"ოპოზიციას ხალხი გამოუტანს ვერდიქტს" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას ხალხი გამოუტანს ვერდიქტს"

"ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია!"

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, ხელი მოვაწეროთ დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ეს გადაწყვეტილება გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციის მიზნებს, რომელსაც დოკუმენტზე ხელმოწერა არ სურდა. ეს არის ნაბიჯი, რომელიც განაიარაღებს ნებისმიერ რადიკალ პოლიტიკოსს, რომლის მიზანია პარლამენტში ოპოზიცია არ შევიდეს და მოხდეს დესტაბილიზაცია", - ამბობს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი. როგორ კითხულობენ მმართველი გუნდის ლიდერები დანიელსონის დოკუმენტს და რას ელიან ოპოზიციისგან, ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილი გვესაუბრება:

- ჩვენ ჯერ კიდევ ბატონი დანიელსონის აქ ყოფნის დროს ვიყავით მზად შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად, მაგრამ ოპოზიციას კატეგორიული უარი ჰქონდა გაცხადებული. ვფიქრობ, ოპოზიციის დიდი ნაწილი დღესაც ვერ გაბედავს დოკუმენტზე ხელის მოწერას.

- მზად იყავით, თუმცა ხელს არ აწერდით. შეცვალა თუ არა ირაკლი კობახიძის ამერიკაში ვიზიტმა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ? - ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს.

- თუ ოპოზიცია დოკუმენტზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, "ქართული ოცნება" დოკუმენტში წარმოდგენილ ინიციატივებს ასახავს თუ არა კანონში? - ყველა საკითხს, რომლებსაც ხელს ვაწერთ, აუცილებლად ვასრულებთ.

- პირადად თქვენ როგორ წაიკითხეთ დანიელსონის დოკუმენტი? ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვას შესაძლებლად მიიჩნევთ? - ვადამდელი არჩევნების საკითხი დახურულია. დასავლეთმა 2021 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად აღიარა. თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს, ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელი არჩევნების შესახებ.

ჩვენ ყველანაირი კომპრომისისთვის მზად ვართ, თუმცა სააკაშვილისთვის მიუღებელია ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში ნულის ტოლია მისი საქართველოში დაბრუნებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი. თუ რომელიმე პარტია მოახერხებს მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას და გაუძლებს "ნაცმოძრაობისა" და მისი მხარდამჭერების ზეწოლას, ამ დოკუმენტზე ოპოზიციის ხელის მოწერას ვიხილავთ.

- თუ არ ვიხილავთ? - მმართველი გუნდი გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას, ოპოზიციას კი ხალხი გამოუტანს ვერდიქტს.

ხათუნა ბახტურიძე