"ოცნებას" არაკვალიფიციურად და არასწორი მეთოდებით ებრძვიან, რაც უფრო აძლიერებს მას" - კვირის პალიტრა

"ოცნებას" არაკვალიფიციურად და არასწორი მეთოდებით ებრძვიან, რაც უფრო აძლიერებს მას"

"ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების მეტი შანსი არსებობდა"

მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერა, ოპოზიციის ნაწილის აზრით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. როგორც ყოფილი პარლამენტარი ლევან კობერიძე ამბობს, "ოცნებამ" ამით გაჯიუტებული მხარის ლუსტრაცია მოახდინა.

- ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც თავის გაჯიუტებას იმით ამართლებდა, შეთანხმება აუცილებელია, მაგრამ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელი "ოცნებამაც" არ მოაწერაო, არგუმენტი გამოაცალა. ძნელია ამის აღიარება, მაგრამ სასწორი მმართველი გუნდისაკენ გადაიხარა. არადა, ოპოზიციას თუნდაც ევროპარლამენტარების ვიზიტების შემდეგ ბევრჯერ ჰქონდათ ღირსეული ნაბიჯის გადადგმის, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა.

ევროპელებისთვის გაუგებარია არჩევნების შედეგების ბოიკოტი, როდესაც ვერ ამტკიცებ, სად რა გაყალბდა, როდესაც ამის დამამტკიცებელი მასალები არა გაქვს. თავიდანვე ვაფრთხილებდი კოლეგებს, ეს არასწორი გზაა და ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს-მეთქი. ასე რომ, ახლა "ოცნების" ამ გადაწყვეტილებით მათი უაზრო გაჯიუტება ლუსტრირებულია. ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების მეტი შანსი არსებობდა.

- არის მოსაზრება, რომ ოპოზიციის ნაწილს სინამდვილეში ეს არც სურდა. - ეს "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგია. ამასთან, უკვე არის მესიჯები, პოლიტიკური კრიზისი უფრო რომ არ გაღრმავდეს, საჭიროა მხარეებს შორის შეთანხმება, ამნისტია და ა.შ., რაც "ნაციონალების" დანაშაულების ჩაფარცხვასა და მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნებასაც გულისხმობს - ანუ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებასთან სავაჭროდ სჭირდებოდათ, ამიტომაც ატეხეს ერთი ამბავი არჩევნების მეორე დღესვე, გაყალბდაო.

ამას მოჰყვა გაჯიუტება, რაშიც ოპოზიციის სხვა პარტიებიც ჩაითრიეს, ოღონდ მათივე ნებით... არადა, მოსახლეობამ მათ სწორედ ალტერნატიული პოლიტიკური ველის შესაქმნელად მისცა ხმა.

ახლა თუ "ქართულმა ოცნებამ" შეძლო და მოსახლეობას შეუქმნა განცდა, რომ ის ნამდვილად კონსტრუქციული ძალაა, ეს მისთვისვე იქნება მომგებიანი, თუნდაც ეს ხელოვნურად გააკეთოს.

- ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობთ? - არა მარტო ამას. "ოცნებამ" საზოგადოებას უნდა დაანახოს, ამ ოპოზიციური პარტიების გარდა, სხვებიც არსებობენო, სწორედ ამ კარტს ათამაშებს თუნდაც გახარიას გამოჩენით. თუმცა არც სხვა ნაბიჯებს გამოვრიცხავ, თუნდაც ახალი ძალის გამოჩენას, ოღონდ ეს შესაძლოა ხელისუფლების ინსპირაციით კი არა, ბუნებრივადაც მოხდეს. თუ "ქართულმა ოცნებამ" რიგგარეშე არჩევნები სხვა პოლიტიკური პროცესის შთაგონებით გამართა, იქნება ეს 2023 თუ 2024 წელს, თავადაც მოგებული დარჩება. მეტიც, დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები და ბარიერი 3%-მდეც დასწიონ, ბევრად ნაკლები პარტია შევა პარლამენტში, რადგან საზოგადოებამ ამ ბოლო თვეებში ბევრი რამ სხვაგვარად დაინახა. "ოცნებას" არაკვალიფიციურად და არასწორი მეთოდებით ებრძვიან, რაც უფრო აძლიერებს მას.

"ნაციონალებმა" საზოგადოების სურვილი, რომ ქვეყანაში მმართველობა კოალიციური იყოს, ისე "გადათარგმნეს", თითქოს კოალიციური მთავრობა მხოლოდ ოპოზიციური უნდა იყოს, რითაც ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებს ამომრჩეველიც დააკარგვინეს.

- გიორგი გახარიას პოტენციალზე რას იტყვით? - გახარია როდესაც ეკონომიკისა და შს მინისტრი, შემდეგ კი პრემიერი იყო, მუდმივად ვაკრიტიკებდი და ახლაც იმავე აზრზე ვარ. მისი გუნდის წევრებმა "ოცნება" კი დატოვეს, მაგრამ თავად გახარიას ჯერ არც პარტია შეუქმნია და არც არაფერი განუცხადებია. არც ის არის გამორიცხული, ხვალ პოლიტიკაში ყოფნაც გადაიფიქროს. ახლა ქართველ საზოგადოებაში გახარიასი კი არა, სამართლიანი, პრინციპული და სწორად მებრძოლი გუნდის მოთხოვნაა. თუმცა ახლა ქართულ პოლიტიკაში მოსვლა დიდ ფულთან არის დაკავშირებული და ამის გამო ბევრი თავს იკავებს. ბიზნესი კონიუნქტურას არის დაქვემდებარებული, ევროპაში კი ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია ამა თუ იმ პარტიას დაუჭიროს მხარი და მას არავინ შეავიწროებს. აქ სხვაგვარად ხდება.

თუმცა ყოველი ახალი პოლიტიკური ძალა საინტერესოა, რადგან კონკურენცია მაინც გაიზრდება, ოღონდ არჩევნებამდე კრიტიკა დაშვებული უნდა იყოს, ისე კი არა, 2020 წელს "ოცნება" ეთერში რომ არ ჩნდებოდა და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს არ აკრიტიკებდნენ. მოსახლეობა ორი არჩევანის - "ოცნებისა" და "ნაციონალების" ამარა დარჩა, მაგრამ ამის მიუხედავად, ალტერნატიულმა ძალებმა მაინც მიიღეს 25%-იანი შედეგი, შესაბამისად, პარლამენტში რომ შევსულიყავით, ბევრი რამის შეცვლას შევძლებდით.

უამრავი გაყალბება ახსოვს ისტორიას, მაგრამ თუ ამას ვერ ამტკიცებ, შესაძლოა შერჩეს გამყალბებელ პოლიტიკურ ძალას. სწორედ ამისთვის არის საჭირო პოლიტიკური ბრძოლა, რომელშიც უნდა გაიმარჯვო, ბრძოლა კი აუცილებლად პარლამენტში უნდა გამართულიყო.