ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელს მოაწერს - კვირის პალიტრა

ზურა ჯაფარიძე შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელს მოაწერს

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარის განცხადებით, მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს ხელს აწერს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ახალ დოკუმენტში პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები დევს.

"ხელს ვაწერ სამი რამის გამო: 1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები

2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს;

3. არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა.

არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა;

არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება;

არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო;

არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე;

არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეყანაში.

არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ", - წერს ჯაფარიძე.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველო თურქმენეთი არასდროს გახდება.

"რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა. ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს! ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო", - წერს ჯაფარიძე.

მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში.

და ბოლოს: მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში. არ მგონია ბოლომდე გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა", - წერს ზურა ჯაფარიძე.