რაზე შეთანხმდა "ლელო" ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე ბრიუსელში - კვირის პალიტრა

რაზე შეთანხმდა "ლელო" ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე ბრიუსელში

"ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დღევანდელი დღე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ "ლელოს" ლიდერებმა მოკლედ შეაფასეს ბრიუსელში დაწყებული ოფიციალური შეხვედრები.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ევროდეპუტატების ჯგუფი, რომელიც შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

"ევროპარლამენტის მხრიდან არის სრული მზაობა, გააკონტროლონ პროცესი ამ ხელშეკრულების სრულად განსახორციელებლად და შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფიც კი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ყველა ის პუნქტი, რომელიც გაწერილია ხელშეკრულებაში. ევროპარლამენტარების მხრიდან არის მოლოდინი და გარკვეულწილად მოთხოვნაც, რომ ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ ამ ხელშეკრულებას, რადგან მათი მხრიდან არის სრული მზაობა, გააკონტროლონ პროცესი ამ ხელშეკრულების სრულად განხორციელების და ევროპარლამენტში შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფიც კი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ყველა ის პუნქტი, რომელიც გაწერილია ამ ხელშეკრულებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და ამისათვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"