"გუშინდელი დღე იყო ჩიხიდან გამოსვლის გზა, მაგრამ კრიზისიდან გამოსვლის ილუზია არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"გუშინდელი დღე იყო ჩიხიდან გამოსვლის გზა, მაგრამ კრიზისიდან გამოსვლის ილუზია არ მაქვს"

19 აპრილს ისტორიული შეთანხმება შედგა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, "ლელოს" ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - "საქართველოს წინსვლის გზა" თანხმობა დააფიქსირა "ქართულმა ოცნებამაც". მიმდინარე მოვლენების შეფასება ექსპერტებს ვთხოვეთ.

ვახტანგ ძაბირაძე:

- ვფიქრობ, სწორად გადაწყვიტა პოლიტიკურმა სპექტრმა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, თუმცა ჯობდა, ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო და ნაკლები პრობლემები გაეჩინათ ჩვენი პარტნიორებისთვის. მაგრამ მთავარია, მოხდა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. უბრალოდ, სრულიად გაუგებარ ვითარებაში ვართ, ალოგიკურია, როცა, ერთი მხრივ, ამბობ, რომ მიდიხარ ევროკავშირისკენ, დასავლეთისკენ და, მეორე მხრივ, სწორედ იმ ხალხის რეკომენდაციებსა და რჩევებს არ ითვალისწინებ, რომელმაც უნდა მიგიღონ იმავე ევროკავშირში და რომელთა თანხმობა აუცილებელია. მთავარია, ცალკეულმა დეპუტატებმა ეს გააცნობიერეს და ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს. ჩვენ ვნახეთ, ცუდს აქვს კარგიც, ჩვენ ამ გზით ვნახეთ, თუ რამდენად ერთსულოვანი იყვნენ ჩვენი პარტნიორები და რამდენი ენერგია და ძალისხმევა ჩადეს იმაში, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ერთმანეთი არ დაეხოცა და როგორმე კომპრომისისთვის მიეღწია. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თვლიან, რომ არ უნდა შევიდნენ პარლამენტში და უნდათ გააგრძელონ ბოიკოტის რეჟიმი, მათ ვურჩევდი, გადახედონ ჩვენი ქვეყნის 30-წლიან ისტორიას. პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონკრეტული პარტიები ბოიკოტს აცხადებენ. ნახონ, რა შედეგები მიიღეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა მაშინ, ასეთი გადაწყვეტილებების გამო. გნებავთ, 90-იან წლებში, გნებავთ - შემდგომ წლებში.

თუ "ნაციონალური მოძრაობა" დარჩება პარლამენტს გარეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეიტინგს დაკარგავს და დაიწყება მისი მარგინალიზაცია. თუ პოლიტიკური სპექტრი გადავა პარლამენტში, ქუჩაში 200 კაცმა რომ ირბინოს, ამით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება. თუმცა, ალბათ, აქვთ იმის იმედი, მიუხედავად ამისა, როგორც უნდა დაეცეს მათი რეიტინგი, ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ და ამ პროცენტს აუცილებლად გადალახავენ, ამ რაოდენობით ამომრჩეველს მაინც შეინარჩუნებენ. ვფიქრობ, ამის იმედი აქვთ. შეიძლება სხვა რამეც ელანდებათ ან ცდილობენ, დასავლეთში თავიანთი თავი კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, როგორც ძირითადი პოლიტიკური ძალა, რომ მათთან საუბარი იყოს ცალკე და არა - ამ პატარა პარტიებთან ერთად. შესაძლოა, ესეც ჰქონდეთ მიზანი, არ ვიცი. გასაგებია, შეიძლება "ნაცმოძრაობას" არ ეშინოდეს ქუჩაში დარჩენის, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარია ბოკერიას და "ევროპული საქართველოს" პოზიცია, მათთვის ხომ ქუჩაში დარჩენა ნიშნავს, რომ ისინი უარს ამბობენ დამოუკიდებელი პოლიტიკურ ძალად დაფიქსირებაზე. შეცდომები დაუშვეს და მიიღეს ის პროცენტი, რაც მიიღეს. ახლა კი, სრულიად განულდება, ჩემი აზრით, მათი რეიტინგი და მეტი პრობლემები ექნებათ. ყველაზე მეტად ისინი წააგებენ. როგორც პოლიტიკური ძალა, 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, შანსი იქნება ნულის ტოლი, ამიტომ მიკვირს მათი  პარლამენტში შეუსვლელობა. ცალკე დეპუტატები ამ ბლოკიდან - ახვლედიანი, შავგულიძე ამბობენ, რომ დამოუკიდებლად შევლენ, მაშინ მითხარით, რა აზრი აქვს მათ ქუჩაში დარჩენას? უბრალოდ, არ მესმის, თუმცა მათი საქმეა. ეს ვითარება გვაქვს დღეს და იმედი მაქვს, თუ მიშელი ჩამოვა, შეიძლება რამე კიდევ შეიცვალოს.

- ჯერჯერობით 113 დეპუტატის მოგროვება ვერ ხერხდება. თუ ვერ შეგროვდა, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოხდება?

- ვფიქრობ, ინდივიდუალურად მოაწერენ ხელს დეპუტატები და შევლენ. რომ გითხრათ, ამ 113 დეპუტატის შეგროვებით დიდად არ არის დაინტერესებული არც "ქართული ოცნება" და არც "ნაცმოძრაობა". ორივეს აწყობს 5-პროცენტიანი ბარიერის ძალაში დატოვება და არანაირად არ აწყობთ ჩამოწევა. მშვენივრად იციან, პატარა პარტიები ამ ბარიერს ვერ გადალახავენ და რომ ამ ვითარებაში "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" დარჩება. ჰგონიათ, რომ ოპოზიციის ხმებს "ნაცმოძრაობა" წაიღებს.

- შეთანხმების დოკუმენტში 2022 წელს არჩევნების ჩატარებაც ხომ განიხილება, თუ ფიქრობთ, რომ უბრალოდ ჩანაწერი გაკეთდა, რათა უხერხულობა მოეხსნათ ოპოზიციისთვის და ისინი შესულიყვნენ? - დღევანდელი მდგომარეობით არის ასეთი ვითარება, ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე ჩატარდება იმ სისტემით, როგორც ეს ჩატარდა აქამდე. ისევ იქნება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარი, თუ უნდათ 2-პროცენტიან ბარიერამდე ჩამოვიდეს და საარჩევნო გარემო შეიცვალოს, ამას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სჭირდება და - 113 ხმა. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება, ეს ნაწილი ჰაერში დარჩება ჩამოკიდებული, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს "ნაცმოძრაობა".

გია ხუხაშვილი:

- ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელით. ის, რაც ხდებოდა ამდენი ხანი, არ იყო სწორი, ის, უბრალოდ, ჩიხი იყო. გასაგებია, რომ შენ ვერ იპოვე კრიზისიდან გამოსავალი და გრძელვადიანია ეს კრიზისი, მაგრამ არა მხოლოდ ეს პრობლემაა ქვეყანაში. როცა ბევრი სხვა პრობლემაა ქვეყანაში, მრავალი რისკის შემცველი, შენ უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გუშინდელი დღე იყო ჩიხიდან გამოსვლის გზა, მაგრამ კრიზისიდან გამოსვლის ილუზია მე არ მაქვს. მთავარია, ჩიხიდან გამოვედით და ეს პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. გაჯიქება რომ არა, ამ შედეგის მიღწევა 3-4 თვის წინაც შეიძლებოდა და ეს ქვეყნისთვის დაკარგული დროა.

- "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არ იცვლის პოზიციას, ამაზე რას იტყვით? - აბსოლუტურად ალოგიკურია მათი გადაწყვეტილება. ვერ ვხედავ მათთვის პოზიტიურ განვითარებას ამ მოცემულობაში და არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. გასაგებია, რომ თუ ფიქრობენ, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ჩვენ არ შევალთ და ყველას, ვინც შევიდა დავამუნათებთ და ვისარგებლებთ ამ სიკეთითო...  შეიძლება ასეც ფიქრობენ, მაგრამ მათი საქციელი არის არასახელმწიფოებრივი ნაბიჯი. მართალია, ბრძოლა იყო, გამიშვი-გამატარე და ძალიან გაიწელა დროში, მაგრამ რეალურად, როცა დასავლეთი გეუბნება, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასე უნდა მოიქცეო, როცა ხედავ, ხალხი დაიღალა და გაჩვენებს განწყობას, უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, შენ კი მაინც ჯიუტად, მოკავშირეების გარეშე, ხედავ, ყველას, აგრესიული მხარდამჭერების გარდა, უნდა სიმშვიდე და ყველაფრის მშვიდი განვითარება  და მაინც ჯიუტად იმავეს განაგრძობ, ყველაზე რადიკალური ფრთის გემოვნებით საკუთარ პოლიტიკას აყალიბებ, ეს ჩემთვის გაუგებარია.

(სპეციალურად საიტისთვის)