"ოპოზიციას შეუსრულეს..."
"ოპოზიციას შეუსრულეს..."
"ის, რომ დასავლეთი ქვეყანას ან ხელისუფლების წევრებს სანქციებს დაუწესებს, ზღაპარია. ქვეყანას ისეთი არაფერი გაუფუჭებია, რომ გაჯიუტებული პოლიტიკოსების გამო დასაჯონ"

ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს...

ხელის მოწერის აუცილებლობაზე საუბრობს რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც, თუმცა, კვლავ კატეგორიულ უარზეა "ნაციონალური მოძრაობა". განიმუხტება თუ არა კრიზისი და რა საშინაო თუ საგარეო საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს
ქვეყანა დაუსრულებელი პოლიტიკური ჭიდაობის გაგრძელების შემთხვევაში, ამის შესახებ ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში თორნიკე შარაშენიძე­ გვესაუბრა.

- "ოცნებისგან" ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო. არ ვიცი, რამ გაჭრა, დასავლეთის ჩარევამ თუ ვაშინგტონის მკაცრმა­ ტონმა, მაგრამ ფაქტია, "ოცნება" დასავლეთის თვალში მოგებულია. ეს ადრეც უნდა გაეკეთებინათ, თუმცა პაუზის აღების შემთხვევაშიც ჭკვიანურად
მოიქცნენ - მას შემდეგ, რაც "ნაციონალებმა" კატეგორიულად განაცხადეს, არ მოვაწერთ ხელსო, "ოცნებამ" ამის შემდეგ მოაწერა ხელი. ახლა "ნაციონალებს" ძალიანაც რომ უნდოდეთ, ამ დოკუმენტს ვეღარ დაეთანხმებიან... გაჯიუტდნენ და იყვნენ, ფაქტია, კიდევ ერთხელ წააგეს "ოცნებასთან". ახლა ოპოზიციას არგუმენტიც აღარაფერი აქვს. ალბათ, რამდენიმე პატარა პარტია პარლამენტში შევა და შეიძლება ითქვას, კრიზისი განმუხტვისკენ წავა. "ოცნებამ" "ნაციონალების" მარგინალიზაციასთან დაკავშირებით მიზანს მიაღწია.

"ევროპული საქართველო" აღარც ითვლება, ის უკვე დაშლილია... ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა, ნაწილი კი გარეთ დარჩება. არ ვიცი, რისი იმედი აქვთ გარეთ დარჩენილებს, განა რამდენი ადამიანი უნდა გამოიყვანონ 15 მაისს, რომ რაღაც შეცვალონ?! აქამდე ხალხის გამოყვანის მიზანი იყო, დასავლეთისთვის ეჩვენებინათ, "ოცნებას" ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავსო, ახლა ამასაც აღარ აქვს აზრი, რადგან მათ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და დასავლეთის თვალშიც თავი "გაიპრავეს"... ასე რომ, "ოცნებამ" ოპოზიციას შეუსრულა. ოპოზიცია იმდენ შეცდომას უშვებს, მათ შორის, ევროპელი და ამერიკელი ელჩების ლანძღვითა და გაუაზრებელი ბოიკოტით, გაოგნებული ვარ. არადა, ვერ ვიტყვი, რომ გამოუცდელი კადრები ჰყავთ. როდესაც­ ამდენი წელია პოლიტიკაში ხარ, იმას მაინც უნდა ხვდებოდე, რომ საქართველოს პარტნიორი დიდი სახელმწიფოს ელჩს ასე არ უნდა მიმართო, რადგან მხოლოდ მას კი არა, მის ქვეყანას აყენებ შეურაცხყოფას.

- თუმცა ძლიერი ოპოზიციის გარეშე­ პოლიტიკა ჯანსაღი ვერ იქნება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა ყველაზე საჭირო დროა ახალი ძალისთვის?
- დიახ, სწორედ ასეა. შეიძლება ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამისკენ მივდივართ, ამის წინაპირობები ახლა გაჩნდა.

დღეს საქართველო უამრავი საშინაო თუ საგარეო საფრთხის წინაშე დგას. საზოგადოების გახლეჩის "დამსახურებაა", რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საკითხებს ყურადღებას ვერ ვაქცევთ - პოლიტიკური იწილობიწილოს გამო ვერ ხერხდება ეროვნული კონსენსუსი­ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის აფხაზებთან დიალოგი.

სამწუხაროდ, ოკუპირებული აფხაზეთის გზავნილებისთვის ჩვენს პოლიტიკოსებს არ სცალიათ. თუ ამ შესაძლებლობას ადეკვატურად და დროულად არ შევაფასებთ, შეიძლება სამუდამოდ სანანებელი გაგვიხდეს. არადა, ბოლო წლების განმავლობაში მათგან ყველაზე მკაფიო სიგნალები მოდის - რომ სურთ ქართულ მხარესთან დიალოგი და თუ ამაზე ეროვნული შეთანხმება არ იქნება, დამოუკიდებლად ვერც ერთი მთავრობა ვერ გაბედავს გადაწყვეტილების მიღებას.

- რადგან არავინ იცის, როგორი რეაქცია­ ექნება ოპოზიციას?
- დიახ, არავინ იცის, ოპოზიცია ამას როგორ გამოიყენებს. ამ ხელისუფლებამ რაღაც რომ გააკეთოს, მაშინვე გამოვარდება ოპოზიცია და კრემლის აგენტებად გამოაცხადებს, როგორც არაერთხელ გაუკეთებია. ეს არის უმთავრესი საფრთხე, რომელიც ამჟამად იკვეთება, თორემ ის, რომ დასავლეთი პოლიტიკოსების გაჯიუტების გამო ქვეყანას ან ხელისუფლების წევრებს სანქციებს დაუწესებს, ზღაპარია. ქვეყანას ისეთი არაფერი გაუფუჭებია, რომ გაჯიუტებული პოლიტიკოსების გამო დასაჯონ...

ამათ შემყურემ, ალბათ, მადლობა­ უნდა ვთქვათ, რომ პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი ცხოვრების სხვა სფეროებზე, თუნდაც ეკონომიკურ და საზოგადოებრივ კრიზისში ჯერ არ გადადის.

პოლიტიკაში უფრო მწვავე კრიზისი გვაქვს, ვიდრე ეკონომიკაში. ამასობაში ყველაზე მთავარი - ეროვნული ინტერესი ზიანდება. პოლარიზაციისა და უაზრო ისტერიკის გამო იმ შესაძლებლობის ფანჯარას ვერ ვიყენებთ, რომელიც შეიძლება დაიხუროს და თან სამუდამოდ, რადგან დრო მუშაობს როგორც ჩვენი, ასევე აფხაზების საწინააღმდეგოდაც.

არადა, არსებობს რეალური შანსი, რომ ჩვენკენ გადმოდგან ნაბიჯი, მაგრამ თუ ერთმანეთის ჭამაზე გადართულები მათთვის ვერ მოვიცლით, მალე ესეც არ გვექნება. როგორ არ ესმით, რომ რუსეთის საქმეს გავაკეთებთ, თუ აფხაზებს ჩვენკენ გამოხედვის სურვილს დავუკარგავთ. კრემლსაც ხომ ეს სურს?!

- გზავნილები "აფხაზეთის კანონების რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის" დოკუმენტმა განაპირობა, რაც რეგიონის უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის დაკანონებასაც გულისხმობს?
- დიახ, და პოლიტიკური კრიზისით გამოწვეულ საგარეო საფრთხეებზე მსჯელობისას ეს უმთავრესია. ეს არის ჩვენი სისუსტე, რუსეთმა იცის, ჩვენთან როდის გააქტიურდეს და რა მიმართულებით.

უძრავი ქონების უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებისთვის "კანონით" მიყიდვის "უფლება" ის მთავარი საკითხია, რის გამოც აფხაზები კრემლს ეწინააღმდეგებიან... ჯერჯერობით. არა მაქვს ილუზია, რომ მათი დიდი ნაწილი ქართველებთან შერიგების მომხრეა, მაგრამ პოლიტიკოსებში, ჟურნალისტებსა და ახალ თაობაში მცირე ნაწილიც რომ იყოს ქართულ მხარესთან დიალოგისთვის მზად, და ვიცი, რომ არის, ამ შესაძლებლობის გაშვება უგუნურება იქნება, ამას კი ენგურს აქეთა მხარისგან კონსენსუსი სჭირდება.

როგორც ქართველებს­ გვჩვევია, ერთმანეთს "მოღალატე" და "კრემლის აგენტი" როდემდე უნდა ვუძახოთ?! ამას ხედავს დასავლეთიც, რომელსაც, მათი განცხადებებიდან გამომდინარე, მართლაც დეტალურად აქვს შესწავლილი ყველა საკითხი. ამას გულისხმობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, როდესაც ამბობს, იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენო. ამ ბრძოლის ორი უმთავრესი მხარე ერთმანეთს შეურიგებელ მტრებად თვლის. "ოცნებას" სურს "ნაცმოძრაობა" ქუჩაში მარტო დატოვებით, მარგინალიზაციითა და იზოლირებით მოსპოს, ანუ ჩამოაშოროს ყველა პარტია. "ნაციონალები" ოცნებობენ, როგორც სააკაშვილი ამბობს, "ოცნება" შეცდომების, კრიზისის, კატასტროფული შედეგების ხარჯზე ჩამოიშალოს. სანამ ეს ორი შეურიგებელი ძალა არსებობს, პოლიტიკური კონსენსუსი შეუძლებელია, ან შესაძლოა ცალკეულმა წევრმა რაღაცები დათმოს და პარლამენტში შევიდეს. "ნაციონალების" მთლიანი გუნდის შესვლა შეუძლებელი მგონია.

- "ევროპულ საქართველოზე" რას იტყვით?­
- მას საერთოდ "ჩავხსნი", რადგან ვინც პარლამენტში ამ პარტიის სიით უნდა შესულიყვნენ, გუნდი დატოვეს. ამიტომ, თუ "ოცნებამ" კატასტროფული შეცდომა არ დაუშვა, მოგებული დარჩება.

"ქართულ ოცნებაში" გამოჩნდა ხალხი, ვისაც შესანიშნავად გამოსდის დასავლეთთან საუბარი და რაც მთავარია, ბიოგრაფიიდან გამომდინარე მათ კრემლის აგენტობას, პრორუსულობას ვეღარავინ დააბრალებს. მეორე - თუ არჩევნები გაყალბდა, ვერ მტკიცდება. ვიცით, რომ იდეალურად არ ჩატარებულა, მაგრამ ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ისეთი საბუთები, რომ გაყალბება შედეგებზე აისახა; მესამეც - არჩევნების მეორე დღესვე ქუჩაში გავარდნა და წითელი ხაზის დაწესება, თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პარლამე­ნტში არ შევალთო,­ დასავლეთის თვალში, სულ ცოტა, კარგი ტონი არ იყო.

- ვადამდელი არჩევნები უნდა გამოირიცხოს?
- "ოცნება" ამაზე არ წავა, თუმცა, თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, შეიძლება ვადამდელი არჩევნებიც წააგოს, მით უფრო, რომ ვადამდელი არჩევნები ძველი მოდელით ტარდება და მაჟორიტარები ძალიან დიდი ფორაა "ქართული ოცნებისთვის". მის ხელშია ადმინისტრაციული რესურსი, ბიუჯეტი და რამე რომ იყოს, ივანიშვილის ფულსაც მიაშველებს. შესაბამისად, ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს, ასეთი სურათი იქნება: "ოცნება" "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ, რადგან მეორე ფლანგზე აღარავინ დარჩა. "ლელო" თითქმის შეისრუტა "ნაცმოძრაობამ", ისევე როგორც პატარა პარტიები, "ევროპული საქართველო" კი აღარც არსებობს. შესაბამისად, როდესაც საშუალო-სტატისტიკური ქართველი მიდის არჩევნებზე, ის ასეთი რეალობის წინაშე დგება - "პირსისხლიანი ნაცები" ურჩევნია თუ "უნიათო "ქართული ოცნება". ცხადია, იტყვის, ისევ უნიათოები მირჩევნიაო.

- გიორგი გახარია ყოფილმა თანაგუნდელებმა გამოჩენისთანავე მწვავედ გააკრიტიკეს. როგორია მისი პოტენციალი, შეძლებს ქართული პოლიტიკის შეცვლას?
- გახარიამ ჯერ გუნდი უნდა ააწყოს, ჩამოყალიბდეს არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, "ნამოხვანჰესზე" და ფული უნდა იშოვოს. უამისოდ არანაირ წამოწყებას აზრი არა აქვს.

- საზოგადოების ნაწილის აზრით, "ნამოხვანჰესის" გამო კრიზისის გაღრმავება ეროვნულ უსაფრთხოებას სარისკოდ ხდის.
- ჰესი შენდება საქართველოს ტერიტორიაზე და ამაში ანტიქართული რა არის, ვერ გამიგია?! მოსახლეობას, ვისი მიწის ნაკვეთებიც პროექტში მოხვდა, საკმაოდ კარგი კომპენსაცია მისცეს, დანარჩენებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს - ანუ არავინ აუყრიათ და ვერც აყრიან, რადგან ადამიანი დაცულია კონსტიტუციით და თუ თავად არ დათმო კერძო საკუთრება, ამას ვერც ქართველი აიძულებს და ვერც თურქი. თუ ჰესები არ განვითარდა, საქართველო მთლიანად დამოკიდებული იქნება იმპორტზე და საექსპორტოც თითქმის არაფერი დაგვრჩება, თუ არ ჩავთვლით, ცოტაოდენ ღვინოს. "ბორჯომიც" არა გვაქვს იმდენი, თავის სარჩენად რომ გვეყოს. ასე რომ, ძირითადად, ისევ ემიგრანტების გადმორიცხულ ფულზე ჩამოკიდებული, მაჩანჩალა სახელმწიფო ვიქნებით.

რაც შეეხება შპს "ენკას" - ის მხოლოდ თურქული კი არა, ნორვეგიულ-თურქული კონსორციუმია და როდესაც ინვესტორი მილიარდ დოლარამდე ხარჯავს ქვეყანაში, პრივილეგიებს რომ მოითხოვს, გასაკვირი არ არის. ჩვენ ვერ ვაშენებთ, საამისო ცოდნა არა გვაქვს, შესაბამისად, ინვესტორს, რაღაცები უნდა დავუთმოთ. უფასოდ აგვიშენოს, თავისი ხარჯით, მერე ქუდი დაიხუროს და წავიდეს, არსად არ ხდება. კიდევ ერთი - როდესაც იმპორტირებულ დენს ვყიდულობთ, ფული მთლიანად უცხოეთში­ გადის, საქართველოში არაფერი რჩება.

მაგალითად, თუ რუსეთისგან 5 ცენტად ვიყიდეთ, ეს თანხა მთლიანად რუსეთში მიდის, აქ არაფერი რჩება. ჰესის აშენების შემთხვევაში, 6 ცენტადაც რომ ვიყიდოთ, 4 მაინც ხომ დარჩება აქ, 2 ცენტს ნორვეგიულ-თურქული კომპანია წაიღებს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ იქაური მოსახლეობა დასაქმდება.

დატბორვის საფრთხეც მითი მგონია, თუმცა სახელმწიფომ ჰესის სარგებლიანობაც ვერ აუხსნა საზოგადოებას. ჰესი გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ სარგებელს მოგვცემს. თუ რაღაც ისეთია დამალული დეტალებში, არ უნდა აშენდეს, ოღონდ ჯერ რასაც ვისმენ, მსგავსი ვერაფერი შევნიშნე. ყოველივე ამაში რუსული ჰიბრიდული ომის ნიშნები იკვეთება. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს რუსული ფულის აღებაში ვადანაშაულებ, რიონის ხეობაში მდგომ ჩვენს მოქალაქეებს ასეთ შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მაგრამ მათ ვიღაცების შეთხზული მითები დაიჯერეს, რომელიც ძალიან ჰგავს რუსების შეთხზულს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები