"რუსეთს საქართველოში რისი გაკეთებაც სურდა, ყველაფერი გააკეთა და ამაში თავად შევუწყვეთ ხელი" - კვირის პალიტრა

"რუსეთს საქართველოში რისი გაკეთებაც სურდა, ყველაფერი გააკეთა და ამაში თავად შევუწყვეთ ხელი"

"დოკუმენტი იძლევა ყველა თემაზე მსჯელობის საშუალებას. ეს დოკუმენტი პირდაპირ არ გვეუბნება, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ არც გამორიცხავს. ისევე როგორც ევროკავშირი არ გვეუბნება, უნდა ჩავატაროთ თუ არა. პარტნიორები ყოველთვის გვეუბნებიან, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენ. ეს დოკუმენტი იძლევა სერიოზული რეფორმების გატარების შესაძლებლობას. ახლა მთავარია, ორივე მხარემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, იხელმძღვანელოს სწორედ დოკუმენტით და გამორიცხოს ვალდებულებისგან თავის არიდება. თუ გვსურს ვიყოთ ევროპელები, ევროპელებივით უნდა მოვიქცეთ..."

"ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მთავარი თემა ისევ პოლიტიკური კრიზისია! მართლა გავაოცეთ და დავღალეთ არა მარტო ევროპა, არამედ ყველა ჩვენი მეგობარი. ამდენი ხნის განმავლობაში არ აღმოგვაჩნდა რესურსი იმისათვის, რომ პრობლემა გადაგვეწყვიტა", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, რომლის შეფასებით, ევროპელი მეგობრები კიდევ ერთხელ შეეცდებიან გაგვაგებინონ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ინტერესებშია.

- ძალიან კარგია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა დანიელსონის დოკუმენტს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს პარტნიორებს როგორც ევროკავშირიდან, ასევე ამერიკიდან.

უთუოდ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტმა დაარწმუნა გუნდი, რომ დანიელსონის ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა. იმედია, ოპოზიციაც პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს. ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური სპექტრის ზრუნვა განვითარებისთვის, რეგიონში არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ამისთვის კი საჭიროა თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია.

- დოკუმენტში მომავალი არჩევნების შესახებ ასეთი რამ წერია: "პარტიები აღიარებენ, რომ განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებსა და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე"... ეს ჩანაწერი იძლევა თუ არა საშუალებას, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემდეგ მხარეებმა იმსჯელონ ვადამდელი არჩევნების თაობაზე? - ძალიან კარგია, ეს შეკითხვა რომ დასვით. ხელმოწერა ხელმოწერისთვის ვერაფერს უშველის. აუცილებელია საქმეც. ხელმომწერმა მხარეებმა თავი შეიკავონ ორმაგი ინტერპრეტაციებისგან. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია კრიზისიდან გამოსვლისთვის. დოკუმენტი იძლევა ყველა თემაზე მსჯელობის საშუალებას. ეს დოკუმენტი პირდაპირ არ გვეუბნება, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ არც გამორიცხავს. ისევე როგორც ევროკავშირი არ გვეუბნება, უნდა ჩავატაროთ თუ არა. პარტნიორები ყოველთვის გვეუბნებიან, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ თქვენ. ეს დოკუმენტი იძლევა სერიოზული რეფორმების გატარების შესაძლებლობას. ახლა მთავარია, ორივე მხარემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, იხელმძღვანელოს სწორედ დოკუმენტით და გამორიცხოს ვალდებულებისგან თავის არიდება. თუ გვსურს ვიყოთ ევროპელები, ევროპელებივით უნდა მოვიქცეთ.

- როგორი იქნება ქვეყნის პერსპექტივა, თუ ევროპელებივით არ მოვიქცევით? - არასახარბიელო. ძლიერი სახელმწიფო ბევრ სხვა რამესთან ერთად ძლიერ ინსტიტუციებს ნიშნავს. როდესაც ინსტიტუციები არ ან ვერ ფუნქციონირებენ, სახელმწიფო სუსტდება.

დასუსტებული საქართველო ხელს აძლევს რუსეთს, განსაკუთრებით იმ ცვლილებების ფონზე, რაც კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ხდება. ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში და იმის მაგივრად, საფრთხეებზე ვიმსჯელოთ, არაფრის მომტან კინკლაობაში ვხარჯავთ დროსა და რესურსს. უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც გვითხრა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტე, კომპრომისი ძლიერებაა. ახლა კომპრომისი სჭირდება ეროვნულ ინტერესებს.

ამიტომ ორივე ძალა, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრად ვალდებულია დათმობაზე წავიდეს.

- მოსკოვმა ყირიმში სწორედ ის არმიის ნაწილები გადაისროლა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყნის არმია მზად არის ბრძოლისთვის. რამდენად რეალურია ახალი ომის საფრთხე რეგიონში? - დიახ, იქ 58-ე არმიაა მობილიზებული. ომის საფრთხე რეალურია. ის, რაც უკრაინის ტერიტორიაზე ხდება, არ არის ჩვეულებრივი სამხედრო მანევრი, რუსეთს ძალიან კარგად გააზრებული ამოცანა აქვს, რომლის გადაჭრასაც სამხედრო გზით აპირებს. ეს ძალიან სერიოზულ ძვრებს გამოიწვევს რეგიონში. იმედია, ამ ინტერვიუს გამოსვლისას ჩვენი ელჩი უკვე უკრაინაში იქნება. თუმცა მხოლოდ ელჩის უკრაინაში გაგზავნა არ წყვეტს საკითხს. ვიმეორებ - უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება. როგორ შეიძლება არ მუშაობდეს უსაფრთხოების საბჭო? როგორ შეიძლება 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდეს კონსულტაციები ჩვენს პოლიტიკოსებს ან უწყებებს შორის? როგორ შეიძლება არ ვამუშავებდეთ ომის დაწყების სცენარს, როდესაც ის შეიძლება ყოველ წამს დაიწყოს? სადაც ეს სცენარები უნდა მუშაობდეს, ის უწყება დღეს უფუნქციოა. აი, ეს არის პრობლემა.

კარგია, რომ უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კომუნიკაცია შედგა, მაგრამ ერთია კომუნიკაცია და მეორე - საფრთხეების პრევენციაზე მუშაობა. ამ მიმართულებით მუშაობაა საჭიროა არა მარტო უკრაინასთან, არამედ შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან.

- შავი ზღვის აუზშიც მნიშვნელოვანი პროცესებია დაწყებული. უკვე ყველამ ვიცით, რომ თურქეთში დიდი კამათია დაწყებული მონტრეს ხელშეკრულების ვალიდურობაზე. თურქეთში დააპატიმრეს 10 თადარიგის ადმირალი, რომლებმაც დაგმეს თურქეთის ხელისუფლების მონტრეს ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილი. ამის შემდეგ გავრცელდა მოსაზრებები, რომ ანკარა სიგნალს უგზავნის ამერიკელებს, რომ მზადაა ვაშინგტონთან დათბობის სანაცვლოდ ბოლომდე გაჰყვეს მონტრეს ხელშეკრულებიდან გასვლის გზას. - დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა ახალი არხის გაჭრაზე შავ ზღვაში. სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ ჩართული ასეთი სტრატეგიული საკითხების დაგეგმვასა და განხილვაში. ეს მხოლოდ თურქეთისთვის კი არა, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვესწრებოდი 2019 წელს ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტის პატრონაჟითა და შეერთებული შტატების ჩართულობით გამართულ შეხვედრას. სადაც საუბარი იყო სწორედ ახალი არხის გაჭრაზე. თურქეთი მონტრეს კონვენციიდან კი არ გადის, უბრალოდ, თუ ახალი არხი გაიჭრება, მასზე მონტრეს კონვენცია ვერ გავრცელდება. შესაბამისად, ახალი არხის გაჭრა იმ შეზღუდვებისგან თავის არიდების შესაძლებლობას გააჩენს, რაც ახლა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში მოქმედებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი უკვე ძალიან აძლიერებს შავი ზღვის ზონის მილიტარიზაციას. უზარმაზარ რესურსებს დებს ამ საქმეში. ამიტომ უკვე კრიტიკულად აუცილებელია რუსული სამხედრო ძალის შემაკავებელი მექანიზმის ამუშავება. მივესალმებოდი, რომ ამ საკითხზე არა მარტო თურქეთი, საქართველოც მსჯელობდეს.

- ცოტა ხნის წინ თურქეთში პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა. თავის მხრივ, ანკარამ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. ამერიკაც, რომლის გულის მოგებასაც ახლა თურქეთი ცდილობს, მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა, თუ რუსეთი ამერიკული დემოკრატიისთვის ხელის შეშლას დააპირებს, თეთრი სახლი ზომებს მიიღებსო. როგორი იქნება და რაში გამოიხატება ამერიკულ-თურქული მხარდაჭერა უკრაინისთვის? - თურქეთი მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებებით კი არა, უკრაინას საფუძვლიანად ეხმარება იარაღით, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. თავის მხრივ, არც ბაიდენის განცხადებები რჩება მხოლოდ განცხადებებად. ამაზე მეტყველებს რამდენიმე დღის წინ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო შორსაც არის წამსვლელი. ვითარება ძალიან სერიოზულია. საქართველოს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს როგორც ეს ვითარება, ასევე ახალი არხის მშენებლობა. თუმცა ამისთვის პროცესებში ჩართვაა საჭირო.

ახლა რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა სამხედრო ოპერაციით სეპარატისტული დონბასის რეგიონიდან ყირიმზე დერეფნის გაჭრა, რადგან თავისი მიზნებისთვის მხოლოდ ქერჩის ხიდი არ ჰყოფნის. ეს არის რუსეთის პროგრამა-მინიმუმი. აზოვის ზღვა უკვე ჩაკეტა და დაწყებული აქვს სამზადისი.

- რამდენად შესაძლებელია პროგრამა-მინიმუმის შესრულების შემდეგ ჩვენი ჯერიც დადგეს?

- რუსეთს საქართველოში რისი გაკეთებაც სურდა, ყველაფერი გააკეთა და ამაში თავად შევუწყვეთ ხელი. იარაღის გარეშეც მშვენივრად აღწევს მიზანს. რისი გაკეთება სურს? საქართველოს დასუსტება! იმისგან ნამდვილად არა ვართ დაზღვეული, რომ ხვალ-ზეგ რუსეთი სამხედრო ძალით არ შემოიჭრება, თუმცა დღეს ეს არ სჭირდება. ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ანექსირებული ყირიმი, ჩრდილო კავკასია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს მოქცეული ჰყავს ერთი სამხედრო ხელმძღვანელობის მმართველობაში, რომელსაც ჰქვია სამხრეთის სამხედრო ოლქი. როგორც წესი, ისინი სამხედრო წვრთნებს ყველა შემადგენლის ჩართულობით ატარებენ.

ახლა ჩვენს ტერიტორიაზეც მიმდინარეობს რუსული ჯარის სამხედრო წვრთნა. უკრაინაში რუსეთის წარმატება ნიშნავს, რომ თუ ხვალ საქართველოში მოუნდება დერეფნის გაჭრა, უკრაინაში მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებს. თავად ის, რომ საქართველოში ნაბრძოლი 58-ე არმია ახლა უკრაინაშია, ბევრს ნიშნავს. არც ის არის გამორიცხული, ბოევიკები, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან, ხვალ აქ, საქართველოში ვიხილოთ! პუტინი ისეთი ტიპის მმართველია, რომელსაც შეუძლია საკუთარი ხალხის გულის მოსაგებად პატარა ომი წამოიწყოს მეზობელ ქვეყანასთან. რუსეთის დუმის არჩევნები ახლოვდება და საფრთხე მით რეალურია. ამ დროს საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია უკვე იმდენი ხანია არ განახლებულა და იმდენად შორს არის დღევანდელი რეალობისგან, რომ მასზე სერიოზული მსჯელობაც კი არასერიოზულია.

- უკრაინას როგორც ევროპის, ასევე ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ჩვენ რა გველის, თუ ჩვენი მოუგვარებელი კრიზისით გაბეზრებული დასავლელი პარტნიორები მიგვატოვებენ და ამ დროს პუტინს საქართველოშიც მოუნდება დერეფნის გაჭრა, ან პატარა ომი დასჭირდა საკუთარი ხალხის გულის მოსაგებად? - აქცენტი სწორად დასვით - იმისთვის, რომ მეგობარი დაგეხმაროთ, მას თქვენი იმედიც უნდა ჰქონდეს და სანდო პარტნიორად მიგიჩნევდეს. სხვა შენს პრობლემებს არ მოაგვარებს!

ხათუნა ბახტურიძე