კი, დროა გახარიამ კეთილი ინებოს და გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც მისი შს მინისტრობისა და პრემიერობის პერიოდს ეხება

- რას გულისხმობთ? - როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე შემოდიხარ, შენი გუნდი წონიანი პრეზენტაციით უნდა წარადგინო. ერთ ჯერზე ხუთი კაცი გადმოიბირე, ხვალ ორი დაემატება, ზეგ ერთი... ეს ანელებს და აუფერულებს პროცესს.

- ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, გახარია არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე და შესაბამისად, არც რეალური ოპოზიცია. სჭირდებათ კი გახარიას მხარდამჭერებს იმაში დარწმუნება, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ უმაგრებს ზურგს? იქნებ "ოცნებაზე" გულაცრუებულ, მაგრამ ივანიშვილის მომხრედ დარჩენილ ელექტორატზე აქვს გათვლა გახარიას? - ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორ მიხეილ სააკაშვილი, კვლავ მთავარი ფიგურები არიან ქართულ პოლიტიკაში. ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილს, ხოლო "ქართული ოცნება" სააკაშვილს ვერ იტანს, სულაც არ ნიშნავს, რომ მათ გავლენა არა აქვთ.

რამდენადაც "ჭეშმარიტი ოპოზიცია" უნდა გახდეს გახარია, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ხმას მაინც არ მისცემს. როდესაც შენ ამბობ, რომ ის ივანიშვილის ხელდასხმულია, მას აძლევ საშუალებას "დაიჭიროს" ყველა ის ამომრჩეველი, რომლებმაც ხმა პრინციპულად არ მისცეს "ნაცმოძრაობას" და ხმები გადაანაწილეს 1%-იან პარტიებზე. ამას ემატება "ოცნებაზე" გაბუტული ელექტორატიც. სხვათა შორის, ის 1%-იანი პარტიების მხარდამჭერებიც "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები არიან, უბრალოდ, ისინი უფრო ადრე გაებუტნენ მმართველ გუნდს.

ის, რომ გახარია შეიძლება ივანიშვილის #2 პროექტია, არ ნიშნავს, რომ ხალხი მხარს არ დაუჭერს. შესაძლოა პირიქითაც მოხდეს, სწორედ ამ ფაქტორის გამო დაუჭიროს მხარი. ვისაც დღევანდელი "ქართული ოცნების" ლიდერშიპი არ მოსწონს, მარტივად გადავა გახარიასთან.

- როგორც ამბობენ, მალე "ოცნებას" კახი კალაძეც დატოვებს. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად. - პროპორციულ არჩევნებში ხალხმა პარტიას მისცა ხმა. მაჟორიტარული არჩევნები ხომ არ იყო, რომ ვთქვათ, ხალხმა კონკრეტულ ლიდერებს მისცა ხმა და ახლა ისინი აღარ არიან გუნდში. ეს არ არის არგუმენტი ხელახალი არჩევნებისთვის.

- მაშინ სად ხედავთ გამოსავალს, როდესაც ოპოზიცია ვერ ამტკიცებს არჩევნების გაყალბებას, მაგრამ ახალი არჩევნების ჩატარებაზე დათქმის გარეშე დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს. რა უნდა მოუხერხონ გაჯიუტებულ ოპოზიციას? - ადრე მოსახლეობას მმართველ გუნდთან ჰქონდა პრეტენზია. დღეს არც ხელისუფლება მოსწონთ და არც ოპოზიცია. ამასთან, დღეს ხალხში არც ისეთი აგრესიული მუხტია, როგორიც 2011-2012 წლებში იყო. ხელისუფლების და ოპოზიციის განცხადებებს რომ არ ვუსმინოთ, ტელევიზორი საერთოდ რომ არ ჩავრთოთ, ვიგრძნობთ კი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია? მოსახლეობას ეკონომიკური კრიზისი აწუხებს და სულ არ აინტერესებს, ვინ შევა ან არ შევა პარლამენტში.

- არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ადრე არ ყოფილა - საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ "ნამოხვანჰესის" აშენების შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის აზრი ერთსულოვანია. გახდება ჰესის საკითხი ინდიკატორი ხალხსა და პოლიტიკურ კლასს შორის? - ხელისუფლებისთვის "ნამოხვანჰესთან" დაკავშირებული პროტესტი უფრო სახიფათოა, ვიდრე ოპოზიციის დაანონსებული აქცია. პირადად მე ხისტი პოლიტიკის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ის, რაც რიონის ხეობაში ხდება, უკვე ძალიან ჰგავს რეპრესიებს. იმ პირების რეპრესირება, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებთ და მხოლოდ თავიანთ სახლ-კარს იცავენ, ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება ხელისუფლებისთვის.

- მაინც როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის გადაწყვეტა? - რეფერენდუმი თუ არა, პლებისციტი მაინც უნდა ჩატარდეს. ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხი, ის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ამ პროტესტის უკან რუსული ინტერესი დგას, რომ მავანთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არ სურთ. - ეჭვი არ მეპარება, რომ რიონის დამცველების აქციაზე უამრავი პროვოკატორი ჰყავთ შეგზავნილი, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიჭების დედ-მამა კი არა, უკვე ბებია-ბაბუების ვინაობა აქვთ შესწავლილ-განხილული. თუმცა ვერაფერს გახდებიან. ხალხი ხედავს, რომ იქაურები სახლ-კარის დასაცავად იბრძვიან და არა პოლიტიკური ან რაიმე სხვა სარგებლისთვის.

ვერც იმით გახდებიან რამეს, მოსახლეობის მცირე ნაწილი რომ გამოიყვანეს და ალაპარაკეს, გზა და სკოლა აშენდებაო. რაც შეეხება ენერგოდამოუკიდებლობას, იქნებ ვინმემ მაინც განმარტოს, რას ნიშნავს ხალხისთვის ენერგოდამოუკიდებლობა. უბრალო ენით აუხსნან მოსახლეობას, ჰესი რომ აშენდება, საქართველოს რიგითი მოქალაქე რა ხეირს ნახავს. თუ მე იგივე ფასი უნდა გადავიხადო, რასაც იმპორტირებულ ელექტროენერგიაში ვიხდი, მაშინ რატომ უნდა დაგატბორინო კარ-მიდამო?!

ძალიან მარტივი საკითხებია მოსაგვარებელი, მაგრამ იცით, რატომ ვერ აგვარებენ? ხალხი არ ენდობა ხელისუფლებას. ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობით კი არა, პირადი ფინანსური სარგებლით არის დაინტერესებული.

ხათუნა ბახტურიძე