"ოპოზიციის ერთიანობის შემთხვევაში შეიძლება ტექსტი ისე შეიცვალოს, რომ მასზე ხელის მოწერა შევძლოთ" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის ერთიანობის შემთხვევაში შეიძლება ტექსტი ისე შეიცვალოს, რომ მასზე ხელის მოწერა შევძლოთ"

"პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე ტექსტში მოცემული ფორმულირებები ჩვენთვის მისაღები არ არის!"

"ნაციონალური მოძრაობის"წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

- "ქართული ოცნების" ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად სამ საკითხზე, რომლებიც რეფორმებს შეეხება, დათმობა მოუხდათ, მაგრამ ყველაფერი არ დასრულებულა - ჩვენ მიერ წამოწეული ორი თემა აუცილებელი წინა პირობაა ქვეყანაში კრიზისის დასრულებისთვის. ის სამი პუნქტი ოპოზიციისთვის ისედაც მისაღები იყო. თუმცა პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე ტექსტში მოცემული ფორმულირებები ჩვენთვის მისაღები არ არის. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება ხელისუფლებამ ნიკა მელია და გიორგი რურუა გაათავისუფლოს, მით უფრო, რომ ორივე შემთხვევაში სამართლებრივი მექანიზმი არსებობს. ამის შემდეგ ვადამდელი არჩევნები დარჩებოდა, მით უფრო, რომ ხელისუფლებას გამოსავლად პლებისციტი შევთავაზეთ, თუმცა შეთანხმების ტექსტში არც ეს არის მოცემული.

- თუ დანარჩენი ოპოზიცია შევა პარლამენტში, თქვენ ისევ აქციებს გააგრძელებს? - პოლიტიკური სპექტრის დანაწევრება პროცესებისთვის ცუდი იქნება. არ მინდა იმედი დავკარგო, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს, მხოლოდ ასე შეიძლება ხელისუფლებას ამ უთანასწორო ბრძოლაში ეფექტიანად დავუპირისპირდეთ.

- რამდენიმე თვის განმავლობაში ერთიანი იყო ოპოზიცია, რა შედეგს მიაღწიეთ ამით? - ბევრ რამეს: ხელისუფლებას მუდმივად დისკომფორტი ჰქონდა როგორც საკუთარი ამომრჩევლის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

ის რომ, ხელისუფლებამ ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, განპირობებული იყო დასავლეთის პრინციპული პოზიციით, გნებავთ, ზეწოლით, თუმცა ხელისუფლებას ისიც გათვლილი ჰქონდა, რომ პრეტენზიების შემთხვევაში ეთქვა, ეს დოკუმენტი ჩვენთვისაც მისაღებიაო.

ამით ცდილობენ ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს ხელისუფლება თანახმაა, ოპოზიცია კი არა. მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში შეიძლება ტექსტი ისე შეიცვალოს, რომ მასზე ხელის მოწერა შევძლოთ, ოღონდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა პრინციპების გათვალისწინებით ვიქნებით ერთიანი და რა გზებით ვაპირებთ ბრძოლას.

- 15 მაისის აქცია ძალაში რჩება? - დიახ, რადგან მისი მთავარი მოთხოვნა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია. თუ ამ საკითხებზე ვერ შევთანხმდით, აქცია გაიმართება, რათა საზოგადოებას და დასავლეთს დავანახოთ, რომ ჩვენს პრინციპებს არ ვღალატობთ.