"პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ" - კვირის პალიტრა

"პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება" პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

უფრო კონკრეტულად, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი წინადადება ასეთია:

"2021 წლის 16 აპრილს, "ქართული ოცნების" შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს", - ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს გადაეცა.

შარლ მიშელის წინადადებით, პოლიტპატიმრებად აღქმული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ.

უფრო კონკრეტულად, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მედიატორის მიერ მომზადებულ ახალ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ასეთია:

"საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელისმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს", - ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში.

"ინტერპრესნიუსი"