"თალაკვაძის განცხადებები არ პასუხობს იმ ამოცანას, რომ მართლაც დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი" - კვირის პალიტრა

"თალაკვაძის განცხადებები არ პასუხობს იმ ამოცანას, რომ მართლაც დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი"

"დროა გახარიამ უამბოს საზოგადოებას ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის წერილის ამბავი, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო"

"არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას ვის უწოდებენ, მაგრამ იმაზე უფრო რადიკალური პოლიტიკური ძალა, როგორიც "ქართული ოცნებაა", ძნელად წარმომიდგენია", - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და "ქართულ ოცნებას" შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს: "ამაზე მეტი რადიკალიზმი როგორ წარმოგიდგენიათ? როდესაც პოლიტიკაში შენს პარტნიორს, ვისთან ერთადაც პარლამენტში მუშაობას აპირებ, რეკეტირსა და კრიმინალს უწოდებ. ასეთი პოლიტიკური უკულტურობა არც მსმენია!", - განაცხადა ჯაფარიძემ.

- როგორც ჩანს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ზეწოლის გამო "ქართული ოცნება" იძულებული გახდა მოეწერა ხელი ბატონი დანიელსონის დოკუმენტზე. რაც შეეხება იმ 2 პუნქტს, როგორც ჩანს, "ოცნება" სათანადოდ არ არის მზად, რომ იმდაგვარად შევთანხმდეთ. მოგვიწევს გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს მედიატორებთან ერთად. თალაკვაძის განცხადებები არ პასუხობს იმ ამოცანას, რომ მართლაც დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი. როგორც განაცხადა, მათ აქვთ შენიშვნები ამ 2 პუნქტის შესახებ, მაგრამ შენიშვნები ჩვენც გვაქვს.

- ანალიტიკოსების აზრით, დანიელსონის დოკუმენტი პოლიტპატიმრების ამნისტიასაც ითვალისწინებს და ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემდგომ ვადამდელ არჩევნებზე მსჯელობის შესაძლებლობასაც იძლევა. - მე ასე ვერ ვიტყოდი. თუ რაიმე არ არის მკაფიოდ, მკაცრად გაწერილი, "ოცნება" ყოველთვის შეეცდება თავი აარიდოს ვალდებულებების შესრულებას. ამიტომ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი მექანიზმი, რომელიც მმართველ გუნდს მანევრირების საშუალებას არ მისცემს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებზე 40%-იანი ზღვრის დაწესებას- ეს არ არის სამართლიანი შეთავაზება, სრულიად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას".

მე, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია მომავალ კვირას მიწვევით მივდივართ ბრიუსელში, სადაც ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ გვექნება საშუალება კვლავ ვიმსჯელოთ კრიზისულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე. ჩვენი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებული ოპოზიციის განზრახვაზე, რომ ჩვენი ამოცანაა შედგეს პოლიტიკური შეთანხმება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა დარჩენილ ორ საკითხზეც მივაღწიოთ ისეთ ფორმულირებას, რომელიც არ იქნება ყალბი. ვგულისხმობ რიგგარეშე არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს არ არის სავაჭრო თემები, ვაჭრობა გამორიცხულია.

- ხელისუფლებაც ამბობს, რომ ვაჭრობა გამორიცხულია. ამასთან, ამბობს, რომ მხოლოდ დესტრუქციულ ოპოზიციას არ სურს დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა და იმედოვნებენ, რომ თქვენ შორის გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებიც საკითხს კონსტრუქციულად გადაწყვეტენ. ამასთან, პარლამენტში, უკვე წარმოდგენილია გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც პოლარიზაციის დასრულებაზე აქვს პრეტენზია. ეს ვითარება თქვენს ამოცანას, რომ დაარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები თქვენს სიმართლეში, ხომ არ ართულებს? - პარტია, რომელიც ხელისუფლებას არ აკრიტიკებს, რომ პოლიტპატიმრები არ არსებობენ, რომ ანაკლიის პორტის გაჩერება გამართლებული იყო, სინამდვილეში ოპოზიცია არ არის. ეს ფსევდოოპოზიცია. მათი "კონსტრუქციულობა" ადასტურებს უკვე არაერთხელ გამოთქმულ აზრს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შემოყვანილი მოთამაშე, რათა შეაჩეროს "ოცნების" ელექტორატის რღვევა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, გახარიას ნათქვამი, ივანიშვილი ქვეყნის სისტემური მზღვეველია, მისი სახით ქვეყანაში უნიკალური დაზღვევა გვყავსო. ამიტომ საინტერესოა, ვისი ოპოზიციაა გახარიას გუნდი, ჩვენი თუ ხელისუფლების?

დროა ბატონმა გიორგიმ გულახდილად უამბოს საზოგადოებას ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის წერილის ამბავი, რომლის მთავარი მონაწილეც თავად იყო. მან ასევე უნდა თქვას, თუ რატომ ან ვისი დავალებით გააჩერა ანაკლიის პროექტი. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მის სხვა განცხადებებს ვენდოთ.

ხათუნა ბახტურიძე