"დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა" - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე? - კვირის პალიტრა

"დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა" - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე?

დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელის პირველი ვიზიტიდან სწორედ ერთი თვის და 20 დღის შემდეგ ის არის ამაყი, რომ შედეგი სახეზეა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ, ძალზედ მოკლე პერიოდში ვმასპინძლობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ჩვენ მადლიერები ვართ მისი პირადი ჩართულობის და მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის.

პრეზიდენტო მიშელ, თქვენ პირველად ამ დარბაზში განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ. ეს მოხდა 1-ელ მარტს, ეს უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. სწორედ ერთი თვის და 20 დღის შემდეგ მე ვარ ამაყი, რომ შედეგი სახეზეა. შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია. თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მინდა ჩვენი მთავრობის, პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცედენტი ევროკავშირის, ასევე აშშ-ს ჩართულობით საქართველოსთან ერთად პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ამოწურულია.

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თქვენს წარმომადგენელს, ბატონ კრისტიან დანიელსონს, რომელიც უშუალო მანდატით იყო მოვლენილი საქართველოში. მან ძალიან დიდი სამუშაო გასწია, იმუშავა როგორც ჩვენს პარტიასთან ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ოპოზიციასთან.

დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე დგას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი.

„ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს და ჩვენი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ასევე ჩვენს შეხვედრაზე პრეზიდენტ მიშელს დავუდასტურე ჩვენი მზაობა მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების განხორციელებისკენ. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მზაობას, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.

ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირი-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგზე და შემდგომ ნაბიჯებზე, როგორიცაა ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციისა და სექტორული პოლიტიკის დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და გაძლიერება. ასევე, შევეხეთ საგარეო პოლიტიკურ საკითხებსაც, კერძოდ, საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს განსაკუთრებული, მართლაც უპრეცედენტო ჩართულობისთვის და მზაობისთვის, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვენის მხარდაჭერა კომპლექსური რეფორმების გზაზე, გზაზე, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"