"დოკუმენტი არ მომწონს - ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში, გადაწყვეტილება არ მაქვს" - რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ
"დოკუმენტი არ მომწონს - ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში, გადაწყვეტილება არ მაქვს" - რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ
"დოკუმენტი არის ცალსახად უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმია ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს", - ამის შესახებ გირჩი -მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას.

"არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, არც ამაზე მჯერა, თუმცა, აქ კარგი ის არის, რომ პოლიტიპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის უფრო კარგად გაწერილი. ხელის
მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს, ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო მოსაფიქრებლად და მათ შორის იმისთვის, რომ ერმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე, პარტიაში მქონდეს კონსულტაციები, ამის შემდეგ სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ეს რამდენიმე დღის
ამბავია სავარაუდოდ, მერე შეიძლება აქ გვქონდეს კიდევ ერთიანი შეხვედრა თუ "ქართული ოცნება" გამოჩნდა, რადგან დღეს იცით, რომ საერთოდ არ მოვიდნენ. ოცნება ხელს მოაწერს თუ არა მაგაზე არ არის დამოკიდებული ჩემი ხელმოწერა, ეგ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მე თვითონ მაქვს პრინციპული გადაწყვეტილება მისაღები. არც ერთ პარტიას არ აქვს მნიშვნელობა, მე უნდა გადავწყვიტო და ჩემმა პარტიამ,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით ამ დოკუმენტით, კრიზისი ვერ განიმუხტება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ქვეყანას მომავალი არ ექნება აშშ-ის და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტიდან მნიშვნელოვანი წინსვლა არის პოლიტპატიმრების ნაწილში, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ჩამოთვლილი საკითხები ვერ უზრუნველყოფს ვერც მართლმსაჯულების რეალურ რეფორმირებას, ვერც საარჩევნო რეფორმა უზრუნველყოფს "კარგ არჩევნებს".


"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, მე არ მჯერა ასევე, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკის და ევროკავშირის მხარდაჭერის, განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერის გარეშე და დღეს ნახეთ განცხადება, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხელმოწერილი. თუ რამეს ჩემთვის წონა აქვს, წონა აქვს ამას, თორემ ისე ეს დოკუმენტი არ არის არაფერი ჩემის აზრით. არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების ნაწილს, ამ ნაწილში მართლა მნიშვნელოვანი წინსვლაა, ამის მიღმა რაც არის, არაფრის არ მჯერა. პოლიტპატიმრების გარდა რა პუნქტებიც არის, არც იმის მჯერა, რომ ამ პუნქტებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება მოხდება და მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში ეშველება, არც იმის მჯერა, რომ არჩევნების ნაწილში რაც წერია, ამით საარჩევნო სისტემა ისეთი გამართული გახდება, რომ კარგ არჩევნებს ჩავატარებთ და ის ბოლო პუნქტი საერთოდ, რაც ძალაუფლების განაწილებას ეხება, რომ კომიტეტების თავმჯდომარეები გახდებიან ოპოზიციის წევრები, ეგ ჩემის აზრით, საერთოდ არაფერი არ არის. არაფრის არ მჯერა მაგის იქით რაც წერია, პოლიტპატიმრების ნაწილი არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდა და მექანიზმები გაიწერა, დანარჩენი რა წარმოდგენაც მქონდა , იგივე წარმოდგენა მაქვს დოკუმენტის დანარჩენ ნაწილზე,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

"მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი დოკუმენტში", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას განმარტებით, ვადამდელ არჩევნებზე განსხვავებით წინა დოკუმენტისგან მკაფიო საუბარია.

"ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში რაც ვნახეთ, იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. საკვანძო საკითხში - პოლიტპატიმრების არის, ის ტესტი მოცემული რაც სრულიად არანორმალურ ინტერპრეტაციას აკეთებს ვინმე მთავრობიდან. არის მკაფიო ორივე ამ მთავარ პიროვნებასთან დაკავშირებით მელია და რურუაზეა საუბარი. უნდა ერთი და იგივე შედეგით სწრაფად, გათავისუფლების საკითხი გადაწყდეს. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია, ძალიან კარგია, რომ ამ დოკუმენტში მოცემულია. ასევე ძალიან კარგია, რომ განსხვავებით წინა დოკუმენტისგან გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ. მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში, მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად. მაგრამ აქ ამ ვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ივანიშვილის გარემოცვის "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ შეხვედრაზე. ასეთი შემთხვევა მე არ მახსენდება, რომ შეხვედრა იყო დანიშნული ასეთ მნიშვნელოვან საკთხზე და ხალხი ვისაც მთავრობა, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია არ გამოცხადდა, კომენტარს არ აკეთებენ. გვითხრან რატომ არ მოვიდნენ, რატომ არ სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს, მე დიპლომატებზე არ ვლაპარაკობ.

ტესტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა, არის ჩვენთვის მიუღებელი. ან პირდაპირი შეთანხმება ან პლებისციტი. ეს იმ კალიბრის საკითხია, ბუნებრივია ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან ხვალ გვექნება კონსულტაცია, მათ შორის პოლიტსაბჭოს ყველა წევრთან, მათ მოსაზრებას მოვისმენ. ეს ვარიანტი არ არის მისაღები, ვადამდელ არჩევანთან დაკავშირებით",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ - ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დაიწყება შემდეგი პროცესი, რის შემდეგაც ყველა პარტია გაივლის შიდა კონსულტაციებს და ჩამოყალიბდება პარტიული პოზიციები.

"ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, იმიტომ , რომ ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში ტექსტში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება. ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგან პოლიტპატიმრების თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ იქნება შემდეგი პროცესი, ყველა პარტია გაივლის თავის შიდა კონსულტაციებს და შესაბამისად ჩამოყალიბდება პარტიული პოზიციები. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ პარლამენტის ყველა წევრმა განიხილოს ამ შეთანხმების ხელმოწერა და სწორედ ამიტომ ხდება საჯარო ეს დოკუმენტი, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, დაიწყება საჯარო განხილვის პროცესი, რომელიც დასრულდება, სავარაუდოდ, იმით, რომ ალბათ, ვიღაცა ჩათვლის, რომ შეთანხმება მათთვის არის მისაღები, მე რამდენადაც მესმის ზოგიერთმა პარტიამ ეს განაცხადი უკვე გააკეთა.

ჩვენ გვაქვს გარკვეული რეზერვაციები, ამიტომ მე ვერ ვიტყვი და ვერ გაცნობებთ ჩვენ პარტიულ გადაწყვეტილებას. ჩვენ კიდევ გვჭირდება კონსულტაციები და დრო, იმიტომ, რომ გვაქვს შეკითხვები" , - განაცხადა სამადაშვილმა.

"შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა - ორივე ადამიანი ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში", - ამის შესახებ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი დევს.

"დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს და პირველ რიგში, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე. საუბარია მკაფიო ვადებსა და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა - ორივე ადამიანი: ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. მე გეტყვით გულწრფელად, ახლაც მიმაჩნია, რომ 43% არის ალოგიკური რიცხვი, სრულად ლოგიკური იქნებოდა 48 პროცენტი, რომელიც "ოცნებამ" აიღო არჩევნებზე, მაგრამ სრულად მესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც, მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც. ამიტომ ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემურია სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი. ამ ქვეყნის მომავლისთვის სრულიად კატასტროფად მიმაჩნია, ისევე როგორც ოპოზიციის სამომავლო წარმატებული ბრძოლისთვის, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს და პროდასავლური ნიშა მთლიანად დაიკავოს აბსოლუტურად არადასავლურმა "ქართულმა ოცნებამ". ჩვენი მომავალი წარმატებისა და ოპოზიციის მომავალი გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ დასავლეთის მხარდაჭერას და დასავლეთის პოზიციას", - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე არ მისულან, ბაქრაძემ აღნიშნულს ხელისუფლების მხრიდან "დიდი უპასუხისმგებლობის" გამოჩენა უწოდა. "როცა ქვეყნის ბედი და მომავალი წყდება, მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმებულ მოლაპარაკებებზე არ მოსვლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს მომავლის მიმართ, დამოკიდებულებას პრობლემებისა და მთელი ამ პროცესის მიმართ, მათ შორის ადასტურებს დამოკიდებულებას იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც დაიდო მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს იყო დიდი უპასუხისმგებლობისა და უპატივცემულობის გამოვლენა მთლიანად მოლაპარაკების პროცესის და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მიმართ",- აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ის დოკუმენტის შესახებ იფიქრებს და გადაწყვეტილებას პარტიებთან ერთად ლოგიკურ ვადაში იტყვის.

"მე ამ დოკუმენტს განვიხილავ სერიოზულად. ვერ გამოვრიცხავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს, აქაც არ გამოცხადდნენ. მით უარესი მათთვის, ვინაიდან დღევანდელი დღეც და მითუმეტეს, დოკუმენტზე ხელის არმოწერა კიდევ ერთხელ გამოაჩენს, რომ ამ ადამიანებს არ აწუხებთ არც პროლემები, არც ქვეყანა და არც დასავლეთთან ურთიერთობა. მათთვის ერთადერი მიზანია, რომ სავარძლები შეინარჩუნონ ისე, რომ არანაირი ბზარი არ დაემუქროს მათ მმართველობას. კონკრეტული ვადა არ ყოფილა შეთანხმებული, როდის უნდა დაბრუნდნენ მომლაპარაკებლები კონკრეტული წინადადებებით. ვადა დღეს არ თქმულა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ ხვალ, ზეგ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით საბოლოო მსჯელობისთვის",- განაცხადა ბაქრაძემ.

"ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ... "ქართული ოცნება" შეხვედრას არ დაესწრო, მხოლოდ სმს-ით შეატყობინეს" - გიორგი ვაშაძე.

"პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხიც არის გადაწყვეტილი - ჩემთვის ეს დოკუმენტი მისაღებია, დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც და რაც მთავარია, "ქართული ოცნების" თანხმობას', - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტში, რომელიც დღეს დაიდო, შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შევიდეს. ვაშაძის ინფორმაციით, პირველივე პუნქტში საუბარია პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტაზე. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, "მითითებულია 43 პროცენტის აღების აუცილებლობა "ქართული ოცნების" მხრიდან".

"ეს არის ფაქტობრივად, საბოლოო დოკუმენტი - შეიძლება ასე ითქვას, რომელშიც მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შეიძლება შევიდეს. ბევრი რამ შეიძლება კიდევ მინდოდა, რომ ყოფილყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი, ორივეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში, იმასაც გეტყვით, რომ რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტის შეწყალება. ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება იყოს გამოყენებული და ეს არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43 პროცენტის აუცილებლობის აღება "ქართული ოცნების" მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხზე და ვფიქრობ, ეს არის ის რაციონალური კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მედიატორებმა ჩვენ შემოგვთავაზეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ჩართვის დროს იყო კიდეც საუბარი, რომ ახლა 4 წლის მანძილზე არავინ აპირებს არც აშშ-ის და არც ევროპის მხრიდან, რომ მუდმივად მედიატორები იყვნენ ამ მოლაპარაკებაში, ამიტომ ყველას გვმართებს ღირსეული მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ვერ ვხედავ "ქართული ოცნების" მხრიდან და ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს და მინდა ვთქვა, რომ ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ, ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა ხელი ათწლეულების მერე, დაიმახსოვრებენ ერთ რამეს თანამედროვე პირობებში, 2021 წელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების, თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ ადამიანები. ამიტომ მე ვფიქრობ, შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან, იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ის რომ დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო "ქართული ოცნება", ეს მათი მხრიდან დესტრუქციაზე მიუთითებს.

"მათ დღესაც გაუგებარი რამ თქვეს, რომ იმ დოკუმენტზე მოაწერეს ხელი, რომელიც არ იყო საბოლოო ვარიანტი. დღეს რატომ არ მოვიდნენ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არც მედიატორებმა იციან და არავინ იცის. ჩემთვის ეს არის დესტრუქცია, რაც დღეს მათ გააკეთეს. იმედი მაქვს, ამას ამაღამ გამოასწორებენ და სწრაფად გონს მოეგებიან. ჩემთვის ეს დოკუმენტი არის მისაღები, მაგრამ ჩემს პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა და ჩვენ დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია "ქართული ოცნების" თანხმობას", - განაცხადა ვაშაძემ.

"ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი, - ამის შესახებ "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში არჩევნებამდე მისასვლელი კომპრომისული გზა არის შემოთავაზებული.

"დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი არის კომპრომისული ვერსია - თუ "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, ის იღებს ვალდებულებას, რომ 2022 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია. ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ოპოზიცია უნდა იყოს მომზადებული და ძლიერი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ლიდერები არ იყვნენ პატიმრობაში და იყვნენ თავისუფლები და წარმართონ საარჩევნო პროცესი", - განაცხადა სამნიძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

ალექს
19 აპრილი 2021 06:13
ელემენტარულად, ამათ, რომელიმეს საქართველოსათვის რამის გაკეთება რომ ნდომებოდათ , გარდა სიავისა, ხომ შეეძლოთ ამდენი ტელევიზიის და ექსპერტთა არმიების პატრონებს, შეექმნათ საერთო სახალხო საინვესტიციო აქციონერული ფონდი და გამოეშვათ ბონდი, აქცია და ობლიგაცია , და მათ მიერვე ოტებულ ლტოლვილებსა და ემიგრაციაში ჩაეტარებინათ მუშაობა, რომ ხალხო , ძმებო და დებო ქართველებო, ბოდიში , რომ გაიძულეთ ოჯახების მიტოვება, მაგრამ რადგან მანდა ხართ , გაიჭირვეთ მეტად და ყოველ თვე ასი დოლარით მეტი გამოიმუშავეთ და იყიდეთ ამ ეროვნული საინვესტიციო ფონდის- მომავალში დიდი მოგების მომტანი აქცია ობლიგაციები-მოგიტანთ თაობებში დივიდენდებს , მით ავაშენებთ გზებსა და ხიდებს, ქარხნებსა და აეროპორტებს, პორტებსა და რკინიგზებს, ჰესებსაც, მზისა და ქარის ელექტრო სადგურება, ტექნოლოგიებს ვიყიდით, ტექნოლოგიურ სასწავლებლებს შევქმნით, აღარ ავიღებთ ვალებს, რომელიც ისევ თქვენი გადასახდელია, აბა ჩვენ საიდან გადავიხდით, დაგვეხარჯა, შემოგვეხარჯა !? ჰოო, თითო ემიგრატი თითო წელს ათასი დოლარის ინვესტიცია , ერთი მილიონი ემიგრანტი წელიწადში -ესეც ერთი მილიარდი, 25 წელიწადში 25 მილიარდი დოლარი, ეროვნული ფული ! არც ვალი, არც ნიჰილიზმი, თან ყველა ოჯახში დაბრუნდებოდა და დასავლეთში გამოცდილება მიღებული, იქ ნასწავლი , რა საქმეებს გაუძღვებოდა აქა ? გზადგზა ის 25 მილიარდი იბარტყებდა და გაორმაგდებოდა, არადა გაორმაგდა ნაცქოცმოქკავშირის და სატელიტების ქონება და ხალხისა კი ვალი ! ასეა, ესენი მტრებია ჩვენი ოჯახების და ქვეყნის , ესაა მეხუთე კოლონა, კომკავშირია ცხვრის ტყავში რუხი მგელი ! მაინც ნუ ესვრით, ვარდები ესროლეთ, ვარდები მეთქი, უარიანი ბიულეტენი ესროლეთ საარჩევნო ურნაში, ჩაგვივარდათქო, შემოჩაგვივარდათქო ! არაა სირცხვილი, ამათ რა რცხვენიათ ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა