"პუტინის შემდეგ..."
"პუტინის შემდეგ..."
ფოტო:ლეონიდ ვოლკოვი და ალექსეი ნავალნი
"ნავალნის რუსეთი ეცდება მოაგვაროს უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტები, მაგრამ მარტივ გამოსავალს ვერ დაგპირდებით"

გასულ კვირას რუსმა ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოაცხადა, ციხის ადმინისტრაციაში კი ჩვეული "გულისხმიერება" გამოიჩინეს და განაცხადეს, თუ ნავალნი გონს არ მოეგება, იძულებითი კვების რეჟიმზე გადაიყვანენ. ნავალნი ციხეშია, პუტინი შეუვალია, დასავლეთი კი მხოლოდ მოწოდებებით და შეშფოთებებით შემოიფარგლება - ამ ყველაფრის ფონზე კი ნავალნის თანამებრძოლები, რომელთა ნაწილიც უცხოეთშია გახიზნული, "უპრეცედენტო, ისტორიული მასშტაბის სახალხო პროტესტს"აანონსებენ თავიანთი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით. რა მიზნები აქვთ
ნავალნისა და მის გუნდს, როგორი­ იქნებ(ოდ)ა "ნავალნის რუსეთი" და მისი შიდა თუ საგარეო პოლიტიკა როგორც ახლო მეზობლებთან, ასევე დასავლეთთან - ამ კითხვებს ბრიტანული "სპექტატორისა" და "ჯისპის" ერთობლივ ინტერვიუში ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამებრძოლი და მისი შტაბის უფროსი ლეონიდ­ ვოლკოვი პასუხობს.

- იანვარში განაცხადეთ, რომ
"პუტინი არც ისეთი გიჟია, ნავალნი ციხეში მოაკვლევინოს". ჯანმრთელობის პრობლემების, სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმისა და ნავალნის მიერ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ისევ ამ აზრზე რჩებით?

- თუ იქნება საკმარისი ზეწოლა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრონტზე, პუტინი ამას ვერ გაბედავს. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ პუტინისთვის ისეთი ჯებირი შევქმნათ, რომლის გადალახვასაც ის ვერ გარისკავს.

შეშლილი დიქტატორის კვალობაზე, პუტინი ჯერ კიდევ რაციონალურად აზროვნებს და არც პოლიტიკური ინტუიცია ღალატობს. კრემლში ვერ გაბედეს ნავალნი უცერემონიოდ, პირდაპირ თავში გასროლით მოეკლათ. ამის ნაცვლად სცადეს მისი მოწამვლა ისეთი საწამლავით, რომელიც კვალს არ ტოვებს, რადგან არ სურდათ ვინმეს მათკენ გაეშვირა ხელი.

დღეს კი, როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ნავალნი პუტინის ხელშია, მას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და იმედია, პუტინს ეყოფა საღი აზრი, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა არ სცადოს.

- პუტინზე ზეწოლის თქვენეული გეგმის მთავარი ქვაკუთხედია დაანონსებული საპროტესტო გამოსვლები - "ეს იქნება უპრეცედენტო­ მასშტაბის პროტესტი, რომლის მსგავსიც თანამედროვე რუსეთს არ ახსოვს და რომლის დარბევასაც პუტინი ვერ გაბედავს". თუ მაინც გაბედა, რა მოხდება მაშინ?
- ჩვენ მილიონი ადამიანის გამოყვანას ვგეგმავთ. ამის მისაღწევად ჩვენს მომხრეებს ვთხოვეთ ონლაინრეგისტრაცია გაევლოთ და საჯაროდ დაეფიქსირებინათ, რომ ისინი პროტესტს შეუერთდებიან. ველოდებით, როდის მივაღწევთ ნახევარმილიონიან ნიშნულს. ამის შემდეგ საჯარო პროტესტის თარიღს გამოვაცხადებთ.

მინიმუმ ნახევარი მილიონი კაცის გამოყვანა საგრძნობლად შეამცირებს პირად რისკებს: თუ 10000 კაცს დააპატიმრებენ, როგორც იანვარში ქნეს, ეს მხოლოდ 2% იქნება მთლიანი რაოდენობისა. რაც უფრო დიდი იქნება პროტესტი, მით უფრო გაუჭირდება კრემლს მისი დარბევა. ჩვენ, ნავალნის გუნდი, ვითხოვთ ალექსეის გათავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ნავალნის მომხრეთა მიტინგი. ჩვენ ვამბობთ: თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ პუტინის რეჟიმით, მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძველი აქვს თქვენს უკმაყოფილებას: ეკონომიკური, პოლიტიკური, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ.

- რატომ გგონიათ, რომ პუტინი თქვენს მოთხოვნებს დათანხმდება?
- პუტინს სურს კრემლში სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს, მაგრამ ჩვენ არა მარტო­ პუტინს ვიღებთ სამიზნეში: გვინდა მის გარემოცვაში უთანხმოება დავთესოთ, მისი ლაქიებისა და მომხრეების ნაწილმა მაინც გადახედოს არჩეულ სტრატეგიას - სურთ კი მათ პუტინთან ბოლომდე დგომა?­ ეს ყველაზე რეალური სცენარია კრემლში ძალთა ბალანსის რეალურად შესაცვლელად.

- ამბობთ, რომ თქვენი­ დაპირისპირება პუტინთან იდეოლოგიაზე არ არის დაფუძნებული, "რადგან პუტინის ერთადერთი იდეოლოგია რუსი ხალხის ხარჯზე გამდიდრებაა". არავინ გედავებათ, მაგრამ თქვენი მოძრაობის პოლიტიკური იდეოლოგია რა არის? რას ქადაგებს ე.წ. ნავალნიზმი კორუფციასთან ბრძოლის გარდა?
- რუსულ რეალობაში­ ანტიკორუფცია თავისთავად წარმოადგენს იდეოლოგიას, რადგან პუტინის რუსეთი აგებულია კორუფციაზე, ეს სისტემის ქვაკუთხედია. პუტინს ვერ გავზომავთ­ დასავლური აუდიტორიისთვის ჩვეული საზომით - ის არც კონსერვატორია და არც ლიბერალი ამ ტერმინების კლასიკური გაგებით. მას და მის ელიტას მიაჩნიათ, მთელი ქვეყანა იმისთვის არსებობს, რომ გამოწველონ. ებრძვიან დამოუკიდებელ სასამართლოს, არჩევნებს, მედიას, რადგან ეს ყველაფერი კორუფციას ხელს უშლის. რუსეთსა და რუს ხალხს პუტინმა ეს ბერკეტები წაართვა, რუსეთის მოქალაქეებს დღეს არ შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, როგორი მომავლის შენება სურთ. ჩვენი მისიაა მათ ეს ბერკეტები დავუბრუნოთ.

- მიუხედავად იმისა, რომ კორუფცია უმწვავესი პრობლემაა, არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი დილემა, რუსეთის იმპერიული ამბიციები. ომები საქართველოსა და უკრაინაში­ - ეს სამხედრო კამპანიები პოპულარობას არ უჩივიან რუსეთში. მიიჩნევს თუ არა ამას პრობლემად ნავალნის გუნდი და თუ დიახ, როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას?
- პუტინმა მსოფლიო რუკას ბევრი ჭრილობა მიაყენა: აფხაზეთი, ოსეთი, დნესტრისპირეთი, ყირიმი, სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა.... ადვილი შესაძლებელია შემდეგ სამიზნედ ბელარუსი იქცეს.

ყოველ ჯერზე, როდესაც პუტინი ხედავს, რომ რუსეთში მისი რეიტინგი ვარდნას იწყებს, პოპულარობის დაბრუნებას სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურით ცდილობს.

ნავალნის მიდგომა ამ საკითხისადმი ასეთია: რატომ უნდა იხარჯებოდეს მილიონები, ვთქვათ, პალმირის აღსადგენად სირიაში, როდესაც იმავე მილიონის დაბანდება ომსკში ან რომელიმე სხვა ქალაქში შეგვიძლია? ეს მიდგომა ხალხში პოპულარობით სარგებლობს და ის ბუნებრივი შემაკავებელი ფაქტორია პუტინის ავანტიურისთვის. ახლა, როდესაც "ყირიმის ეფექტი ჩაცხრა, ხალხი აცნობიერებს, რომ ეს მონაპოვარი კი არა, დაბრკოლებაა. ყირიმის ანექსაციის ყველაზე თავდადებული მომხრეებიც კი თანდათან ხვდებიან, თუ რამხელა ფინანსურ ტვირთად იქცა ყირიმი ქვეყნისათვის, რადგან ამ ანექსირებულ რეგიონებში მილიარდების "ჩაყრა გვიწევს. ცხადზე ცხადია, რომ პუტინი არაფერს იღონებს ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად, ეს ჭაობი ხომ საკუთარი ხელით შექმნა. რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, რომ ყირიმის ანექსია არალეგალური იყო - ეს იყო საერთაშორისო სამართლის დანაშაული და ასევე დანაშაული რუსული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რადგან ამან რუსეთი არასანდო აქტორად აქცია საერთაშორისო ურთიერთობებში. ყირიმი დაგვიჯდა სანქციებად, მაგრამ, იმავდროულად, თვალი უნდა გავუსწოროთ იმასაც, რომ ამ ანექსიის შედეგად დღეს გვყავს დაახლოებით ორმილიონ-ნახევარი კაცი რუსული პასპორტებით და მათი აზრის გათვალისწინებაც მოგვიწევს. მარტივი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ არსებობს. საჭირო იქნება ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და, ალბათ, მრავალი წელი გავა, სანამ ყველასთვის მისაღები გამოსავალი გამოიკვეთება. ნავალნის რუსეთი ეცდება მოაგვაროს უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტები, მაგრამ მარტივ გამოსავალს ვერ დაგპირდებით და ვფიქრობ, ეს რეალისტური ხედვაა.

- ამბობთ, რომ მარტივი გამოსავალი არ არსებობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, დნესტრისპირეთის, ყირიმისა და დონბასის კონფლიქტები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ [ამ რეგიონების] უმრავლესობა მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის უწყვეტ ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე. გააგრძელებს თუ არა მსგავს მიდგომას [ნავალნის რუსეთი]?
- რუსი ამომრჩევლის და გადასახადების გადამხდელის ინტერესებში არ შედის მათი თანხების ამ ტერიტორიებში "ჩატუმბვა". როდესაც შევწყვეტთ ამ უზარმაზარი ფინანსური მოწყალების გაღებას, ამ ტერიტორიებზე კრიზისების აღმოფხვრის მეტი შანსიც გაჩნდება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით.

- დაბოლოს, დასავლეთთან ურთიერთობაზეც მინდა გკითხოთ. იქნება თუ არა ეს მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები? დაფიქრდებოდა თუ არა ნავალნის რუსეთი, მაგალითად, ევროკავშირში გაწევრებაზე?
- რუსეთი ისტორიულად ევროპას ეკუთვნის - კულტურულად, ეკონომიკურად, მეცნიერულად, პოლიტიკურად რუსეთის ადგილი ევროპაშია. რუსებს სურთ ღია ვაჭრობა და ღია მიმოსვლა ევროპაში - რომ არა პუტინი და მისი სისტემა, ისინი ენთუზიაზმით მოეკიდებოდნენ ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივასაც. ფუნდამენტური დაბრკოლებები ამ მხრივ არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უამრავი რამის შეცვლა და ხელახლა დაწყება იქნება აუცილებელი, როდესაც პუტინის მმართველობის ხანა წარსულს ჩაბარდება.

ვაჟა თავბერიძე & ტიმ ოგდენი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები