"როცა პოლიტიკოსი იღებს გადაწყვეტილებას ისეთ ამნისტიაზე წავიდეს, რაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც მძიმეა, საზოგადოებას უნდა დაელაპარაკოს" - კვირის პალიტრა

"როცა პოლიტიკოსი იღებს გადაწყვეტილებას ისეთ ამნისტიაზე წავიდეს, რაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც მძიმეა, საზოგადოებას უნდა დაელაპარაკოს"

ყველაზე უფრო არასწორია, ერთის მხრივ რაღაცაზე დათანხმება, შემდეგ კი პასუხისმგებლობის სხვებზე გადანაწილების მცდელობა. ეს უპატიოსნო და არაკორექტული პოზიციაა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ამნისტიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტია "იმ პოლიციელებს ვინც 20 ივნისის ღამეს იძალადა" ბოკერია აცხადებს რომ, როდესაც პოლიტიკოსი მძიმე გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაელაპარაკოს საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ ხალხს ვინც დაზარალებულია.

"როდესაც პოლიტიკოსი იღებს გადაწყვეტილებას, თუნდაც, მძიმე გადაწყვეტილებას, რომ ისეთ ამნისტიაზე წავიდეს, რაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც მძიმეა, ამის შესახებ უნდა თქვას მკაფიოდ. მთელ საზოგადოებას უნდა დაელაპარაკოს, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც დაზარალებულია. თუ თვლის, რომ ის შეთანხმება და სხვა ყველა პოლიტიკური საკითხი ქვეყნისთვის გადაწონის ამას, მაშინ ეს პოზიცია უნდა ჰქონდეს. იმის გამო, რომ ამას ვერ წონიდა, ამიტომაც არ ვართ ამ შეთანხმების ნაწილი.

ყველაზე უფრო არასწორია, ერთი მხრივ, რაღაცაზე დათანხმება, შემდეგ კი პასუხისმგებლობის სხვებზე გადანაწილების მცდელობა. ეს უპატიოსნო და არაკორექტული პოზიციაა. კიდევ უფრო აღრმავებს ზიანს უნდობლობის თვალსაზრისით საზოგადოების მხრიდან ",-აცხადებს ბოკერია.

როგორც ბოკერია დასძენს, "ევროპული საქართველო" ფოკუსირებულია "ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილებაზე"

"საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ნაწილი, რის გამოც, ამ შეთანხმების ნაწილი არ ვართ, არის ის, რომ შესაძლოა, მეტ-ნაკლებად, ივანიშვილს გამოეყენებინა სასურველი შედეგისთვის, მძევლებით ვაჭრობის წარმატებისთვის. ეს ცუდი პრეცედენტია.

რაღაც მომენტში, ცუდი ვითარების მიუხედავად, ფურცელი უნდა დაიხუროს. ჩვენ, როგორც საზოგადოება უნდა ვფოკუსირდეთ ამ არასახარბიელო ვითარებიდან გამოსვლაზე, ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილებაზე, "ევროპული საქართველო" ამაზე აპირებს ფოკუსირებას", - აცხადებს ბოკერია.

კითხვაზე, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ხელშეკრულებაში გაწერილ ყველა წინადადებას შეასრულებს, ბოკერია პასუხობს: "ქართული ოცნებისგან" პირველ რიგში ყოველთვის ცუდის მოლოდინი მაქვს".

"ჩვენი გუნდისთვის მთავარი იყო ის, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ეს დოკუმენტი არ პასუხობდა იმ მოთხოვნებს, რაც სჭირდება ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოსვლის კარგი დასაწყისისთვის", -აცხადებს ბოკერია.

"ინტერპრესნიუსი"