"მივალთ პარლამენტში და დავაკვირდებით პროცესებს" - კვირის პალიტრა

"მივალთ პარლამენტში და დავაკვირდებით პროცესებს"

"მნიშვნელოვანია დავიყოლიოთ მთელი ოპოზიცია, რომ ეს იყოს შერიგების წერტილი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის", - ამბობს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის თქმითაც, საკანონმდებლო ორგანოში მისვლისას იმ პირებს შეხვდებიან, ვისი ნახვის საშუალებაც ექნებათ.

- პარტიაში კარგად გავეცნობით, თუ რაზე მოაწერა ხელი მმართველმა გუნდმა. გვაინტერესებს, როგორ გაიგეს დანიელსონის დოკუმენტის შინაარსი. ამის შემდეგ გვაინტერესებს ოპოზიციის აზრი.

- ორშაბათიდან სრულფასოვან საპარლამენტო ცხოვრებას იწყებთ თუ ისევ პარლამენტის პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას იტოვებთ? - ჯერ უნდა გავიგოთ, რას გულისხმობენ "ქართული ოცნების" ლიდერები დოკუმენტზე ხელის მოწერაში, როგორ წაიკითხავენ და რამდენად პატიოსნად განმარტავენ შარლ მიშელის დოკუმენტს. "ქოცებს" სჩვევიათ დაპირების გაცემა და მერე გადათქმა.

შეგახსენებთ, როგორ შეგვპირდნენ პროპორციულ არჩევნებს და ბუნებრივ ბარიერს და მერე გადათქვეს. ამასთან, ველოდებით, რას იზამს ოპოზიცია. ჯერ დაკვირვების პროცესში ვართ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ 7 პირობიდან ერთ-ერთის შესრულების სანაცვლოდ შეხვიდოდით პარლამენტში. მმართველი გუნდის ლიდერებმა თქვენი ინიციატივები არასერიოზულად მიიჩნიეს და მეტი სერიოზულობისკენ მოგიწოდეს. - ჩვენი 7 პირობიდან თითოეულის შესრულება ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას. აქ არის ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად, არჩევითი მოსამართლეები, არჩევითი პოლიციის უფროსები, მულტისავალუტო რეჟიმი, საბჭოთა კავშირის პერიოდში ხალხისთვის წართმეული ქონების დაბრუნება, მარიხუანას ლეგალიზება და პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ერთ-ერთი პირობის შესრულების შემთხვევაში, "გირჩი" მზად იყო პარლამენტში დამოუკიდებლად შესულიყო. ორშაბათს მივალთ პარლამენტში და დავაკვირდებით პროცესებს.

ჩვენ უარს ვამბობთ ხელფასზე, პრემიებზე, საბიუჯეტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს ვერ ვიტყვით იმუნიტეტსა და იარაღის ტარების უფლებაზე.

ხათუნა ბახტურიძე