"უბრალოდ, მცირე ჯიუტობას აქვს ადგილი. საბოლოო ჯამში ყველა პარტია მოაწერს შეთანხმებას ხელს" - კვირის პალიტრა

"უბრალოდ, მცირე ჯიუტობას აქვს ადგილი. საბოლოო ჯამში ყველა პარტია მოაწერს შეთანხმებას ხელს"

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ მედიატორის მხრიდან შემოთავაზებულ დოკუმენტს საბოლოოდ ხელს მოაწერს და პარლამენტში შევა. როგორც ვაშაძემ პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, “ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ ეტაპზე დოკუმენტზე ხელის არმოწერა “მცირედი გაჯიუტების გამოა“.

“რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველა ეს პარტია საბოლოო ჯამში პარლამენტში იქნება. ყველა ეს პარტია მოაწერს შეთანხმებასაც ხელს და ყველაფერი იქნება, უბრალოდ, მცირე ჯიუტობას აქვს ადგილი“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, სალომე სამადაშვილმა დოკუმენტზე ხელის მოწერით ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

“მიუხედავად იმისა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია, ვაფასებ მის დამოუკიდებელ, პრინციპულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ასე უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, რომელიც ხედავს, რომ დადგა დრო, დასავლური, ევროპული, ეროვნული ტიპის შეთანხმებას ხელი მოაწერო. რაც შეეხება განცხადებებს, ვთხოვ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, უმრავლესობაში ყველა კოლეგას, რომ აღარ არის კინკლაობის და ლანძღვა-გინების დრო, ვაჩვენოთ დღეიდან ქვეყანაში ევროპული კულტურა, რომ ლანძღვა-გინებას ანაცვლებს კამათი და დებატები კონკრეტულ საკითხებზე. განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ, შეიძლება ვინმემ ხელი არ მოაწეროს და არ შემოვიდეს და მას განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, ეს მისი პოზიციაა და პატივს ვცემ“,-განაცხადა ვაშაძემ. რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებლის“ ყოფილ წევრს, თაკო ჩარკვიანს, ვაშაძე პარლამენტში მის შესვლასაც არ გამორიცხავს. “როგორც გავიგე, მან ბლოკი დატოვა. მე ვფიქრობ, რომ ალბათ, საბოლოო ჯამში, მასაც პარლამენტში ვიხილავთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - “საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია “ნაციონალური მოძრაობა“ და “ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

“ინტერპრესნიუსი“