"კრემლი აფხაზეთში ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართულ მხარესთან კავშირი არ გაიბას" - კვირის პალიტრა

"კრემლი აფხაზეთში ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართულ მხარესთან კავშირი არ გაიბას"

"რუსეთის პრეზიდენტი სოჭში ასლან ბჟანიას შეხვდა, სადაც აფხაზეთის ე.წ. კანონების რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას მოაწერა ხელი. ბჟანიას გადაწყვეტილება აფხაზი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ..."

თითქმის ერთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდის გახსნა გადაწყვიტა. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინი გააუქმა. ისინი ანტიგენ-ტესტირებას დაექვემდებარებიან და ვაქცინაციას ნებაყოფლობით ჩაიტარებენ. კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გვიამბობს, რა სახიფათო და სასარგებლო პროცესები ვითარდება აფხაზეთში.

- კარგი იქნება, თუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გალის რაიონსაც გადასცემს ტესტებს. ეს არ იქნება რთული, რადგან გალისა და ზუგდიდის საავადმყოფოები წლებია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ასეთ შემთხვევაში ენგურს აქეთ გადმოსვლის მსურველი ერთი დღით ადრე გაიკეთებდა ტესტს და მშვიდად გადმოვიდოდა. დასანანია, რომ გამოსავალი ტრაგედიის შემდეგ მოიძებნა და არა მანამდე, მაგრამ კარგია, რომ ახლა მაინც გამოასწორეს შეცდომა. ეს გალელების გარდა, აფხაზებსაც შეუმსუბუქებს ყოფას. მით უფრო, რომ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ვაქცინაცია ჩატარდება. არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ თუნდაც რუსული ვაქცინით აიცრებიან, იქ ჯერ sputnik V-ც არ შეუტანიათ. მოსახლეობის დიდი ნაწილი არც ენდობა ამ ვაქცინას, ამიტომ კიდევაც რომ შეიტანონ, მაინც "ასტრაზენეკა" ან ქართული მხარის შეთავაზებული სხვა ვაქცინა ბევრად სანდო იქნება მათთვის.

- გალის რაიონში საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასების თავისი ბიუჯეტიდან გადახდის ინიციატივით გამოვიდა რუსეთი. რუსული მედია მოულოდნელად რაიონში აგრარული პროექტების დაწყებაზეც ალაპარაკდა. რა ჩანაფიქრი აქვს რუსეთს? - რუსეთის ამგვარი ინიციატივები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, თუნდაც იმიტომ, რომ გალელებთან ასეთ სიკეთეს იჩენენ, მაშინ როდესაც აფხაზეთის სხვა მოსახლეობას რამდენიმე თვეა პენსია და ხელფასი არ აუღია და ამას ლამის ყოველდღე აპროტესტებენ, თანაც ეს ხდება უკიდურესად მძიმე ვითარებაში, რეგიონში როგორც სურსათის, ასევე პირველადი მოხმარების მედიკამენტების დეფიციტია და რაც იყიდება, სამმაგი ფასი აქვს. ეს მძიმედ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე, ჯანმრთელობასა და განწყობებზე. თუმცა აფხაზი საზოგადოება გალელებს ისე უყურებს, როგორც განსხვავებულ ხალხს - ჩვენ მათ ინტეგრირებას ვცდილობთ, ისინი კი მაინც ზუგდიდისკენ იყურებიანო. ამიტომ ეჭვი მეპარება, რუსეთს იქ "რბილი ძალის" ამოქმედებით რამე გამოუვიდეს, მაგრამ რადგან ასეთი სახიფათო ინიციატივა წამოაყენეს, ქართულ მხარეს მეტი აქტიურობა მართებს როგორც გალში, ასევე საზოგადოდ აფხაზეთში...

ის, რომ ქართულ მხარესთან დამოკიდებულებაში გარდატეხა დაწყებულია, ამის მაგალითია ბიზნესმენ ბენურ კვირაიას სურვილი რეგიონში ქართული ინვესტიციების შეტანაზე, რასაც იმაზე სუსტი პროტესტი მოჰყვა, ვიდრე ველოდი, კვირაიამ თქვა, კიდევ წავალ თბილისში, რადგან თქვენ არაფერს მთავაზობთო. აფხაზებს არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, როდესაც ქართული ბიზნესის განვითარებაზე ლაპარაკობენ, მოსახლეობა ჩუმად არის, ეს კი თანხმობის ნიშანიაო. მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ, ოღონდ არც ისე ბევრი და ეს ე.წ. მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციებსაც ეტყობოდა. უმეტესობა მზად არის, აფხაზეთში მეტი ინვესტიცია შევიდეს, ჩვენთან ითანამშრომლონ და თუ რაღაც შეთანხმებები შედგა, ეს უპირველესად გალს წაადგება, რადგან მოსაზღვრე რაიონია. თანაც ახლა გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინ ფილიაა, რომელსაც დიდ პატივს სცემენ. სწორედ მან დააყენა საკითხი რუსეთის შეიარაღებული ძალების აფხაზეთში ბაზირებულ მეთაურობასთან, რომ გალელებს შეღავათები გაეწიოს, რასაც გალელი აფხაზები აფასებენ, რადგან მწარედ ახსოვთ ნადარაიას სისასტიკე, მათ იზოლაციას რომ ითხოვდა.

მიუხედავად ამისა, უახლოეს ხანებში მაინც არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ აფხაზები გვეტყვიან, საქართველოს შემადგენლობაში დაგვაბრუნეთ და ერთად დავიცვათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაო, მაგრამ სავაჭრო და ბიზნესურთიერთობა თუ გააქტიურდება, მეტი ადამიანი და ტვირთი იმოძრავებს, ეს ჩვენს ხალხებს შორის შერიგებას ხელს შეუწყობს.

აფხაზებს დიდი არჩევანიც აღარ აქვთ, ომის დასრულებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ ხედავენ, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო უჭერს მათ მარყუჟს და ანექსიის პოლიტიკაც თვალსაჩინოა.

ყარაბაღის ომის დროს, როდესაც პუტინი ლავროვიანად სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემაზე იყო გადართული, 9 ნოემბერს, ყარაბაღის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან სამი დღის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი სოჭში ასლან ბჟანიას შეხვდა, სადაც აფხაზეთის ე.წ. კანონების რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას მოაწერა ხელი. ბჟანიას გადაწყვეტილება აფხაზი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ არც ერთი შეფასება და განცხადება არ გაუკეთებიათ. თავად ბჟანიამ თქვა, არც ისე ცუდი დოკუმენტიაო. მე მას გავეცანი, 45 პუნქტისგან შედგება და სკოლის პროგრამაც კი გაწერილია, მათ შორის არის ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სფერო, რუსეთის მოქალაქეების უფლებები... ფაქტობრივად, ეს არის დოკუმენტი, რომელზეც აფხაზების უმეტესობა, თუ ვინმე კრემლის აგენტი არაა, ერთხმად აღიარებს, რომ ეს არის ანექსიის შესახებ დოკუმენტი.

ახლა, როდესაც ნატო ასე აქტიურია შავ ზღვაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნებით - ვგულისხმობ თურქეთს, რუმინეთს, ბულგარეთს - რუსეთი შავ ზღვაში მარტო რჩება. თურქეთი აშკარად ისე არ იქცევა, რუსეთს რომ მოეწონოს. ზელენსკი თურქეთში ჩავიდა და დახმარება ითხოვა, ერდოღანმა კი აშკარა გზავნილი გაუგზავნა რუსეთს, რომ უკრაინის დახმარებას აპირებს.

რუსეთი ამ ვითარებაში აფხაზეთს დამოუკიდებლობას არაფრით დაუთმობს. უკრაინის პოზიცია მკაფიოა - ნატოსკენ ისწრაფვის, ჩვენ მართალია სიტყვით ვამბობთ, წევრობა გვინდაო, მაგრამ ამისთვის არაფერს ვაკეთებთ, არადა, ახლა მთავარი ამოცანაა ნატოსთვის ვიბრძოლოთ და აფხაზები და ოსებიც დავაჯეროთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება ბევრად სჯობია რუსეთთან გაურკვევლობაში ყოფნას, რადგან საქართველო ნატოში ნიშნავს დემოკრატიას, ეკონომიკურ მდგრადობას, განვითარებას, კეთილდღეობას. მის წევრ სახელმწიფოებს შორის ომი არ არის. ამიტომ ახლა ქართული პროპაგანდა ნატოზე გაათმაგებით უნდა მუშაობდეს ოკუპირებულ რეგიონებში, ჩვენ კი შიდაპოლიტიკური კრიზისი ვერ მოგვიგვარებია.

- ეს აფხაზებს აინტერესებთ? - ახლა ძალიან აინტერესებთ. ყარაბაღის ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალი პოლიტიკის გასატარებლად კარგი შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩვენი ხელისუფლება კი ამას არ იყენებს.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 30 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ეტყობა ვერ აცნობიერებს, რომ კიდევ 30-წლიანი ლოდინის ფუფუნება არა გვაქვს. პუტინმა ძალაუფლებაში ყოფნა იმიტომ კი არ გაიხანგრძლივა, რომ ტახტზე წამოწვეს - მას თავისი იმპერიული ამბიციები აქვს და ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ის ტერიტორიები, სადაც მისი გავლენა ვრცელდება, დაიკანონოს.

ბელარუსსაც კი ეჭიდავება და, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, რომელსაც არავითარი სუვერენიტეტი არ გააჩნია, "უყურადღებოდ" არ დატოვებს. ეს იციან აფხაზებმა და იხვეწებიან შეხვედრას ქართულ მხარესთან, მაგრამ უშედეგოდ.

- ამბობენ, გვაქვს შეხვედრებიო... - მაშინ რატომ იხვეწებიან?.. მეტიც, ვიცი, რომ ქართული მხარე იგნორირებას უკეთებს. აფხაზები ძალიან შეშფოთებული არიან, რუსეთისგან რეალურ საფრთხეს გრძნობენ, მაგრამ თუ ასეთ ნეიტრალურ პოზიციას შევინარჩუნებთ, მათ დავკარგავთ... ქართულ მხარესთან დიალოგის მსურველების პარალელურად, არიან რადიკალურად განწყობილებიც, რომლებიც რუსულ პოლიტიკას ატარებენ, პირდაპირ აქვთ დავალებული, რომ ქართულ მხარესთან შერიგება არ დაუშვან. რა გასაკვირია, რუსეთს აფხაზეთში აგენტები ჰყავდეს.

კრემლი აფხაზეთში ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე ქართულ მხარესთან კავშირი არ გაიბას, ეშინიათ, ვინმემ არ თქვას, ქართველებთან ცხოვრება ჩვენთვისაც საჭიროა და უნდა შევრიგდეთო.

რუსეთთან მიერთებაში ხედავს ხსნას აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია. მისი მომხრეები ამბობენ, სანამ დაგვიპყრობს, როგორმე მომგებიანად მივეყიდოთო.

რეგიონში არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც დამოუკიდებლობა სურს, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც ამის არ სჯერა და ამბობს კიდეც, არაფერი გამოვაო.

იმ 19 წლის გოგონას, რომელმაც თქვა, აფხაზეთი საქართველოაო, თავს დაესხნენ და ბოდიში მოახდევინეს. რომ ეთქვა, მაგალითად, აფხაზეთი კამბოჯა არისო, ზედ არ შეხედავდნენ, მაგრამ ისეთი რამ თქვა, რისიც ეშინიათ და აღშფოთდნენ.

მან თქვა ის, რაც ჩანასახის სახით ადგილობრივ საზოგადოებაში ტრიალებს და ამის ეშინიათ. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებშიც არის ეს განწყობა, რადგან უფროსი თაობისგან, თუნდაც ე.წ. ვეტერანებისგანაც ესმით, რომ იმედგაცრუებული არიან და თავადაც ხედავენ, რაც ხდება - ჭაობი, რომელიც ღრმავდება. ამიტომ აფხაზები როგორმე უფრო მეტად უნდა დავაინტერესოთ, ჩვენკენ წამოვიყვანოთ, მეტი დემოკრატიზაცია დავანახოთ, რაც ეკონომიკის განვითარებაზე მეტად სჭირდებათ.

ახლა მართლაც უნიკალური შანსი გვაქვს, ევროპა გვებღაუჭება, სომხეთში ამხელა პრობლემებია, ლამის გადატრიალება მოხდა და არც ერთი ევროპელი არ ჩასულა, ჩვენთან კი ლამის ანეკდოტურ საკითხზე, ნიკა მელია გარეთ უნდა იყოს თუ ციხეში, დელეგაციები ჩამოდიან ერთიმეორის მიყოლებით, ახლა ირკვევა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩამოვლენ. თუ ქართული პოლიტიკური მხარეების უაზრო გაჯიუტება გაგრძელდება, რასაც პრინციპულობა კი არა, დოყლაპიობა ჰქვია, აფხაზებსაც დავაფრთხობთ, ისინი საქართველოში თავიანთ თავს ვერ დაინახავენ, რუსეთი კი იქვეა.