"მავნებელი პოლიტიკური ძალაა, ამ ხალხს არაფერი არ შველის" - რას ამბობს "ნაციონალურ მოძრაობაზე" ალეკო ელისაშვილი? - კვირის პალიტრა

"მავნებელი პოლიტიკური ძალაა, ამ ხალხს არაფერი არ შველის" - რას ამბობს "ნაციონალურ მოძრაობაზე" ალეკო ელისაშვილი?

საქართველოს პარლამენტი სრულფასოვნად ამოქმედდება და სულ არ მაინტერესებს, "ნაციონალური მოძრაობა" შემოვა თუ არა - იმავნებლებენ თუ არ იმავნებლებენ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გარდუსში“ განაცხადა.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, პოლიტიკური კრიზისის მუხტი ხელოვნურად შეინარჩუნოს.

„პოლიტიკური კრიზისი განმუხტულია. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა კრიზისის რაღაც ტემპერატურა ხელოვნურად იქნებ შეინარჩუნოს. პარლამენტში სრულფასოვნად ასამოქმედებელი რაოდენობის ხალხი შემოდის. პარლამენტი ისედაც ფუნქციონირებდა და თავის როლს ასრულებდა. არც ერთპარტიული არ იყო, იყო სამპარტიული, ახლა კი მეტპარტიული იქნება“,- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მავნებელი პოლიტიკური ძალაა.

„ყველა ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი მავნებელიც იყო, ისე მავნებლად დარჩა. არაფერი ამ ხალხს არ შველის. ახლაც მავნებლობენ. გამოხტა სააკაშვილი, რომ უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენო. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ შეხვედრაზე ხომ ითხოვდა გათავისუფლდესო. სად ნახეს ვაჭრობა. ეს სააკაშვილისთვისაა ვაჭრობა. აბა რაღას ითხოვს მოლაპარაკების მაგიდაზე. მოდიხარ, იძახი რომ ერთ-ერთი პუნქტი უნდა იყოს ნიკა მელიას და რურუას გამოსვლა, თან ამას ვაჭრობას ეძახი?! თუ ეს საქმე უღირსად მიგაჩნია, რატომ ითხოვ ყოველ რაუნდზე?! „ნაციონალური მოძრაობა“ არის მავნებელი პოლიტიკური ძალა. არაფერი ამ ხალხს არ შველის, არც ოპოზიციაში გადასვლა. სულ უნდათ, რომ რაღაც გააფუჭონ“,- განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"