"დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას" - კვირის პალიტრა

"დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას"

ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს - ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, რადგან "ნაციონალურ მოძრაობაში" მისი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, პირადად აიღო პასუხისმგებლობა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე.

"ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, გადამწვეტი ფაქტორი, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს. არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან - ანუ, შემოთავაზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა. ამ პროცესში, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ მაქსიმუმს - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც, შესაძლოა, არაა იდეალური, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი.

მიმაჩნდა რა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩემი თხოვნით, ენმ-მა მოიწვია პოლიტიკური საბჭოს სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შემდგომი - მიუხედავად შეთანხმების შინაარსისა, ენმ-მა ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სანამ მელიას არ გაათავისუფლებენ. პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვამდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარტნიორები-ევროკავშირი და აშშ.

იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად. ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც. არგუმენტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებელი, მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის. გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ის უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც "დესტრუქციულ" ძალას. რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. იმედია, ყველას ესმის, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობის დასრულების მიზნით, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფრთხილების მიზნით გადაიდგა სწორედ ეს ნაბიჯი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დავტოვე ენმ? ამ ეტაპზე, მე აღარ ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას ენმ-ის სახელით. რაც შეეხება პარტიის ოფიციალურად დატოვების განაცხადს-ცხადია დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას", - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, "ლელოს" ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" თანხმობა დააფიქსირა "ქართულმა ოცნებამაც".

"ინტერპრესნიუსი"