ცნობილია, რომელმა ოპოზიციური პარტიებმა მოაწერეს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს- ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა - კვირის პალიტრა

ცნობილია, რომელმა ოპოზიციური პარტიებმა მოაწერეს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს- ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“. მმართველი გუნდის სახელით ტექსტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა მოაწერეს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს. "საქართველოს გაუმარჯოს!ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას"

"ინტერპრესნიუსი"