ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიას წინააღმდეგ წარმოებული „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ - კვირის პალიტრა

ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიას წინააღმდეგ წარმოებული „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ

ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიას წინააღმდეგ წარმოებული "პოლიტიკური ანგარიშსწორების" შეწყვეტას ითხოვენ და ამასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ერთ თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება თუ რა ფორმით და როგორ ემუქრებიდნენ, ამცირებდნენ და ახდენდნენ ზეწოლას ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე, მხოლოდ იმისთვის რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან უცენზურო შინაარსის პოსტი დაწერეს ფეისბუქზე. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟის და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა.

ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის რაც მოქალაქეებმა ტვ "პირველის" მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯაროდ ცნობილი გახდა ბრალდებები ბევრი სხვა ანალოგიური შემთხვევების შესახებ.

ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა - ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ ტვ პირველიდან კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია.

სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოჰყვა გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად საშიშია "ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "ახალი ქრისტიან დემოკრატები", "გამარჯვებული საქართველო", "გირჩი-მეტი თავისუფლება" "ევროპული დემოკრატები", "ევროპული საქართველო", "ემსახურე საქართველოს", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი საქართველო", "კანონი და სამართალი", "ლეიბორისტული პარტია", "მოძრაობა დროა", "პროგრესი და თავისუფლება", "სამართლიანობისთვის", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის", "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", "სახელმწიფო ხალხისათვის", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ქართული არჩევანი", "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა", "ქრისტიან კონსერვატული პარტია".