"ამომრჩეველმა გადაგვწია ჩვენი თაობა გვერდზე - ახალი პოლიტიკური ელიტა იქმნება ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"ამომრჩეველმა გადაგვწია ჩვენი თაობა გვერდზე - ახალი პოლიტიკური ელიტა იქმნება ქვეყანაში"

ალბათობა იმისა, რომ დაახლოებით, ორ კვირაში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაციის სრული შემადგენლობა შევა პარლამენტში, არის 99%, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მას შემდეგ შევა, რაც ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლება მოხდება. ამასთანავე, ბერძენიშვილის თქმით, კარგი იქნებოდა მანამდე მელიას გათავისუფლების სხვა გზები გამოჩენილიყო, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში ის ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად დატოვებს საპატიმროს, მიუხედავად იმისა, რამდენი უკმაყოფილებაც არ უნდა გამოთქვას მან.

"ალბათობა იმისა, რომ, დაახლოებით, ორ კვირაში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაციის სრული შემადგენლობა შევა პარლამენტში, არის 99%, ნიკა მელიას ამნისტიით გამოსვლის შემდეგ. მე გამიხარდებოდა ნიკა მელიას გამოსვლის სხვა ფორმები თუ მოიძებნება მანამდეც, მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე უფრო რეალისტური ამნისტიის კანონია, რამდენი უკმაყოფილებაც უნდა გამოთქვას ნიკა მელიამ. ჩვენ განსაკუთრებული წვლილის აღნიშვნას არ მოვაკლებთ მის საქციელს, იმიტომ, რომ ამ ბოლო ეტაპზე, სწორედ ნიკა მელიასთან დაკავშირებულმა ამბებმა, დაკავებამ, დაპატიმრებამ, სიმტკიცემ, ამან მნიშვნელოვანწილად ხელახალი ენერგია შესძინა დასავლეთის მხარდაჭერას ოპოზიციისთვის და მივიღეთ შედეგი, რომელსაც მიესალმება ყველა, ევროკავშირი, ჩვენი მეგობარი ევროდეპუტატები, ჩვენი მეგობარი სენატორები, კონგრესმენები, სახელმწიფო დეპარტამენტი, ნატო-ს გენერალური ასამბლეა, მოკლედ ყველა პარტნიორი, წკიპზე ეკიდა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ყოფნა-არ ყოფნა ეკიდა წკიპზე,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.

გარდა ამისა, ბერძენიშვილის თქმით, თუ აქამდე ბოიკოტის გამოცხადებისას პატარა პარტიებმა, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია გაიზიარეს და გარკვეულწილად, სწორედ მასზე იყვნენ დამოკიდებულები, ახლა რეალობა შეიცვალა.

"ბოიკოტის ინიციატორი ხომ იყო "ნაციონალური მოძრაობა"? - ყველა სხვა პარტია ძალიან სწორად მოიქცა, რომ ფლაგმანი ვინც იყო ოპოზიციის, მის პოზიციას გაჰყვა, მაგრამ მოვიდა ის დრო, როცა პატარა პარტიებმა ჯამურად გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნება თუ ეს პარტია პატარა პარტიების პოზიციას გაითვალისწინებს. ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობა" არ მიდის შეთანხმებაზე და ამიტომ არც კი ვაპირებთ შეთანხმებას პატარა პარტიები" - ამ ტაქტიკამ ამოწურა შესაძლებლობები. პროცესი წავიდა პირიქით, თუ მანამდე პატარა პარტიები იყვნენ, "ნაციონალურ მოძრაობაზე" დამოკიდებულები, ახლა "ნაციონალური მოძრაობა" გახდა პატარა პარტიებზე დამოკიდებული, იმიტომ, რომ შარლ მიშელი, ამერიკა, წარმომადგენლები და ელჩები ჩაერთნენ საქმეში,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთანავე, დავით ბერძენიშვილის თქმით, მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ელიტა იქმნება და ამომრჩეველმა "ძველი პოლიტიკოსები გვერდზე გასწია".

"ახალი პოლიტიკური ელიტა იქმნება ქვეყანაში. ამიტომ კი სწყინს, ვთქვათ, ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს, ჩვენი თაობის პოლიტიკოსებს რომ ვეუბნები: ვიყოთ ბატონო, კი არსად გავიქცეთ, მაგრამ ცოტა გვერდზე გადავიწიოთ-თქო. ამომრჩეველმა გადაგვწია ჩვენი თაობა გვერდზე, შედეგები ვნახოთ, გინდა "ლეიბორისტებისა" და ბურჯანაძის, გინდა სხვების. "რესპუბლიკური პარტიაც" ჩემით და ლევანით ხომ არ იყო წარმოდგენილი? - ხათუნა სამნიძით იყო წარმოდგენილი და თამარ კორძაიათი,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"