"ორი ფრონტიდან ერთდროულად გაგვიხსნეს ცეცხლი" - კვირის პალიტრა

"ორი ფრონტიდან ერთდროულად გაგვიხსნეს ცეცხლი"

"კითხვაზე: ბიძინა ივანიშვილის პროექტია თუ არა გახარია? პასუხია - რა თქმა უნდა, არა!", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი, რომელიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციასაც იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიამ უმრავლესობის წევრების გადაბირებით შესაძლოა პარლამენტში კრიზისი შექმნას და ქვეყანა ახალ არჩევნებამდე მივიდეს.

- იმ წიაღსვლებში შესვლა - ვინ, ვის, რა მოაგებინა, "ქართული ოცნებისთვის" უფრო დამაზიანებელია. რატომ? იმიტომ, რომ ერთი მხრივ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, დეპუტატობა და კაცობა ამჯობინეს სახელმწიფოებრივ საქმესო, მეორე მხრივ კი ბატონი დიტო სამხარაძე ამბობს, კაცობა და მეგობრობა არ არის, როდესაც პარტიას ტოვებო. მათი მესმის, ცოტა გაურკვეველ ვითარებაში არიან. ახლა როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება ამ ახალი პოლიტიკური ძალის რადიკალიზაციას შეეცდებიან.

- თქვენ უკვე მოგიწიათ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის კრიტიკის ქარცეცხლში გავლამ. თქვენთან კითხვები აქვთ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხარდამჭერებს. მთავარი კითხვა ასეთია: არის თუ არა გახარია დამოუკიდებელი მოთამაშე? - სწორად შენიშნეთ, ორი ფრონტიდან ერთდროულად გაგვიხსნეს ცეცხლი, რაც იმის მანიშნებელია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც "ქართული ოცნების" რადიკალურ დღის წესრიგს გავემიჯნეთ. როგორც ჩანს, რადიკალიზმი ორივე პოლიტიკური ძალის დღის წესრიგის შესაბამისია.

ჩვენ არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებთ. როგორც კი რადიკალიზმში ავყვებით, მაშინვე გავხდებით პოლარიზაციის ნაწილი. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს.

- გიორგი გახარია ქვეყანაში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები იყო. როგორ უნდა გაემიჯნოთ იმ პოლიტიკურ წესრიგს, რომელსაც სწორედ გიორგი გახარია ქმნიდა წლების განმავლობაში? - არავინ უარყოფს, რომ ხელისუფლების ნაწილი ვიყავით, "ქართულ ოცნებასთან" ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და მასთან ერთად დღეს არსებულ ბევრ გამოწვევაზე გვეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ ვეღარ დავკარგავთ დროს იმ პოლიტიკურ პლატფორმაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მთლიანად ასცდა საზოგადოების მოთხოვნებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქმის კეთება. აი, ამაში გამოიხატება ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

- თქვენი შეხედულებით, რა მომენტიდან ასცდა "ქართული ოცნება" საზოგადოების მოთხოვნებს? - საინტერესო კითხვაა. რადიკალურად შეგვეცვალა გარემო, როდესაც პანდემია დაიწყო და სოციალური ფონი ძალზე დამძიმდა. თუმცა ჩვენსა და "ქართულ ოცნებას" შორის გამყოფი ხაზები მართლმსაჯულებაზე, ეკონომიკურ პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებზე გადის. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ დღეს უკეთესი ვითარებაა, ვიდრე 9 წლის წინ იყო. ეს, ალბათ, მისთვის მისაღები სტანდარტია, ჩვენთვის კი ვერ იქნებოდა. ვრჩებოდით გუნდში, სანამ პრობლემებთან გამკლავების რესურსს ვხედავდით.

გახარია ყოველთვის იყო რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის შემაკავებელი ფაქტორი. ასევე იყო სისტემური რეფორმების გატარების ინიციატორი და კარგი მენეჯერი.

- საზოგადოებას აქვს კითხვები გახარიასთან 20 ივნისის ღამის თაობაზე. მივიღებთ პასუხებს? - გახარია არასდროს დატოვებს უპასუხოდ კითხვებს არც 20 ივნისის და არც საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე. რა თქმა უნდა, პასუხი გაეცემა 20 ივნისთან დაკავშირებულ კითხვებს, მათ შორის იმასაც, დგას თუ არა ჩვენ უკან ბიძინა ივანიშვილი.

რაც უნდა გითხრათ მე ან თავად გიორგი გახარიამ, თქვენ დასკვნებს ჩვენი პასუხებიდან კი არა, ჩვენი ნაბიჯებიდან გამომდინარე გააკეთებთ. ჩვენი საუბარი ჩვენი შეფასებისთვის საკმარისი არ არის. ძალიან მალე ყველა კითხვას საქმით გავცემთ პასუხს.

- რას ფიქრობთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, ხედავთ თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას? - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის (იქნება ეს ოპოზიცია თუ ხელისუფლება) ნაბიჯს, რომელიც მიმართული იქნება პოლარიზაციის შემცირებისკენ.

ჩვენ არ გვაქვს ისეთი მძლავრი სახელმწიფო, რომ დრო დავკარგოთ პოლიტიკური კინკლაობისთვის, რაც ძალაუფლების შენარჩუნებას ან მოპოვებას ისახავს მიზნად.

- "ქართული ოცნების" ლიდერების აზრით, გუნდის დატოვების შემდეგ საპარლამენტო მანდატებიც უნდა დატოვოთ. - ძალიან გთხოვთ, ამ პოლემიკაში ნუ ჩამრთავთ, მხოლოდ ერთს ვიტყვი: უცნაურია, როდესაც "ქართული ოცნება" პოლარიზებული ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პარლამენტში ეპატიჟება, ჩვენ მიერ შექმნილ ოპოზიციას კი კარისკენ მიუთითებს.

- ახალ წევრებს კიდევ ვიხილავთ თქვენს გუნდში? - აუცილებლად.

- კახა კალაძეც იქნება თქვენ შორის? - არაფერია გამორიცხული, ისევე როგორც არ არის გამორიცხული, რომ გიორგი გახარია იყოს მერობის კანდიდატი. როგორც გითხარით, ძალიან მალე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ხათუნა ბახტურიძე